ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები და მკურნალობის ინოვაციური მიდგომები - კლინიკა ენმედიცის კონფერენცია ბათუმში

2018.07.19 13:05:09
ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები და მკურნალობის ინოვაციური მიდგომები - კლინიკა ენმედიცის კონფერენცია ბათუმში

13 ივლისს, სასტუმროში „Wyndham Batumi“ კლინიკა „ენმედიციმ“ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, თანამედროვე მიდგომების და ოპერაციების შესახებ კონფერენცია გამართა. 

კონფერენცია კლინიკა „ენმედიცის“ დირექტორმა, კობა ბურნაძემ გახსნა, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდნენ მედიცინის დოქტორი, პროფესორი ლევან რამიშვილი, ციტოლოგი ეკატერინე ბარაბაძე და სამედიცინო აპარატურის აპლიკაციის სპეციალისტი, ანა აფციაური. 

 

კონფერენციაზე  მოწვეულნი იყვნენ აჭარის რეგიონის ენდოკრინოლოგები, ზოგადი ქირურგები, ოჯახის ექიმები და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლები, რომლებსაც კლინიკა „ენმედიცის“ გუნდმა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემასთან ბრძოლის სამომავლო გეგმები გააცნო.

 

კონფერენციის მიზანი იყო აჭარის რეგიონში ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციების, ციტოლოგიური დიაგნოსტირებისა და ლაბორატორიული კვლევების თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება - ბოლო სამედიცინო მიღწევებსა და სტანდარტებზე მსჯელობა. 

 

„ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა ძალიან მწვავე საკითხია, რადგან გაზრდილია ამ მხრივ დაავადებული ადამიანების რიცხვი, როგორც ზოგადად საქართველოში, ისე კონკრეტულად - აჭარაში. 

მაგალითად: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას მეორე ადგილი უჭირავს ქალებში, მკერდის სიმსივნის სიხშირის შემდეგ“. - აღნიშნა მედიცინის დოქტორმა პროფესორმა ლევან რამიშვილმა.

კონფერენციაზე ასევე დეტალურად იყო განხილული ის ინოვაციური ქირურგიული მიდგომები, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლით დაავადებულ ადამიანს, საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეს. 

ქეთევან ბესელია, აჭარის რეგიონის ენდოკრინოლოგი: „თემები, რომელიც იქნა კონფერენციაზე განხილული არის ძალზედ აქტუალური და მწვავე, კლინიკა „ენმედიცის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ როგორ ხდება დღესდღეობით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების  კლასიფიკაცია, პრევენცია და მკურნალობა“ 

კლინიკა „ენმედიცი“ ხშირად მართავს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს და სწორედ ის სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც სრულად ხდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამოკვლევა, მკურნალობა და ქირურგიული გზით პრობლემების გადაჭრა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ პირობებში.