ტუბერკულოზი ყველაზე საშიში, მომაკვდინებელი დაავადება საქართველოში

2018.09.21 11:14:52
ტუბერკულოზი ყველაზე საშიში, მომაკვდინებელი დაავადება საქართველოში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტუბერკულოზს ყველაზე საშიშ მომაკვდინებელ ინფექციურ დაავადებად ასახელებს და მოუწოდებს ქვეყნებს, მასთან ბრძოლისთვის სასწრაფო ზომები მიიღონ.

 

ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაავადებასთან ბრძოლის გლობალური ძალისხმევაა, 2017 წელს ტუბერკულოზით 10 მილიონი ადამიანი დაავადდა და 1,6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად 2000 წლიდან გარდაცვალებისგან 5,4 მილიონი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, დაინფიცირების ახალი შემთხვევების კლება კი, 2% შეადგინა.

 

 

რაც შეეხება საქართველოს, როგორც „პირველთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში დაავადების გამოვლენის კლების ტენდენციაა და ეს ტენდენცია არის მდგრადი.

 

 

„2012-16 წლებიდან დაახლოებით 6%-ზე მეტი კლებაა ყოველწლიურად, მაგრამ 2017 წელს კლებამ 10% შეადგინა. 2017 წლის მონაცემით, 2927 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ახალი შემთხვევა დაახლოებით 2600-ია, დანარჩენი შემთხვევები განმეორებით ხასიათს ატარებს“,-აღნიშნავს ხონელიძე.

 

 

თუმცა ექსპერტი ამბობს, რომ „აბსოლუტურ ციფრებში თუ გადავითვლით მაინც დიდი ციფრია ასი ათას მოსახლეზე“.

 

 

მისი თქმით, სიკვდილიანობის კლების ტენდენციაც ფიქსირდება, რაც მკურნალობის ეფექტიანობას უკავშირდება. ირმა ხონელიძის განცხადებით, წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი 85%-ს შეადგენს.

 

 

მისი თქმით, „ძირითადი პრობლემას ტუბერკულოზის მართვაში, ისევე როგორც რეგიონში ე.წ. რეზისტენტული ტუბერკულოზია, რომელიც ერთი ან რამდენიმე სამკურნალო მედიკამენტის მიმართ მდგრადობას იჩენს. სწორედ ეს არის მსოფლიოში დიდი პრობლემა, ამიტომაც არის მისი დამარცხება ძალიან რთული. სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა ახალი მედიკამენტი, მაგრამ არის ორი მედიკამენტი, რომელიც უმკლავდება ტუბერკულოზის ამ ფორმას და ის ჩვენს ქვეყანაში 2015 წლიდან არსებობს და ამ ხნის განმავლობაში რეზისტენტული ტუბერკულოზის დამარცხება 32%-დან 57%-მდე გაიზარდა“,-განმარტავს ირმა ხონელიძე.

 

 

მისი თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც პროგრამულად პაციენტების ჩართვა დაიწყო და ამ დროიდან მკურნალობაში 500-ზე მეტმა პაციენტმა ჩაერთო.

 

 

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიზანია ყოველწლიური კლების ტენდენცია შენარჩუნდეს და მკურნალობის შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

 

 

ირმა ხონელიძის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამაში მოხვედრა პაციენტს ორი გზით შეუძლია.

 

 

„პროგრამაში მოხვედრა ხდება პედიატრთან მიმართვიანოთ, ეს იმ შემთხვევაში ხდება თუ პაციენტს ეჭვი გაუჩნდა ხანგრძლივი ხველების შემთხვევაში. ან მეორე გზაა, პირველადი ჯანდაცვის ქსელისთვის მიმართვა, როდესაც არსებობს გახანგრძლივებული ხველა ორი კვირის, ან მეტი ხნის განმავლობაში, დაბალი ტემპერატურა, ოფლიანობა. ამის მერე ხდება დიაგნოსტიკა ტუბერკულოზის დადასტურება, ან გამორიცხვა, შემდგომ მკურნალობაში ჩართვა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა და ეს ყველაფერი პაციენტისთვის მთლიანად უფასოა“,-განაცხადა ირმა ხონელიძემ.

 

 

გარდა ამისა, მისი თქმით, სახელმწიფოს შემუშავებული აქვს ე.წ. მონეტარული დახმარება - რეზიტენტული ტუბერკულოზის მქონე პაციენტებისთვის.

 

 

„თუ პაციენტი არ ჩააგდებს მკურნალობის კურსს და მიყვება დანიშნულებას ის ფულად დახმარებას იღებს, სოციალური დახმარების სახით, ყოველთვიურად დაახლოებით 100 ლარის ოდენობით, მკურნალობის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში. ასევე სახელმწიფო რეზიტენტული ტუბერკულოზის მქონე ადამიანებს ტრანსპორტირების თანხებს უნაზღაურებს,თუ მას სამკურნალო დაწესებულებაში ყოველდღიური მისლვა სჭირდება“,-განაცხადა ირმა ხონელიძემ.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დედამიწის ყოველი მეოთხე ადამიანი ტუბერკულოზის ინფექციის პოტენციური მატარებელია.