„დავით კირკიტაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობაზე გადადის“ - ადვოკატი

2018.12.19 15:51:29
„დავით კირკიტაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობაზე გადადის“ - ადვოკატი

დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა კახეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, დავით კირკიტაძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რასაც კირკიტაძე არ აღიარებს და მშრალ შიმშილობას იწყებს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალდების კვალიფიკაცია არის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი. ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უცხოელი და სხვა უამრავი სტუმრის გამო პოლიციის მიერ მიღებული იქნა ზომები და გადაკეტილი იყო კონკრეტული მაგისტრალი, რის გამოც მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მჯდომ კონკრეტულ პოლიციელს, მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არის ბრალდების შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს მეორე დღეა, მტკიცებულებები დღეს გადმომეცა და აქ ძირითადად არის პოლიციელების ჩვენებები და სიუჟეტი, რაც მასმედიაში გავრცელდა. დაზიანებაზე საუბარი არ არის, მხოლოდ შეურაცხყოფა და პოლიციელზე თავდასხმაა ნახსენები. ბუნებრივია, დავით კირკიტაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობაზე გადადის“, – განაცხადა ადვოკატმა.