ხილის გამოწურული წვენები სიკვდილის რისკს ზრდის

2019.05.27 15:22:53
ხილის გამოწურული წვენები სიკვდილის რისკს ზრდის

ახალი ამერიკული კვლევის თანახმად, ხილის გამოწურული წვენები შესაძლოა სასიკვდილოდ მავნე იყოს. კვლევის შესახებ ინფორმაცია სამეცნიერო ჟურნალ Jama-ში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Stern-ი ავრცელებს.

ლინდსი კოლინის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამეცნიერო ჯგუფმა 13 440 ადამიანის მონაცემები გააანალიზა. კვლევის თემა იყო ადამიანის ორგანიზმზე შაქრის შემცველი გაზიანი გამაგრილებელი სასმელებისა და ახალგამოწურული ხილის წვენების გამოყენების გავლენა. 

 

შედეგად, მეცნიერები საგანგაშო დასკვნამდე მივიდნენ: ხილის წვენები ორგანიზმისთვის შესაძლოა გაზიან სასმელებზე უფრო მეტად საზიანო იყოს. მათი თქმით, დღის განმავლობაში დიდი ჭიქით (350 მლ) გამოწურული წვენი ნაადრევი სიკვდილის რისკს 24%-ით ზრდის. ამავე რაოდენობით გაზიანი სასმელი ნაადრევი სიკვდილის რისკს მხოლოდ 11%-ით ზრდის. 

 

ამ საშიში მონაცემების მიუხედავად, როგორც გერმანული გამოცემა წერს, კვლევაში გარკვეული ხარვეზებია. მაგალითად, ჩვეულებრივ ადამიანები დღის განმავლობაში 350 მლ წვენს არ სვამენ. ამასთან, გამოცემას მოჰყავს ჰოლანდიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, კვირის განმავლობაში 200 მლ წვენის მიღება კარდიოვასკულური დაავადებების რისკს ამცირებს. 

 

გარდა ამისა, გერმანული გამოცემის ცნობით, ხილის წვენში იმდენივე შაქარი და კალორიაა, რაც ტკბილ უალკოჰოლო სასმელში, თუმცა წვენში არსებული შაქარი ბუნებრივი წარმოშობისაა, განსხვავებით გაზიანი სასმელებისგან. 

 

 

წყარო: იმედინიუსი