„გრიპის ვირუსი აპრილამდე გაგრძელდება“- პაატა იმნაძე

2020.01.14 14:28:50
„გრიპის ვირუსი აპრილამდე გაგრძელდება“- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე გრიპის ვირუსის გავრცელებასა და შედეგებზე საუბრობს. მისი განმარტებით, სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა არაა მიღებული ევროპის ქვეყნებში. ეს არის პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიცია, რომ გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ. იმნაძის თქმით, ბოლო დღეებში ამბულატორიულ დაწესებულებებში მიმართვიანობა მომატებულია, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ არის:

 

„დღეისათვის მიმართვიანობამ ამბულატორიულ დაწესებულებებში ოდნავ მოიმატა წინა კვირასთან შედარებით, რაც გასაგებია, რადგან 1-ელ და 2 იანვარს ძალიან მძიმედ თუ არ არის ადამიანი, არ მიმართავს კლინიკას და ამიტომაც საკმაოდ დაბალი იყო ეს მაჩვენებელი. ახლა არის 220-მდე 100 000 მოსახლეზე. ასევე, ჰოსპიტალიზაციაში მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებების წილი 3%-ით არის გაზრდილი, 22 იყო და ახლა 25-ია. შარშან ამ დროს კი დაახლოებით 40 იყო”, – განაცხადა იმნაძემ.

 

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში ისეთივე სიტუაციაა, როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში.

 

“გრიპი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე. ამ პერიოდში თუ სწავლას შევწყვეტთ, ისედაც პრობლემები გვაქვს ბავშვების განათლებაში და დაგვრჩებიან გაუნათლებლები. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ რეალური მეცნიერული საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ სწავლა შეწყდეს”, – რაც შეეხება გრიპის ვირუსის გამომწვევ მიზეზებს და გავრცელების საშიშროების საფრთხეებს, დაავადებათა ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი რეკომენდაციებს იძლევა და აღნიშნავს, რომ საჭიროა ვაქცინების გაკეთება.