დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

2018.12.20 12:39:34
დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა კირკიტაძისთვის წინასწარ პატიმრობას, ბრალდებულის ადვოკატი კი გირაოთი გათავისუფლება ითხოვდნენ.

სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. სასამართლოს მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები იცავენ.

მოძრაობა შეზღუდულია სასამართლოს მიმდებარე რამდენიმე ქუჩაზეც. პარალელურად სასამართლოსთან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და ლიდერები არიან შეკრებილები.

როგორც შსს-ში განმარტავენ, პოლიციის მობილიზება მოქალაქეთა უსაფრთხოების და წესრიგის დაცვას უკავშირდება. გუშინ უწყებამ ამის შესახებ განცხადებაც გაავრცელა.

დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად 19 დეკემბერს წარუდგინეს. კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იყო.