კლინიკა ენმედიცში ფარისებრი ჯირკვლის ტრანსორალური ოპერაცია წარმატებით ჩატარდა

2018.02.01 13:55:27
კლინიკა ენმედიცში ფარისებრი ჯირკვლის ტრანსორალური ოპერაცია წარმატებით ჩატარდა

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად იმატა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა.

 

მათ შორის, გაიზარდა იმ შემთხვევების რიცხვიც, როდესაც აუცილებელია დაავადების ქირურგიული მკურნალობა.

შესაბამისად იხვეწება და ვითარდება ქირურგიის ეს მიმართულება. ამის თვალსაჩინო მაგალითია კლინიკა ”ენმედიცი“-ში ფარისებრ ჯირკვალზე პირის ღრუდან მიდგომით ჩატარებული ოპერაცია. ასევე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია-„ფარისებრი ჯირკვლის ენდოსკოპიური ქირურგია-თანამედროვე მიდგომები“, რომელზეც ამ მიმართულებით არსებული თანამედროვე მეთოდები იყო განხილული.

როგორ იგეგმებოდა და რა შედეგით დასრულდა კანზე განაკვეთის გარეშე ჩატარებული პირველი ოპერაცია, რა იყო კონფერენციის დაგეგმვის მთავარი მიზანი, დაწვრილებით ამ თემებზე ონკოქირურგი, კლინიკა „ენმედიცი“-ს თავ-კისრის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი., ბატონი ლევან რამიშვილი, კლინიკა ენმედიცის გენერალური დირექტორის მოადგილე, ქალბატონი ხათუნა კეკელაშვილი და თურქეთიდან მოწვეული ქირურგი, მედიცინის დოქტორი, ეგეს უნივერსიტეტის პროფესორი, თურქეთის ენდოკრინულ ქირურგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, ბატონი  ოზერ მაქაი ინტერვიუში გვესაუბრებიან.

 

ბატონო ლევან, რა უპირატესობა აქვს ფარისებრ ჯირკვალზე პირის ღრუდან მიდგომით ოპერაციას ტრადიციულ მეთოდთან შედარებით?

-აღნიშნული მეთოდი არის ახალი და სულ რაღაც რამდენიმე წელია, რაც დაინერგა მსოფლიოში. ეს მეთოდი მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობას ენდოსკოპიური მეთოდით, პირის ღრუდან მიდგომით. მისი უპირატესობა ის არის, რომ ფარისებრ ჯირკვალთან მიახლოება და ოპერაციის ჩატარება კანზე განაკვეთის გარეშეა შესაძლებელი და პირის ღრუდან ვესტიბიულარულად ხდება დაზიანებული ორგანოს ამოკვეთა. ესთეტიური თვალსაზრისით ახალგაზრდა პაციენტებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

გარდა ამისა, ეს პროცესი ნაკლებად ტრამვირებადია და პოსტოპერაციული რეაბილიტაციისთვის ნაკლებ დროს საჭიროებს.

 

როგორ დაიგეგმა საქართველოში ამ ოპერაციის ჩატარება?

-ჩვენი გუნდი არ ჩქარობდა ამ ოპერაციის განხორციელებას. მოლაპარაკებები თურქულ მხარესთან და თავად მზადების პროცესი დაახლოებით 6-7 თვეს გაგრძელდა. არა ერთხელ ვიყავით ვიზიტით იზმირში, ეგეს უნივერსიტეტში და იქაურ კოლეგებთან ერთად ბევრი ვორქშოპი გაიმართა ამ თემასთან დაკავშირებით.

მთლიანად გადამზადდა სამედიცინო გუნდი და ჩვენი თურქი კოლეგების დახმარებით გაკეთდა ეს უმნიშვნელოვანესი ოპერაცია. მომავალში ეს პროცესი უკვე მხოლოდ ქართველი ექიმების მონაწილეობით გაგრძელდება.

 

როგორი იყო თქვენი მოლოდინი და რა შედეგით დასრულდა ოპერაცია?

-ოპერაციამ ჩაიარა წარმატებით, გართულებების გარეშე. პაციენტი გახლდათ ახალგაზრდა, 32 წლის ქალბატონი, რომელიც, შემიძლია გითხრათ კმაყოფილი და ძალიან ბედნიერია, რომ ეს ოპერაცია ჩაიტარა.

 

ქალბატონო ხათუნა, რამდენად კმაყოფილი ხართ კლინიკა ,,ენმედიცის’’ გუნდის მუშაობით ?

