როგორ ვებრძოლოთ კიბოს?

2018.02.05 16:21:43
როგორ ვებრძოლოთ კიბოს?

4 თებერვალს მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 

 

მისი მთავარი მიზანი ადამიანების ინფორმირება და ამ დაავადებასთან დაკავშირებულ არასწორ წარმოდგენებთან ბრძოლაა. 

 

კიბოს უჯრედები მართლა ყველა ადამიანს აქვს?

ადმიანების უმრავლესობას აქვს. მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ისინი კიბოს დაავადებად გარდაიქმნას. როგორც წესი, ცალკეულ უჯრედებს იმუნური სისტემა უმკლავდება. მაგრამ როდესაც ჩნდება სიმსივნე, იქ იმუნური სისტემა ხშირად უძლურია და მკურნალობა აუცილებელია.

 

შეიძლება კიბო ბრაზისგან და წყენისგან გაჩნდეს?

კიბო ძალიან ბევრი მიზეზის გამო შეიძლება გაჩნდეს. ცალკე ბრაზის და წყენის ფაქტორი არავის შეუსწავლია, მაგრამ კვლევებით ნამდვილად დადგენილია, რომ სტრესი ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. თუ ბრაზი და წყენა ადამიანში იწვევს სტრესს, მაშინ ამ ფაქტორმა დიდი ალბათობით შეიძლება გაზარდოს ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენის რისკი.

 

ხალი მართლაც სიმსივნური უჯრედია?

არა. ხალი - კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. სიტყვაში "კიბო" კი ავთვისებიანი უჯრედები იგულისხმება. ხალი თითქმის ყველა ადამიანს აქვს, ხოლო ავთვისებიანი წარმონაქმნები - არა. სხვა საქმეა, თუ ადამიანს კანზე რაიმე წარმონაქმნი არ მოსწონს და აშინებს. ასეთ დროს ყველა შემთხვევაში, თუნდაც სიმშვიდისთვის, მისი ექიმისთვის ჩვენება სასურველია.

 

კიბოს უჯრედები მართლაც უკვდავია?

არა. კიბოს უჯრედებს აქვს სიცოცხლის გარკვეული პერიოდი, ხოლო ამ უჯრედების მთავარი საფრთხე არის ის, რომ ისინი იყოფა, თანაც ხშირად და უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი უჯრედები. შესაბამისად, სიმსივნეები საკმაოდ სწრაფად ვითარდება, რაც ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის და ადამიანის სიკვდილსაც იწვევს. მაგრამ ცალკეულ კიბოს უჯრედს, რა თქმა უნდა, სიცოცხლის საკუთარი ხანგრძლივობა აქვს.

 

შეიძლება რომ კიბოს უჯრედი გაიყოს და დედისგან შვილს გადაეცეს?

სიმსივნე არ გადაიცემა, მაგრამ არსებობს განპირობებული ავთვისებიანი სიმსივნეები. ზოგჯერ ადამიანში შეიძლება მოხდეს გარკვეული მუტაციები, რომლებმაც გამოიწვიოს ავთვისებიანი სისმსივნეების წარმოქნა ოჯახებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი და იგივე კიბოს უჯრედი მემკვიდრეობით გადაიცემა. შვილებს გადაეცემათ გენების გარკვეული თანმიმდევრობა, რომელსაც უჯრედის ამა თუ იმ კლონის არასწორი განვითარება მოსდევს, რაც თავის მხრივ იწვევს სიმსივნის გაჩენას.

 

სიგარეტის ნაფაზის გარეშე მოწევა ტუჩის კიბოს აჩენს?

არა. სიგარეტი ძალიან ბევრი სიმსივნის გაჩენის რისკს ზრდის, მათ შორისაა ტუჩის, პირის ღრუს, ენის კიბო და ასე შემდეგ. ნაფაზის გარეშე მოწევის დროს, პირის ღრუსა და ხახაში უფრო მაღალი ტემპერატურა ჩნდება, რაც პროვოციორებას უწევს დამწვრობას და ოდნავ ზრდის კიბოს განვითარების რისკს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს უმცირდება ფილტვის კიბოს და ეზრდება ტუჩის კიბოს წარმოქმნის რისკი.

