კიბოს სამკურნალო ახალი მეთოდის აღმოჩენისთვის ორ მეცნიერს ნობელის პრემია გადაეცა

2018.10.03 11:25:47
კიბოს სამკურნალო ახალი მეთოდის აღმოჩენისთვის ორ მეცნიერს ნობელის პრემია გადაეცა

2018 წელს მედიცინაში ნობელის პრემია ორ მეცნიერს - ამერიკელ ჯეიმს ელისონს და იაპონელ ტასუკუ ჰონზუს გადასცეს. მათ ონკოლოგიური დაავადებების ახალი თერაპია შეიმუშავეს. მეცნიერები დააჯილდოვეს ისეთი პრეპარატების გამოგონებისთვის, რომლებიც ხელს უშლის სიმსივნურ უჯრედებს წინააღმდეგობა გაუწიოს იმუნურ სისტემას.

 

რისთვის გაიცა პრემია?

წელს ნობელის პრემია გაიცა საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორების გამოგონებისთვის. ეს არის პრეპარატები, რომლებიც იმუნიტეტს სწრაფად ანადგურებინებს სიმსივნეს. ქიმიოთერაპია და მიზნობრივი (ტარგეტული) თერაპია ან პირდაპირ კლავს სიმსივნურ უჯრედებს, ან მათ მათსავე პროცესებში ჩარევით კლავს. იმუნურ თერაპიას არ გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო დამოუკიდებელი ეფექტი - ის ხელს უწყობს იმუნურ უჯრედებს სიმსივნის განადგურებაში. ინგლისურენოვან ლიტერატურაში ამ თერაპიის შესახებ წერენ, რომ ის „იმუნიტეტს მუხრუჭს აცლის“.   

 

იმუნური უჯრედი ცდილობს სიმსივნური უჯრედის გადაყლაპვას ან უბრალოდ მოკვლას, ის კი თავის მხრივ ეწინააღმდეგება: განსაკუთრებული მოლეკულების საშუალებით უკავშირდება იმუნურ სისტემას და „ითანხმებს“ მას შეწვიტოს მისი მოკვლის პროცესი. იმუნური თერაპია ამ „მოლაპარაკებებში“ ერთვება: ის ან ბლოკავს „მუხრუჭს“ (გარკვეულ საკონტროლო წერტილებს) იმუნური სისტემის უჯრედზე, ან ბლოკავს ცილებს (PD-L1) სიმსივნურ უჯრედზე, რომლებიც ხელს უწყობს იმუნიტეტისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

 

თუმცა, მუხრუჭიდან მოხსნას ზოგიერთ შემთხვევაში მოჰყვება ის, რომ იმუნიტეტი საკუთარ უჯრედებს უტევს. ეს გარკვეული თვალსაზრისით ჰგავს აუტოიმუნურ დაავადებებს და მნიშვნელოვანი პრობლემაა. ხშირი გვერდითი მოვლენებია - დაღლილობა, ხველა, პირღებინება, გამონაყარი, ქავილი, მადის დაკარგვა. მაგრამ იმუნოთერაპიის ზოგიერთი სქემით სერიოზული გვერდითი ეფექტები (სწორედ სერიოზული: დიარეა, ნაწლავის, ფილტვების ანთება და სხვა) ორიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას.

 

ამ თერაპიით რომელ ონკოლოგიურ დაავადებებს მკურნალობენ?

ეს გარკვეულ მარკერებზეა დამოკიდებული. იმუნოთერაპია - პირველი თერაპიაა, რომელსაც ინგლისელები უწოდებენ histology agnostic indications. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სიმსივნეში არსებობს გარკვეული მარკერები, საკონტროლო წერტილების (ანუ ახალი პრეპარატები) ინჰიბიტორების დანიშვნა კიბოს ლოკაციის მიუხედავად შესაძლებელი ხდება. მაგალითად, თუ არის მიკროსატელიტური არასტაბილურობა პემბროლიზუმაბის („კიტრუდუ“) დანიშვნა შეიძლება როგორც გლიობლასტომის (ტვინის კიბო), ასევე კუჭის კიბოს და სხვა სახის სიმსივნეების შემთხვევაში. სხვა საკითხია, რომ ის ძალიან იშვიათად წარმოიქმნება ამ სიმსივნეებში.

 

ბოლო წლებში ეს თერაპია გარღვევად იქცა. არის დაავადებები, რომელთა მკურნალობაც ძალიან რთულია. ესენია გლიობლასტომა, მელანომა, ფილტვის კიბო, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, კუჭის კიბო და სხვა. იმუნოთერაპიამ საგრძნობლად გააუმჯობესა ზოგიერთ ამ დაავადებასთან, კერძოდ მელანომასთან და ფილტვის კიბოსთან დაკავშირებული შედეგები. ბოლო მონაცემებით, ზოგიერთი ასეთი პაციენტი რამდენიმე წელი დაავადების სიმპტომების გარეშე ცოცხლობს.

 

მაგრამ ჯერჯერობით ასეთ თერაპიას იყენებენ მეტასტაზური სიმსივნეების წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ თავდაპირველად კვლევებში მონაწილეობენ პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, და მხოლოდ ამის შემდეგ ტარდება კვლევები და ჩვენებები ხშირად განზოგადდება ხოლმე ნაკლებად საიმედო სიტუაციებზე. დღეს უკვე ასეთ პრეპარატებს უნიშნავენ პაციენტებს მესამე სტადიის დროს, როგორც პოსტოპერაციულ თერაპიას მელანომას წინააღმდეგ.

 

მოკლედ, თუ სიმსივნეში გარკვეული მარკერებია ასე შეიძლება კიბოს ნებისმიერი ფორმის მკურნალობა - კუჭის, ფილტვის და ა.შ. ჯერჯერობით თერაპიამ საუკეთესო შედეგები მელანომის და ფილტვის კიბოს მკურნალობის პროცესში აჩვენა.

 

რა პრეპარატებია ეს და არის თუ არა საქართველოში?

ეს პრეპარატებია პემბროლიზუმაბი (კიტრუდა), ნივოლუმაბი (ოპდივო), იპილიმუმაბი (ერვოი) და ატეზოლიზუმაბი (ტეცენტრიკი).

 

საქართველოში მათგან რეგისტრირებული მხოლოდ ატეზოლიზუმაბია. თუმცა პაციენტებს, რომლებსაც ამ წამლების უცხოეთში შეძენის შესაძლებლობა აქვთ, ონკოლოგები მათ ინდივიდუალურად უნიშნავენ.

 

სამწუხაროდ, პრეპარატები ძალიან ძვირია. მათი გამოყენების შესაძლო სიხშირე კი განსხვავებული. ერთი გადასხმა რომელიმე ამ პრეპარატთაგან პაციენტს 7500 ლარიდან 15 ათას ლარამდე უჯდება. ექიმების თქმით წამლის ეფექტიანობის შეფასება მხოლოდ 4 გადასხმის შემდეგ შეიძლება და მკურნალობის კურსი შეიძლება 2 წელსაც (საშუალოდ 20-22 გადასხმა) გაგრძელდეს.   

 

საქართველოში სახელმწიფო დაზღვევა სიძვირის გამო ამ პრეპარატებით მკურნალობას ვერ აფინანსებს.