მთვარეზე აღმოჩენილია მღვიმე, რომელშიც შეიძლება ადამიანთა ბაზა დაარსდეს

2017.10.19 22:38:06
მთვარეზე აღმოჩენილია მღვიმე, რომელშიც შეიძლება ადამიანთა ბაზა დაარსდეს

ჰორიზონტზე ნამდვილად მოჩანს მთვარის სოფელი.

ადამიანისთვის მთვარეზე დიდხანს დარჩენა ზედმეტად სახიფათოა. მიზეზი რადიაციის ნაკადია, რასაც უდავოდ მოჰყვება მრავალი სახის კიბო. მთვარის პოტენციური მცხოვრებების კოსმოსური გამოსხივების მაღალი დოზისგან დაცვის ერთი გზაა ბაზის განთავსება მიწისქვეშ. ახლახან, მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ ერთ-ერთი ასეთი კომფორტული ადგილი მთვარის მარიუსის ბორცვების რეგიონში, ლავის მილში უნდა მდებარეობდეს. აშშ-ის პერდიუს უნივერსიტეტისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) მეცნიერებმა შეისწავლეს მთვარის ზედაპირის რადარული მონაცემები და სიმკვრივის მახასიათებლები, რათა გაერკვიათ სავარაუდო გეოლოგიური დეპრესიის ადგილმდებარეობა და დაედგინათ, გამოდგება თუ არა ის მთვარეზე სოფლის გასაშენებელ კანდიდატად. ლავის მილები მთვარეზეც იმდენად ბევრია, რამდენადაც დედამიწაზე. გამდნარი ქანების ნაკადები მთვარის ზედაპირზე სწრაფად ცივდებოდა და მყარდებოდა გარე ფენებში, შიგნით კი თხევადი რჩებოდა. ამის შემდეგ, იქ დარჩენილი ლავის თხევადი ნაკადი ნელ-ნელა გარეთ გამოედინებოდა და წარმოქმნიდა ღრუვს, სიცარიელეს. ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა მთვარე გეოლოგიურად აქტიური იყო, თუმცა მისი ზედაპირი დღემდე, მილიარდობით წლის შემდეგაც ინახავს იმ პერიოდში წარმოქმნილ ასეთ მახასიათებლებს. აღსანიშნავია, რომ ეს მილები უბრალოდ პატარა ნაპრალები როდია. მთვარის შედარებით სუსტი გრავიტაციის წყალობით, თეორიულად, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა იმხელაც იყოს, რომ ვულკანურ სახურავს წარმოქმნიდეს ქალაქის ზომის ბაზისთვისაც კი. ეს ყველაფერი სპეკულაციად რჩებოდა. მთვარის ზედაპირზე შემჩნეული ღრმა ხვრელები მარტივად შეიძლება იყოს ჩანგრეული მილები, მაგრამ ამ დრომდე ძალიან ცოტა რამ ვიცოდით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შორს შეიძლება ვრცელდებოდეს მიწისქვეშ მთვარის ასეთი მღვიმეები. „თუკი ოდესმე ვგეგმავთ მთვარეზე ბაზის აშენებას, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად მდებარეობს და რამხელებია მთვარის ლავის მილები“, — ამბობს იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მკვლევარი ჯუნიჩი ჰარუიამა. მთვარის ნათელ მხარეზე მდებარე რეგიონი, რომელსაც მარიუსის ბორცვებს უწოდებენ, ბუშტულებიანი ბლინივით გამოიყურება და ნამდვილად კარგი ადგილია ლავის მილების საძებნელად. მიწისქვეშა სამყაროს ერთი ასეთი ფანჯარა იაპონურმა სელენოლოგიურ-საინჟინრო მკვლევარმა (SELENE) შვიდი წლის წინ აღმოაჩინა და მას შემდეგ, მისი კვლევა აქტიურად მიმდინარეობდა. გიგანტური „კურდღლის