 

მართალია, რომ კიბოს უჯრედები "ტკბილით" იკვებება?

ყველა უჯრედს, მათ შორის კიბოს უჯრედებსაც, სჭირდება ენერგია. ამისთვის საჭიროა გლუკოზა, რომელიც ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედის ენერგიის საფუძველია. ამიტომ ასეთი მოსაზრება სამართლიანია ადამიანის ნემისმიერ უჯრედთან მიმართებით და არ არის სწორი, თითქოს კიბოს უჯრედს ტკბილი სჭირდება და სხვას - არა. ის თანაბრად სჭირდება ყველა უჯრედს. მაგალითად, ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანების მკურნალობისას, ექიმებს მათ ორგანიზმში გლუკოზა შიდავენურად შეჰყავთ.

 

ნიორი, ყავა, ლიმონი ან სოდა კიბოს უჯრედებს საფრთხეს უქმნის?

არსებობს კვლევები, რომლებმაც ექსპერიმენტების დროს აჩვენა, რომ გარკვეული ნივთიერებების შემადგენლობა აფერხებს ან აღკვეთს სიმსივნის ზრდას. ამ ნივთიერებებიდან ზოგიერთს შეიცავს მათ შორის ყავაც, ლიმონიც და ნიორიც. მაგრამ ამ დროს მთავარი ის არის, იღებს თუ არა ადამიანი მათ ზუსტად იმ რაოდენობით, რაც შედეგისთვის აუცილებელია. მაგალითად, ცნობილია რომ კოფეინი არტერიულ წნევას ზრდის, მაგრამ ადამიანებმა არ იციან რამდენი კოფეინი უნდა მიიღონ იმისთვის, რომ ერთი მხრივ წნევა იმდენად მაღლა არ აუვარდეთ, რომ გული გაუჩერდეთ, და მეორე მხრივ შეწყდეს სიმსივნის ზრდა. დღევანდელ დღეს სიმსივნის წარმოქმნაში ან მის შეჩერებაში კვების როლი მკაფიოდ განსაზღვრული არ არის. თითქოს, ექსპერიმენტებიდან ბევრი რამ ცხადია, მაგრამ ადამიანის ორგანიზმი ასე ცალსახად არ მუშაობს.

 

ზოგადად, სწორი კვება კარგია. ის ამცირებს ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნის რისკს. მაგრამ ადამიანს დღეში ათი ჭიქა ყავის დალევა დააზღვევს თუ არა კიბოსგან ეს ბოლომდე დადასტურებული არ არის, მაგრამ ცხადია ის, რომ ამდენი ყავა მას გულსისძარღვების პრობლემას შეუქმნის. სინამდვილეში, ადამიანები ხშირად სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იღუპებიან და არა ონკოლოგიისგან.

 

რაც შეეხება იმას, რომ სოდის შემადგენლობა კიბოს უჯრედებს კლავს, სეპციალისტების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ეს ფიქცია და მითია. რადგან ასე რომ იყოს, სოდით ყველა განიკურნებოდა.

 

კიბოს მკურნალობის დროს ოქროს იყენებენ?

ადრე კი, ახლა აღარ. ოქროს კიბოს მკურნალობისთვის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკისა და თერაპიის გარიჟრაჟზე იყენებდნენ. ახლა იყენებენ სხვა იზოტოპებს, რომლებიც ბევრად უფრო ეფექტიანია. ისინი უფრო იაფია, აქვს მეტი დადებითი ეფექტი და ნაკლები გვერდითი მოვლენები.

 

კიბო მხოლოდ სხივური თერაპიით იკურნება?

არა. ონკოლოგია - მრავალპროფილური დისციპლინაა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა დაავადებების ფორმებს და შესაბამისად მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებსაც. ამ დარგში მკურნალობის ყველა არსებულ ფორმას იყენებენ: ქირურგულ მკურნალობასაც, სხივურ თერაპიასაც და პრეპარატებით თერაპიის სხვადასხვა ვარიანტებსაც; არსებობს რადიოიზოტოპური მკურნალობა, როდესაც პაციენტის ორგანიზმში შიდავენურად შეჰყავთ იზოტოპები.

