მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები- რა იწვევს ამნეზიას-?

2018.04.02 11:54:21
მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები- რა იწვევს ამნეზიას-?

მეხსიერება ტვინის ძირითადი ფუნქციაა.

 

ამა თუ იმ ქცევის განსახორციელებლად ადამიანი გამუდმებით სარგებლობს წარსულში მიღებული გამოცდილებით. შესაბამისად, გარემოში მიმდინარე ცვლილებათა დამახსოვრებისა და "დასწავლის" საშუალებით ჩვენ ცოდნის დაგროვების უნარი გვაქვს და ამ ცოდნას ვიყენებთ. ამრიგად, მეხსიერება წარმოადგენს ფენომენს, რომლის საშუალებითაც ხდება "დასწავლა". ამ გაგებით "დასწავლა" და მეხსიერება ერთმანეთისგან განუყოფელია. მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ცხოვრებისეული გამოცდილებითაა დაგროვილი. მეხსიერების დაკარგვა ადამიანის დეპერსონალიზაციას იწვევს და ადამიანთა შორის ურთიერთობას შეუძლებელს ხდის.

 

მეხსიერების დეფიციტი და დასწავლის უუნარობა აღინიშნება დაუნის სინდრომის, დისლექსიის, ალცჰაიმერის, ჰანტინგტონის და სხვა დაავადებათა დროს.

 

მუდმივად ცვლად გარემოში, ანუ განსხვავებულ სიტუაციებში ადეკვატური ქცევის განხორციელება მეხსიერების განსხვავებული ფორმების მონაწილეობით მიმდინარეობს. მიღებული გამოცდილების საფუძველზე ადამიანმა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სწრაფად, გაუაზრებლად მოახდინოს რეაგირება გამღიზიანებელზე, ხოლო სხვა შემთხვევაში გააანალიზოს, გაიაზროს ადრე აღქმული, მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს საპასუხო ქცევა. ნათელია, რომ

 

მეხსიერების განსხვავებული ფორმების რეალიზაციაში განსხვავებული ნერვული სტრუქტურები და მექანიზმები უნდა მონაწილეობდეს. ამგვარად, მეხსიერება, ფუნქციობის კანონზომიერებითა და ნერვულ-მოლეკულური მექანიზმებით, ურთულესი ფენომენია. მეხსიერების კლასიფიკაციაზე, მის დარღვევებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება კლინიკა "მედიჰელფის" ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ეკა დევიძე.

 

- ქალბატონო ეკა, ყველაზე ხშირად რომელ ნევროლოგიურ პრობლემებს ახლავს თან მეხსიერების დარღვევა და უმთავრესად რა სახისაა ეს დარღვევები?

- ვიდრე მეხსიერების დარღვევებზე გადავიდოდე, გეტყვით, რომ მეხსიერება თავის ტვინის უნარია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება, შენახვა, გადამუშავება და საჭიროების შემთხვევაში მისი გახსენება ანუ ზედაპირზე ამოტანა. რაც შეეხება ინტელექტს, ის ადამიანის განსჯის, შემეცნებისა და მსჯელობის უნარი გახლავთ. ინტელექტი სამ კომპონენტს მოიცავს - ცოდნის მოცულობას, შემეცნების უნარსა და აღმასრულებელ კონტროლს. მეხსიერება არ არის მარტივი ერთგვაროვანი სისტემა; ის თავის ტვინის ნეირონული სისტემების ერთობლიობას წარმოადგენს. კლინიცისტები მეხსიერებას ხანგრძლივობის მიხედვით სამ საფეხურად ყოფენ. მყისიერი ანუ მუშა მეხსიერება (მას ოპერატიულ მეხსიერებასაც უწოდებენ) გულისხმობს აქტიური დამახსოვრების გარეშე მცირე მოცულობის ინფორმაციის დაფიქსირებას დროის მცირე მონაკვეთში. ამ დროს არ ხდება ინფორმაციის შენახვა. ადამიანის მყისიერი მეხსიერება შვიდ სიმბოლოს იტევს. მაგალითად, ტელეფონის შვიდნიშნა ნომერს, ან შვიდ სიტყვას. ყურადღების სხვა საგანზე გადატანისას მყისიერ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია გვავიწყდება. შვიდზე მეტი ციფრის შემცველ რიცხვს სუპრამოცულობითი რიცხვი ეწოდება და მისი დამახსოვრება მეხსიერების აქტიურ მუშაობას მოითხოვს. მეხსიერების მეორე სახეა ხანმოკლე ანუ ფიქსაციური მეხსიერება, რომელიც გულისხმობს განსაზღვრული სიტყვების ან მოვლენების დაფიქსირებას და რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ მათ გახსენებას. მას, ასევე, უწოდებენ ახალი ინფორმაციის დასწავლის უნარს. ხანგრძლივი მეხსიერება ეწოდება მეხსიერებაში არსებული ცოდნის, ინფორმაციის გახსენების უნარს. ხანგრძლივ მეხსიერებას აქვს შეუზღუდავი მოცულობა და შეუძლია ინფორმაცია შეინახოს განუსაზღვრელად დიდხანს. ხანმოკლე მეხსიერებისგან განსხვავებით, აქ ინახება არა სენსორული ნიმუში, არამედ აზრობრივი ან შემთხვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ხანგრძლივი მეხსიერება გულისხმობს ფაქტობრივი ცოდნის გახსენების უნარს. მას სემანტიკურ მეხსიერებასაც უწოდებენ.