-ჩვენმა გუნდმა იმუშავა ძალიან მაღალ დონეზე იმისთვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებულად ჩატარებულიყო და თვალსაჩინოდ ყოფილიყო გამოტანილი ამ კონფერენციაზე ფართო საზოგადოებისთვის განსახილველად. ჩვენმა კლინიკამ საკმაოდ დიდი მოსამზადებელი სამუშო ჩაატარა - გადამზადებულ იქნა სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი, ტრენინგებისა და ვორქშოპების მეშვეობით, როგორც ჩვენთან კლინიკაში, ასევე საზღვარგარეთ. ბატონი ლევანი მეთოდის დასაუფლებლად არაერთხელ იმყოფებოდა ეგეს საუნივერსიტეტო კლინიკაში. შევიძინეთ სპეციალური აპარატურა, დავნერგეთ ახალი ტექნოლოგიები. ჩვენი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და ორგანიზებულობა, განსაკუთრებულად აღინიშნა ჩვენი სტუმრების მიერ. მაღალი შეფასება დაიმსახურა ზოგადად კლინიკამაც, როგორც ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების, ასევე კადრებისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

რა იყო კონფერენციის დაგეგმვის მთავარი მიზანი ?

-როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მკვეთრად იმატა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა. ამასთანავე, დროის ცვლილებასთან ერთად იხვეწება ტექნიკა და ტექნოლოგიები. ბოლო წლებში სულ უფრო ფართოდ ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიის ენდოსკოპიური  მეთოდები ანუ ოპერაციები, როდესაც კანზე განაკვეთი არის მინიმალური. ამ მეთოდებში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ტრანსორალური მიდგომა, როდესაც კანზე განაკვეთი საერთოდ არ არსებობს. სწორედ ეს ოპერაცია გაკეთდა ჩვენს კლინიკაში.  ოპერაციის მიმდინარეობა პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა ჩვენი კლინიკის საკონფერენციო დარბაზში და მას ჩვენი ექიმები და პაციენტის ნათესავები ადევნებდნენ თვალს. 

კონფერენციის დროს კი წარმოდგენილი იყო ვიდეოფილმი ჩვენს კლინიკაში წინა დღეს ჩატარებული ოპერაციის შესახებ, რომლის ჩვენებისას პარალელურ რეჟიმში ახსნა-განმარტებებს ქირურგი-ოპერატორი იძლეოდა. ხოლო ფილმის დასრულების შემდეგ პირდაპირ ეთერში კლინიკიდან ჩაერთო პაციენტი, რომელმაც საკუთარი შეგრძნებები და შთაბეჭდილებები თავად მოახსენა დამსწრეებს. 

უნდა ითქვას, რომ ახალი მეთოდების შესახებ ჩვენს ქვეყანაში არსებობს ინფორმაცია, ზოგიერთი ოპერაცია ჩატარებულა კიდევაც, მაგრამ ასეთი დეტალური, თვალსაჩინოდ წარმოდგენილი და ახსნილი, ვფიქრობთ, ძალზე საინტერესო უნდა ყოფილიყო სპეციალისტებისთვის. 

სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია და ეს იყო მიზანიც - მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის. მით უმეტეს, რომ ჩვენი კლინიკა უახლოეს მომავალში აპირებს დანერგოს ეს მეთოდები.

 

როგორი იყო კონფერენციაზე დამსწრეთა ინტერესი და შეხედულება ამ ოპერაციის მიმართ?

-კონფერენციას ესწრებოდა 200-მდე ადამიანი. მათ შორის არიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ენდოკრინოლოგები, ონკოლოგები, ქირურგები, რადიოლოგები, ციტოლოგები, მორფოლოგები, გენეტიკოსები. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომამადგენლები ელჩის ხელმძღვანელობით, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) წევრები.

დამსწრეთა ინტერესი იყო ძალიან მაღალი. დაისვა ბევრი შეკითხვა და გაიცა ამომწურავი პასუხები.

 

როდიდან იგეგმება ამ მეთოდის დანერგვა კლინიკა ,,ენმედიცში’’?

-ამ მეთოდის დანერგვა კლინიკაში იგეგმება უახლოეს მომავალში. გაგრძელდება თანამშრომლობა ეგეს უნივერსიტეტთან იგეგმება ამ და სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებაც.

 

ბატონო ოზერ, რამდენად კმაყოფილი ხართ ქართულ მხარესთან თანამშრომლობით?

-ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, კერძოდ ენმედიცის კლინიკასთან. ტრანსორალური მეთოდი არის სიახლე მსოფლიოში და ჯერ კიდევ არ არის ფართოდ დანერგილი ბევრ ქვეყანაში. მას აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები და ბევრი სხვადასხვა  ფაქტორია გასათვალისწინებელი.

საქართველოში ჩატარებული ოპერაცია ნამდვილად იყო წარმატებული. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთელ გუნდს, ქართველ ქირურგებს, ექთნებსა და დამხმარეებს მათი გაწეული შრომისთვის.

 

ავტორი: ნათია ზარიძე