 

კიბო შეიძლება გადაგედოს?

ამის დამადასტურებელი არანაირი მონაცემები მეცნიერებს არ აქვთ. თუმცა სპეციალისტებმა დღეს დანამდვილებით იციან, რომ არსებობს გარკვეული ინფექციები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ხანგრძლივი არსებობის შემთხვევაში, ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნის რისკს ზრდიან. მათ ვირუს-ასოცირებულ სიმსივნეებს უწოდებენ.

 

ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბო დაკავშირებულია ადამიანის პაპილომის ვირუსით ინფიცირებასთან. და ეს სიმსივნე მხოლოდ იმ ქალებს უჩნდებათ, რომლებიც ამ ინფექციით არიან დაავადებულნი. ამიტომ კიბოს გადადების რისკი, როგორც ასეთი, არ არსებობს, თუმცა არსებობს გარკვეული ინფექციები, რომლებმაც მისი გაჩენის რისკი შეიძლება გაზარდოს.

 

რატომ ვერ ამარცხებს მედიცინა კიბოს?

ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ონკოლოგიურ დაავადებებს მხოლოდ ონკოლოგები ვერ გაუმკლავდებიან, მასთან ბრძოლაში მსოფლიო ძალისხმევაა საჭირო. პროცესიც მრავალფაქტორიანია, ამასთან სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა პრობლემაა. არის ქვეყნები, სადაც ექიმებთან გამოკვლევებზე სიარულის კულტურა დაბალია - ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ტრადიციული მედიცინისადმი უნდობლობის ფაქტორიც იყოს. არსებობს მითი იმის შესახებ, რომ კიბო უკურნებელი სენია, მკურნალობა ფაქტობრივად ვერ შველის და ადამიანი მაინც იღუპება, რაც აბსოლუტურად არასწორი შეხედულებაა. ამიტომ ხშირად პაციენტები ექიმებს დროულად არ აკითხავენ და კლინიკებში დაავადების ისეთ სტადიაზე მიდიან, როდესაც მათი განკურნება უკვე  შეუძლებელია. ზოგან არსებობს ექიმების არაპროფესიონალიზმის პრობლემა, ზოგან წამლების და საჭირო აპარატურის დეფიციტი და სხვა.

 

პროფილაკტიკისთვის ექიმს რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავესინჯო?

არსებობს სიმსივნეების ადრეულ ეტაპზე განსაზღვრის მეთოდი, შესაბამისად არსებობს შანსი იმისა, რომ დიაგნოზი დასწყის სტადიაზევე დაისმება. დღეს მედიცინა ნებისმიერი სიმსივნის პირველ სტადიას კურნავს, ყოველ შემთხვევაში, ყველა გავრცელებულ ფორმას. მაგალითად, ფილტვის, კუჭის, ნაწლავის, სარძევე ჯირკვლების, საშვილოსნოს ყელის კიბოს და ასე შემდეგ.

 

არსებობს სიმსივნეები, რომელთა დიაგნოსტირებაც ადრეულ სტადიაზე ძალიან რთულია. ასეთია კუჭქვეშა ჯირკვალის კიბო. ამასთან, ის ცუდადაც იკურნება. სისხლმბადი ქსოვილის სიმსივნეების დადგენა ადრეულ სტადიაზე საერთოდ შეუძლებელია, სამაგიეროდ ისინი კარგად იკურნება უკვე გავრცელებულ სტადიებზეც. 

 

მოკლედ, ადამიანის მხრიდან თავისი ჯანმრთელობის მიმართ უფრო პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა და რეგულარული გამოკვლევების ჩატარების პირობებში, იმ შემთხვევაშიც თუ არანაირი სიმპტომი არ არის, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

გარემო და ეკოლოგია კიბოთი დაავადაებაზე გავლენას ახდენს?