 

 

- ამნეზიის რა ფორმები არსებობს და უპირატესად როდის ვლინდება ისინი?

- ახალი ინფორმაციის დაფიქსირების შეუძლებლობას ანტეროგრადული ამნეზია ეწოდება, ხოლო ამ მწვავე ეპიზოდის წინ მომხდარი მოვლენების გახსენების შეუძლებლობას - რეტროგრადული ამნეზია. ამნეზიური სინდრომი წარმოადგენს მეხსიერების მეორე საფეხურის - ხანმოკლე მეხსიერების - ღრმა დაზიანებას. ამ დროს დაზიანებულია ან არ არსებობს დასწავლა ანუ ხანმოკლე მეხსიერება. პაციენტს შენარჩუნებული აქვს მყისიერი მეხსიერების მოცულობა, შორეული წარსულის ინფორმაციის გახსენების უნარი. მაგალითად, იხსენებს ბავშვობას, განათლებას (ხანგრძლივი მეხსიერება). ამნეზიური სინდრომის მქონე პაციენტები მუდმივად აწმყოში იმყოფებიან. მათ შესაძლოა IQ ტესტში მაღალი ქულა მიიღონ, მაგრამ სიტუაციის დასრულებიდან ხუთი წუთის შემდეგ ტესტის შესახებ ვერაფერი გაიხსენონ. ამნეზიურ სინდრომს ახასიათებს დეზორიენტაცია დროსა და სივრცეში, აგრეთვე - კონფაბულაციები ანუ ისეთი ინფორმაციის გამოგონება, რომელსაც ადამიანი არ ფლობს. ასეთ პაციენტებს შენარჩუნებული აქვთ სხვა უმაღლესი ქერქული ფუნქციები, რაც მათ დემენციის მქონე პაციენტებისგან განასხვავებს.

 

 

- თავის ტვინში მიმდინარე რა პათოლოგიურ პროცესებს ეფუძნება ძირითადად მეხსიერების ფუნქციის დაქვეითება და დარღვევა? იქნებ პოპულარულ ენაზე განუმარტოთ მკითხველს უჯრედულ დონეზე ნეირონებში მიმდინარე ის პათოლოგიური ძვრები, რომლებიც მეხსიერების დარღვევას იწვევს.

