ვაჟა იორდანიშვილი: ტექდათვალიერებაგავლილი 130 000 ავტომობილიდან 40 000 უვარგისი აღმოჩნდა

2018.12.19 16:01:34
ვაჟა იორდანიშვილი: ტექდათვალიერებაგავლილი 130 000 ავტომობილიდან 40 000 უვარგისი აღმოჩნდა

„ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტექდათვალიერებაგავლილი 130 000 ავტომობილიდან 40 000 უვარგისი აღმოჩნდა.

მისივე თქმით, ხარვეზებიანი ავტომობილების 30% განმეორებით ინსპექტირებაზე აღარ მისულა. როგორც მან აღნიშნა, მძღოლითვის, რომელიც ტექდათვალირების ცენტრს 1 თვის განმავლობაში მეორედ ეწვევა, მომსახურება უფასოა. მანვე დასძინა, რომ შემოწმებაზე ერთხელ მისულ ავტომობილებს უმეტესად აქვს სამუხრუჭო სისტემების გაუმართაობის, გამონაბოლქვის, საჭის მართვის სისტემის პრობლემები.

„ეს მანქანები გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - აცხადებს იორდანაშვილი. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ტექდათვალიერებისას კორუფციის მექანიზმი მინიმუმამდეა დაყვანილი.

„როდესაც რეფორმა დაიწყო, მნიშვნელოვანი იყო პროცესის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა და კორუფციული რისკების შემცირება. ამ მიზნით რეგლამენტში შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიც არის მაგალითად, გამზომი ხელსაწყოების მიღება. გარდა ამისა მთლიანად პროცესი მიმდინარეობს 24- საათიანი ჩანაწერით, რომელიც 14 თვე ინახება. ეს გარკვეულწილად არის იმის პრევენცია, რომ კორუფციული რისკები მინიმუმადე იყოს დაყვანილი", - განაცხადა იორდანაშვილმა.

 

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით სულ 40 ინსპექტირების ცენტრია, რომელიც 46 ლოკაციაზეა. თბილისში კი 29 ინსპექტირების ხაზია განთავსებული. იორდანაშვილის ინფორმაციით, ამ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით, შესაძლოა, ტექინსპექტირების ცენტრი კიდევ დაემატოს.

 

2019 წლის პირველი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო ხდება.