რა თქმა უნდა. თუ ადამიანი ცხოვრობს სახიფათო წარმოებასთან ახლოს, რომელიც გარემოში კანცეროგენებს აფრქვევს, ასეთი ადამიანის დაავადების რისკი მეტია. ასევე მაღალია მეგაპოლისებში მცხოვრები ადამიანების დასნეულების რისკი, განსხვავებით ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მცხოვრები ადამიანისგან.

 

რამდენად ძვირია დღეს ონკოთერაპია და რა სიახლეებია ამ დარგში?

ამ დარგში განვითარების პროცესი მუდმივია, თანაც ყველა მიმართულებით: ქირურგია, სხივური და მედიკამენტური თერაპიები. ჩნდება სიმსივნის საწინააღმდეგო სულ უფრო მეტი პრეპარატი. მაგალითად, 50 წლის წინ ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვების 80% იღუპებოდა, ახლა პირიქითაა - ბავშვების 80% იკურნება, თანაც სრულად. ახალი წამლების შექმნა, ტაქტიკის შეცვლა და მკურნალობის იდეოლოგია არის შედეგი იმის გაგებისა, თუ როგორ ვითარდება ონკოლოგიური დაავადება, როგორ მიმდინარეობს და რა მექანიზმებზეა საჭირო ზეგავლენა.

 

რაც შეეხება ღირებულებას, ბუნებრივია, ყოველი ახალი პრეპარატი წინაზე ძვირი ღირს. დღეს სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატის ფასი ძალიან მაღალია. წელიწადში ადამიანის მკურნალობა შეიძლება ასობით ათასი დოლარი დაჯდეს. ძალიან რთულია ისეთი ეკონომიკური მოდელის შერჩევა, რომელიც მკურნალობაზე ყველა აუცილებელი ხარჯის დაფარვას შესაძლებელს გახდიდა.

 

კიბოსგან განკუნებისთვის ყველაზე მოწინავე მეთოდებს რომელი ქვეყანა იყენებს?

ეს ბოლომდე კორექტული კითხვა არ არის. მეცნიერებას გეოგრაფიული საზღვრები არ აქვს. არ არსებობს ცალკე აღებული რომელიმე ქვეყნის მეცნიერება, არამედ არსებობს მსოფლიო მემკვიდრეობა. როდესაც, რომელიმე სამცნიერო ჟურნალში რაღაც ქვეყნდება, ყველა ის მეთოდი ცნობილი და ხელმისაწვდომი ხდება. და თუ საშუალება არსებობს, ექიმები მას იყენებენ პაციენტების მკურნალობისთვის. სხვაობა შეიძლება მოწინავე ტექნიკის და კომფორტის თვალსაზრისით იყოს. სპეციალისტების თქმით, უმრავლეს შემთხვევაში პრინციპულაი სხვაობა, მაგალითად გერმანიის, ისრაელის და თურქეთის კლინიკებში პაციენტების მკურნალობის მხრივ, არ არსებობს.

 

რა მთავარი რეკომენდაციები არსებობს?

პირველი რჩევაა ექიმთან მისვლა იმ დროსაც, როდესაც არაფერი გტკივათ და ყველა აუცილებელი გამოკვლევის ჩატარება. ქალებმა უნდა მიაკითხონ გინეკოლოგს და გამოიკვლიონ სარძევე ჯირკვლები, კაცებმა - წინამდებარე ჯირკვალი. ყველამ უნდა გამოიკვლიოს ფილტვი, მსხვილი ნაწლავი და კუჭი. მეორეც, როდესაც რაღაც შეგაწუხებთ, საჭიროა გადაუდებლად მისვლა შესაბამისი სპეციალობის ექიმთან. ამ მხრივ პრობლემები ძირითადად დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის ადამიანებს აქვთ. და მესამე, რაც ალბათ ყველაზე რთულია, მაქსიმალურად დაიცავით თავი მავნე ჩვევებისგან როგორებიცაა სიგარეტის მოწევა, ზედმეტი ალკოჰოლი, მავნე საკვები. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე და მათ შორის იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებსაც.