როგორ მივხვდეთ, რომ ფსიქიკური დახმარება გვჭირდება

2019.10.08 12:16:53
როგორ მივხვდეთ, რომ ფსიქიკური დახმარება გვჭირდება

10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოც უერთდება და კვირეულის ფარგლებში 4-10 ოქტომბერს არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორ მივხვდეთ, რომ ფსიქიატრის დახმარება გვჭირდება და რას აკეთებს სახელმწიფო ამ მიმართულებით. ამ თემაზე სასაუბროდ „იმედის დილას“ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი, ფსიქიატრი დავით ზურაბაშვილი ეწვია.

 

„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით არის პრევენცია. თუ წელიწადში ორჯერ დავდივართ სტომატოლოგთან, რათა შევამოწმოთ, რა მდგომარეობაშია პირის ღრუ, რატომ არ შეიძლება წელიწადში ერთხელ გავიაროთ სპეციალური კონსულტაცია ფსიქიატრთან. ცხოვრების ტემპი დღეს ისეთი ჩქარია, რომ პრაქტიკულად ყველას - დიდებს თუ პატარებს - გვაწუხებს უძილობა, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სხვა რაღაცაში. გადაიზრდება თუ არა, ეს სპეციალისტის - ნევროლოგის, ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის კომპეტენციაა. თუ პრევენცია ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევებისთვის არსებობს მკურნალობის მეთოდები.

 

სკოლაში გვასწავლიან, რომ მაღალი სიცხის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს. ასევე სკოლის მაღალ კლასებში უნდა ასწავლიდნენ, რა კრიტერიუმების შემთხვევაში საჭიროებს ადამიანი ფსიქიკურ დახმარებას. ხასიათის გაფუჭება, ცვალებადობა, ემოციური არასტაბილურობა, უმადობა ან გაძლიერებული მადა, პირადი ჰიგიენის უგულებელყოფა - ეს არის ერთ-ერთი პატარა სიმპტომები, რომლებიც ცალცალკე შეიძლება ყველას გვქონდეს სიტუაციურად, თუმცა რამდენიმეს გაერთიანების შემთხვევაში ადამიანი კონსულტაციას საჭიროებს.

 

როგორ უნდა დავიცვათ თავი ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანისგან, თუ ის სპეციალურ დაწესებულებაში არ არის მოთავსებული? ადამიანი სოციუმში არ არის მარტო, მის ირგვლივ არიან ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები. ამაზე პასუხს აგებს ის, ვინც მის გვერდით არის ყოველდღიურად - მან უნდა შეატყობინოს ავადმყოფის შესახებ შესაბამის დაწესებულებას“, - აცხადებს დავით ზურაბაშვილი.

 

 

წყარო:imedinews