საქართველოში წითელას გავრცელების მორიგი საფრთხეა

2019.03.18 12:23:05
საქართველოში წითელას გავრცელების მორიგი საფრთხეა

პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოში წითელას 2400 მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი  წითელას ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა. ოფიციალური ინფორმაციით, მწვავე ვირუსული დაავადების მატარებლები ძირითადად წლამდე და 15-დან 40 წლამდე ასაკის პაციენტები არიან.

 

"წითელაზე" მიმართვიანობის მზარდი ტენდენცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება. თუმცა, ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება აჭარის რეგიონშია. 

 

სპეციალისტთა განმარტებით, განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ის პირები, რომლებსაც არ გადაუტანიათ ეს დაავადება, გამოტოვებული აქვთ თუნდაც ერთი აცრა ან წითელას ვაქცინით არასოდეს აცრილან.

 

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. დაავადება ხასიათდება მაღალი ცხელებით და გამონაყარით, რაც სერიოზულ გართულებებს იწვევს. ვირუსის მატარებელ პიროვნებასთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

 

წითელა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა. წითელათი დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალნაირი გართულება, სიკვდილიც კი. ვაქცინაცია- წითელასგან დაცვის ერთადერთი გზაა.

 

 

წყარო:primetime