- ამნეზიურ სინდრომს განაპირობებს ტვინის იმ რეგიონების დაზიანება, რომლებიც ლიმბურ სისტემას ქმნის. ესენია საფეთქლის მედიალური სტრუქტურები, დიენცეფალონი და წინა ტვინის ბირთვები. ამ სტრუქტურების ორმხრივი დაზიანება ამნეზიურ სინდრომს იწვევს. ამნეზიურ სინდრომს იწვევს ზოგიერთი დაავადებაც, უმეტესად - თავის ტვინის ტრავმა. ქალა-ტვინის ტრავმებს რეტროგრადული ამნეზია ახასიათებს. საშუალო და მძიმე ტრავმის შემთხვევაში მეხსიერების დაზიანებას უმეტესად თან ერთვის ერთი ან რამდენიმე კოგნიტიური ფუნქციის დაზიანება, რაც ტრავმის მიზეზზე, დაზიანების მხარეზე, პრემორბიდში პიროვნების კოგნიტიურ და პერსონალურ ფაქტორებსა და ტრავმის შემდგომ დაწყებულ მკურნალობაზეა დამოკიდებული. ქალა-ტვინის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტრავმის შემდგომ ერთიდან სამ თვემდე პერიოდის განმავლობაში კოგნიტიური ფუნქციები უმეტესად უმჯობესდება. საშუალო ხარისხის ტრავმის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს პოსტკომოციური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს მეხსიერების დაქვეითება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, გაღიზიანებადობა, დეპრესია. ამნეზიური სინდრომის სახესხვაობაა კორსაკოვის სინდრომი. ის ვითარდება ალკოჰოლიზმის, თიამინის დეფიციტის პირობებში, შიმშილის დროს. კორსაკოვის სინდრომის დროს დაზიანებულია დასწავლა ანუ ხანმოკლე მეხსიერება, თუმცა შენარჩუნებულია მყისიერი მეხსიერების მოცულობა, ყურადღების დაძაბვის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია დიდი მოცულობის ინფორმაციაც აითვისოს. კორსაკოვის სინდრომის დროს რეტროგრადული ამნეზია კონფაბულაციებთან არის შერწყმული. ამ დროს ზიანდება დვრილისებური მორჩები და დორსომედიალური თალამუსი. მსგავსი სინდრომი ვითარდება ტვინის უკანა არტერიების აუზში განვითარებული თალამუსის ბილატერალური ინფარქტის შედეგად, რომელიც აზიანებს ჰიპოკამპურ მიდამოს, ნეიროინფექციების დროს (მარტივი ჰერპესული ენცეფალიტი), როდესაც ზიანდება ორბიტოფრონტალური და მედიალური საფეთქლის ქერქი. მეხსიერების დაქვეითებას შესაძლოა ჰქონდეს ფსიქოგენური ხასიათი. სერიალებში ხშირად გვხვდება ფსიქოგენური ამნეზიის სინდრომი. პაციენტს აღენიშნება პირადი ან ფსიქოგენური ტრავმა. ამ დროს ვითარდება რეტროგრადული ამნეზია, რომელიც დაკავშირებულია პირადი ინფორმაციის გახსენების უნართან. თუმცა ამ დროს შენარჩუნებულია გარე სამყაროდან ინფორმაციის აღქმა და რთული დასწავლილი დავალების შესრულება. ასეთ შემთხვევებში კოგნიტიური დარღვევები შექცევადი ხასიათისაა და ანტიდეპრესანტებით მკურნალობას ემორჩილება. ასთენიური სინდრომის არსებობისას პაციენტები უჩივიან მეხსიერების დაქვეითებას, გაძლიერებულ გულმავიწყობას და ინფორმაციის გადამუშავების შენელებას. ამ დროს მეხსიერების პირველადი დაზიანება არ ვლინდება და დახმარება დასწავლასა და აზრობრივი კავშირის მოძებნაში, ასევე კარნახი სიტყვის გახსენებისას ზრდის დამახსოვრების ეფექტურობას. ამნეზიური სინდრომის ერთ-ერთი სახეა ტრანზიტორული გლობალური ამნეზია. სინდრომი რამდენიმე საათიდან 24 საათამდე გრძელდება. ამ დროს არ ვითარდება ცნობიერების დაბინდვა, აფაზია (მეტყველების უნარის სრული ან ნაწილობრივი მოშლა), მხედველობით-სივრცობრივი დარღვევები. შეტევის განმავლობაში პაციენტს აღენიშნება როგორც ანტეროგრადული, ისე რეტროგრადული ამნეზია. ტრანზიტორული გლობალური ამნეზიის სინდრომის დროს ადამიანი უეცრად კარგავს მიმდინარე მოვლენების დამახსოვრების უნარს, უსასრულოდ კითხულობს, სად იმყოფება, ვერ აფიქსირებს მიღებულ პასუხს. შესაძლოა აღენიშნებოდეს კონფაბულაციები. ამნეზია ხანმოკლე და გარდამავალია, თუმცა არ არის გამორიცხული, დარჩეს მეხსიერების დეფექტი, რომელიც შეტევამდე არსებულ პერიოდს მოიცავს. სინდრომის ეტიოლოგია უცნობია, თუმცა არსებობს კავშირი საფეთქლის ეპილეფსიასთან, შაკიკთან, თავის ტვინის ტრანზიტორულ იშემიასთან ორმხრივად ან ცალმხრივად ჰიპოკამპის დონეზე.

 

იხილეთ სრულად: mkurnali.ge