სოროს“ არსებობა მოგვიანებით NASA-ს Lunar Reconnaissance Orbiter-მაც დაადასტურა, თუმცა ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი სტრუქტურის ღრმა ნაწილების შესახებ. ამჯერად, მკვლევრებმა SELENE-ის მონაცემებთან ერთად გამოიყენეს NASA-ს მისია Gravity Recovery and Interior Laboratory (GRAIL)-ის მონაცემები, მიმართეს ამ ზონის გრავიტაციულ მოდელებსაც, რათა გაერკვიათ ქანების სიმკვრივე და შესაბამისად, სავარაუდო მიწისქვეშა სიცარიელეების ადგილმდებარეობაც. „კარგად ვიცოდით მარიუსის ბორცვების ზედა ნაწილი, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა, თუ რამდენად შორს შეიძლებოდა ყოფილიყო გავრცობილი მღვიმეები მიწისქვეშ“, — ამბობს GRAIL-ისა და პერდიუს უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეი მელოში. „პერდიუს უნივერსიტეტის ჩვენმა ჯგუფმა ამ ზონის გრავიტაციის მონაცემები გამოიყენა, რათა დაგვედგინა, რომ ეს ხვრელი უფრო დიდი სისტემის ღია შესასვლელი იყო. შესაშური რადარული ტექნოლოგიების წყალობით, მათ განსაზღვრეს ამ სიცარიელეთა სიღრმე და სიმაღლე“. იმისათვის, რათა შესამჩნევი იყოს, მარიუსის ბორცვების ლავის მილი საჭიროა სიგრძეში აღწევდეს რამდენიმე კილომეტრს, სიმაღლესა და სიგანეში კი სულ მცირე ერთ კილომეტრს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დეტალები საკმარისი არაა გიგანტური ფარდების მიღმა არსებული სივრცის მოდელირების დასაწყებად, ნამდვილად იმედისმომცემი თავშესაფარია მოზრდილი კოლონიის დასაარსებლად. მთვარის ზედაპირზე ასტრონავტებს მაქსიმუმ სამი დღე აქვთ გატარებული. იმისათვის, რათა მთვარის ბაზაზე უფრო დიდხანს გაჩერება იყოს შესაძლებელი, მცხოვრებებს ესაჭიროებათ თავი დაიცვან პლაზმის აჩქარებული ნაცილაკებისა და ელექტრომაგნიტური რადიაციის დიდი ნაკადებისგან. კლდოვანი სახურავი საკმაოდ სქელი უნდა იყოს, რათა მნიშვნელოვნად შეამციროს დნმ-ის დამანგრეველი ამ ნაწილაკების ოდენობა. გარდა ამისა, ეს ყველაფერი ძალიან კარგი იქნებოდა გეოლოგიურ კვლევებისთვისაც, რაც გათხრებს მოითხოვს. „შევძლებთ ახალი ტიპის ქანების, სითბოს დინების და მთვარის ბიძგების მონაცემების ნიმუშების აღებას“, — ამბობს ჰარუიამა. ბოლო წლებში მთვარისადმი გაზრდილმა ინტერესმა მნიშვნელოვნად წაახალისა კერძო კოსმოსური კომპანიები და მთვარე მათ სასურველ სამიზნედ აქცია. მთვარეზე ადამიანების გაგზავნაზე საუბრობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც. აქედან გამომდინარე, უდავოა, რომ მთვარეზე ადამიანებს კვლავ ვიხილავთ უახლოესი ათი წლის განმავლობაში. ჰორიზონტზე ნამდვილად მოჩანს მთვარის სოფელი. მარიუსის ბორცვები შესაძლოა სულაც არ იყოს თვალწარმტაცი დანიშნულების ადგილი ამისათვის, მაგრამ მთვარის მღვიმეში ცხოვრება არც თუ ისე ცუდი უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ სხვა ალტერნატიული ადგილების რისკებს.