მეცნიერებმა სიბრმავის წინააღმდეგ გენური თერაპია გამოიყენეს

2019.02.19 11:41:38
მეცნიერებმა სიბრმავის წინააღმდეგ გენური თერაპია  გამოიყენეს

ოქსფორდელი ქალი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც სიბრმავის ყველაზე გავრცელებული ფორმის სამკურნალოდ გენური თერაპია გაიარა.

ქირურგებმა ჯანეტ ოსბორნის თვალში სინთეტიკური გენი შეიყვანეს. ეს არის პირველი მკურნალობა, რომელიც ასაკობრივი მაკულოდისტროფიის წინააღმდეგ გამოიყენეს.

დიდ ბრიტანეთში ეს დიაგნოზი 600 000-მდე ადამიანს აქვს. მათ უმრავლესობას მხედველობის სერიოზული დარღვევები აქვთ. 80 წლის ჯანეტ ოსბორნი 10 პაციენტიდან პირველია, რომელზეც გენური თერაპია გამოსცადეს.

მეცნიერების განმარტებით, სიბერის პარალელურად გენები, რომლებიც პასუხს აგებს თვალების დაცვაზე, შეფერხებით მუშაობს, რაც თავის მხრივ მხედველობის დაქვეითებას იწვევს.

გენური თერაპიისას თვალის უკანა ნაწილში კეთდება ინექცია, რომელიც სინთეტიკურ გენს შეიცავს და მეცნიერების მტკიცებით, სრულიად უვნებელია.