ადამიანის კლონირება- ცხარე დისკუსიის თემა

2018.02.09 12:44:17
ადამიანის კლონირება- ცხარე დისკუსიის თემა

კლონირება - თანამედროვე ბიოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ცხარე დისკუსიის თემაა. 

 

 

იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ჩინელმა მეცნიერებმა, პირველად მსოფლიოში, შექმნეს პრიმატის კლონი იმ მეთოდით, რომლითაც მანამდე ცნობილი ექსპერიმენტის საშუალებით დედალი ცხვრის - დოლის კლონი შეიქმნა.

 

კლონირება რა არის?

კლონების მიღების ან ტექნოლოგიის პროცესი. კლონი ეწოდება ორგანიზმს, რომელიც გენეტიკურად მეორე ორგანიზმის იდენტურია ან თითქმის იდენტური. ერთკვერცხუჯრედიანი ტყუპები ერთმანეთის კლონია, რადგან ერთი და იმავე განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან გაჩდნენ. კლონებია მცენარეებიც, რომლებიც ვეგეტატიური გამრავლების გზით ჩნდებიან.

 

ბავშვები?

ბავშვი - თავისი მშობლების კლონი არ არის. თითოეული ადამიანის უჯრედებში გენების ორმაგი ნაკრებია: ერთი - მამისგან, მეორე - დედისგან. ჩასახვის დროს მამაც და დედაც შთამომავლებს თავიანთი გენების მხოლოდ ნაწილს გადასცემენ - თითოეული თითო ნაკრებს. ამასთან, დედის თუ მამის რომელი დუბლირებული გენები გადაეცემათ შთამომავლებს, ამას შემთხვევა განსაზღვრავს. გენების ვერსიები, რომლებიც მშობლებს აქვთ, ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ შთამომავლებიც განსხვავდებიან მშობლებისაგან. ბიოლოგიის და ევოლუციის თვალსაზრისით ეს კარგია, რადგან გენეტიკური მრავალფეროვნება იზრდება. რაც უფრო მრავალფეროვანია პოპულაცია, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ გარემო პირობების შეცვლის შემთხვევაში გენების გარკვეული კომბინაციების მატარებლები გადარჩებიან და შთამომავლებს დატოვებენ.

 

მაგრამ, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობის დარგში მრავალფეროვნება პრობლემების წყაროა. თუ ადამიანს უნდა მოაშენოს ერთი ჯიშის ცხოველი, რომელსაც რაღაც გამორჩეული თვისებები აქვს, ამ ცხოველის მიღება სქესობრივი გამრავლების გზით აუცილებლად სრულდება იმით, რომ შთამომავლების ნაწილი საწყისი ცხოველის  იდენტური არ არის და ცხოველების ნაწილს აუცილებლად დაიწუნებენ. კლონირება ამ პრობლემას მოაგვარებდა.

 

დოლი როგორ შეიქმნა?

აიღეს ცხვრის ცურის უჯრედი და ამ უჯრედის გენეტიკური მასალა “ჩასვეს” სხვა ცხვრისგან აღებულ კვერცხუჯრედში. ამასთან, ამ კვერცხუჯრედს თავისი გენეტიკური მასალა წინასწარ წაუშალეს. აღსანიშნავია, რომ ასეთი კომბინაციით მიღებულ კვერცხუჯრედს გააჩნდა გენების ორმაგი ნაკრები, ისეთივე, როგორიც ცურის უჯრედს. შესაბამისად, ასეთ კვერცხუჯრედს განაყოფიერება არ სჭირდებოდა. ეს კვერცხუჯრედი ჩასვეს მესამე ცხვრის საშვილოსნოში, რომელმაც ის მუცლით ატარა და გააჩინა დედალი ცხვარი - დოლი.

 

კლონი ორიგინალისგან რით განსხვავდება?

