დაბინძურებული ჰაერი სუიციდისკენ მიდრეკილებას ზრდის

2019.09.26 14:14:54
დაბინძურებული ჰაერი სუიციდისკენ მიდრეკილებას ზრდის

ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება შესაძლებელია ბავშვებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, მათ შორის შფოთვისა და დეპრესიის დონის მომატებასთან იყოს დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

კვლევის მიხედვით, კონკრეტული დროის პერიოდში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ფსიქიატრიულ განყოფილებებში ვიზიტების რაოდენობის ზრდის მაპროვოცირებელია. 5-წლიანი კვლევის ფარგლებში მიღებულ შედეგებში წერია, რომ აქამდე ზრდასრული ადამიანების ფსიქიკაზე ჰაერის დაბინძურების გავლენის შესახებ მტკიცებულებები არსებობდა, თუმცა ბავშვების ფსიქიკაზე ჰაერის მავნე ნაწილაკების გავლენა შესწავლილი არ იყო.

 

კვლევა ჰაერში უმცირესი ზომის მყარი შეწონილი ნაწილაკების PM2.5.-ის ბავშვების ტვინზე ზემოქმედების შესწავლაზე იყო ორიენტირებული. ამ ნაწილაკებს ფილტვებში ღრმად შეუძლიათ შეღწევა და შემდეგ სისხლის მიმოქცევით სხვა ორგანოებში ხვდებიან. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ გაღიზიანება, ანთებითი პროცესები და რესპირატორული პრობლემები, ხოლო ამ ნაწილაკების გრძელვადიან ზემოქმედებას კიბოს და გულის შეტევის პროვოცირებაც შეუძლიათ.

 

ცინცინატის უნივერსიტეტმა და ცინცინატის ბავშვთა სამედიცინო ცენტრმა ფსიქიატრიული მიზეზებით ბავშვთა ვიზიტების რაოდენობა და მათ საცხოვრებელ არეალში PM2.5.-ის დონე შეადარეს ერთმანეთს. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ადგილებში სადაც PM2.5-ის დონე კონკრეტულ დღეს მაღალი იყო, იმავე დღეს ფსიქიატრიული მიზეზებით უფრო მეტი ვიზიტები ფიქსირდებოდა. ამასთან, ექიმთან სამედიცინო ვიზიტების შინაარსი უკავშირდება შიზოფრენიას, სტრესს, უიმედობის და სიცარიელის შეგრძნებას, ასევე სუიციდურ აზრებს. 

 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბავშვები რომელთა ოჯახების შემოსავალიც დაბალია და ჯანდაცვის მომსახურებაზეც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი, ჰაერის დაბინძურების გამო ფსიქიკური პრობლემების მიმართ უფრო მოწყვლადები არიან - ძირითადად კი სუიციდური აზრებისა და შფოთვის მიმართ. 

 

ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ შავი ნახშირბადის ნაწილაკები პლაცენტაში აღმოაჩინეს.

 

 

 

წყარო: იმედინიუსი