ერთკვერცხუჯრედიანი ტყუპი მაშინ ჩნდება, როდესაც განვითარებადი ემბრიონი ორ (ან ოთხ) ემბრიონად იყოფა და თითოეული შემდეგ დამოუკიდებლად ვითარდება დიდ ორგანიზმად დედის საშვილოსნოში. მთლიანობაში, კლონები ძალიან ჰგვანან ერთკვერცხუჯრედიან ტყუპებს, მაგრამ ისინი ერთდროულად არ იბადებიან, არამედ მათ სხვადასხვა დედები სხვადასხვა პერიოდით ატარებენ მუცლით და შეიძლება თავისი ორიგინალის ბიოლოგიური სიკვდილის მერეც დაიბადონ. კლონს გენეტიკური პროგრამის - დეენემის საფუძველზე ქმნიან, რომელიც ზრდასრული ან მკვდარი ორგანიზმის უჯრედშია.

 

ჩვენი სხეულის ყველა უჯრედი იმ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შთამომავალია, რომელიც ჩვენი ჩასახვის მომენტში წარმოიქმნა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სხეულის უჯრედები აბსოლუტურად იდენტურია. ყოველ ჯერზე, როდესაც უჯრედი იყოფა, მასში გენების - დეენემის მოლეკულების - ასლის გადაღება ხდება. ასლის გადაღების დროს ყოველთვის წარმოიქმნება შეცდომები, სახეცვლილებები - ისევე, როგორც ეს გრძელი ტექსტის გადაწერის დროს ხდება. ადამიანის ან, მაგალითად, ცხვრის უჯრედების გაყოფის დროს, შვილობილი უჯრედების დეენემში სპონტანურად ჩნდება დაახლოებით 50 ახალი სახეცვლილება (მუტაცია), რომელიც მშობლის უჯრედის დეენემში არ არსებობდა. ანუ ცურის უჯრედის გენები, რომლიდანაც დოლი მიიღეს, სინამდვილეში, არ იყო იმ კვერცხუჯრედის გენების იდენტური, რომლიდანაც დედამისი განვითარდა.

 

დოლის შემდეგ კიდევ ვისი კლონი შექმნეს?

თევზების, ბაყაყების, მღრღნელების (ვირთხების და თაგვების), ძაღლების და კატების, ღორების, ცხენების და ძროხების. 24 იანვარს ცნობილი გახდა პრიმატების - მაკაკების კლონირების შესახებ. მთლიანობაში, ამ პროცედურის გამოყენება ნებისმიერი ორგანიზმის მიმართ შეიძლება, უბრალოდ, ყველა კონკრეტულ შემთხევაში ძალიან დიდი დრო იხარჯება ოპტიმალური პირობების შერჩევაზე.

 

ადამიანის კლონის შექმნას როდის ისწავლიან? თუ უკვე იციან?

თავისთავად, ადამიანების კლონირებაში პრინციპული პრობლემები არ არის. თუ ასეთ ამოცანას დაისახავენ, საჭირო გახდება ცდების ოპტიმიზება იმ მიმართულებით, რომ ზრდასრული ადამიანის უჯრედების გენეტიკური მასალა დასვან გენეტიკური მასალის არმქონე კვერცხუჯრედზე. მაგრამ არსებობს გადაულახავი ეთიკური პრობლემები, ასევე პრაქტიკული სირთულეებიც, ამიტომ ადამინის კლონის შექმნა, სავარაუდოდ, გამორიცხულია.

 

წარმოვიდგინოთ, ტყუპები. მაგალითად, იმისთვის, რომ ერთ-ერთს მეორისგან ღვიძლი გადაუნერგონ ან რომელიმეზე ექსპერიმენტი ჩაატარონ იმ გათვლით, რომ მეორე (ანუ კლონი) დარჩება, პირველისგან ნებართვა უნდა აიღონ. მათ შეიძლება უარი თქვან, რადგან ინდივიდები არიან და ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც სხვა ადამიანებს. ასე რომ, თუ თქვენ საკუთარ კლონებს შექმნით, მას შემდეგ, რაც ისინი ადამიანებად ჩამოყალიბდებიან, მათაც ექნებათ თავიანთი მოსაზრება, მაგალითად საკუთარი ღვიძლის განკარგვაზე და ეს მოსაზრება თქვენი აზრისგან შეიძლება განსხვავდებოდეს. ამიტომ, ღვიძლთან, თუ ზოგადად ორგანოების წყაროსთან დაკავშირებული პრობლემა ის არის, რომ მეცნიერებმა არ იციან ცალკე ღვიძლის კლონის მიღება, თორემ ასეთ შემთხვევაში ეთიკური პრობლემები არ წარმოიქმნებოდა.

 

კლონირებულ ორგანიზმებს შთამომავლები შეიძლება ჰყავდეთ?

შესაბამისი პირობების დაცვის შემთხვევაში კლონირებული ორგანიზმები არაფრით განსხვავებულები არ იქნებიან ბუნებრივი გზით წარმოქმნილი ორგანიზმებისგან და შთამომავლებიც ეყოლებათ. სხვა საკითხია, თუ სრულად გამოირიცხება სქესობრივი გამრავლება და გამრავლების გზად მხოლოდ კლონირება დარჩება. ასეთ შემთხვევაში დროთა განმავლობაში კლონების თაობებში აუცილებლად დაგროვდება სახეცვლილებები, რომლებიც ორგანიზმის ადაპტაციის უნარს შეამცირებს. სქესობრივი გამრავლება (გენების კომბინაციების გაცვლა ახალი კომბინაციების შესაქმნელად) აუცილებელია სახეობათა მრავალფეროვნების და მდგრადობის შესანარჩუნებლად იმ ფონზე, როდესაც გარემო პირობები მოულოდნელად იცვლება.

 

რატომ ფიქრობენ, რომ კლონირება უნდა აიკრძალოს? რა საფრთხეს ქმნის ის?

სასოფლო-სამეურნეო ცხოველების კლონირება სახიფათო არ არის, ხოლო ტექნოლოგიის შესაბამისი განვითარების პირობებში, სავარაუდოდ, სასარგებლოცაა. პრობლემა ჩნდება მაშინ, თუ ვინმე ადამიანის კლონირებაზე დაიწყებს ფიქრს. ცხოველის შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა: შეიქმნა კლონი, გაზარდეს, შეჭამეს, მაგალითად, რაიმე ხორცის კერძი, თან ხარისხზეც არ მოუწევთ ნერვიულობა. ადამიანთა უმეტესობა ხომ, როგორც წესი, არ ფიქრობს, იყო თუ არა ძროხა, რომელიც მათი კერძის წყარო გახდა, ინდივიდი?

 

ადამიანები კი ადამიანებს აღიქვამენ ინდივიდებად. ინდივიდი კი ყალიბდება არამხოლოდ გენეტიკით, არამედ აღზრდითაც, დროით და ადგილით, სადაც ადამიანი დაიბადა და ჩამოყალიბდა, სხვადასხვა შემთხვევითი მიზეზებით და უამრავი ფაქტორით. ამიტომ ადამიანური კლონები ერთნაირი ინდივიდები ვერ იქნებიან (მაგალითად, ერთკვერცხუჯრედიანი ტყუპები გარეგნობით ერთმანეთს გვანან, მაგრამ უდავოდ განსხვავებულები არიან საკუთარი ცხოვრების გზებით, მიდრეკილებებით, სხვადასხვა თარიღით, ადგილებით და სიკვდილის მიზეზებით). ამიტომ, ჯერჯერობით ვიდრე არ არსებობს სახელმწიფო რეჟიმები, რომლებშიც ადამიანებს “კერძებად” გამოყენებენ, ადამიანების კლონირება საშიში არ არის. მაგრამ სახიფათო ხდება, თუ მსგავსი რეჟიმები შესაძლებელი გახდება.