ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები გადაარჩენს სიცოცხლეს

2017.12.27 14:07:38
ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები გადაარჩენს სიცოცხლეს

„პირველი ოპერაცია, რომელსაც ახალდაბადებულს უკეთებენ, არის ჭიპლარის მოჭრა, მისი მოცილება მომყოლისაგან. ამიტომაა ეს პროცედურა ხალხის თქმაში ბავშვის დაბადების, ამქვეყნად გაჩენის დროის აღმნიშვნელიც“ ( „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი; თ. სახოკია). 

 

 

და არა მარტო....უკვე მეცნიერულად დადგენილი ფაქტია, რომ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები ადამიანის სიცოცხლეზე მომავალშიც ზრუნავს. თუმცა, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ  მშობლები გადაწყვეტენ შვილის მომავალი, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შენახვითაც უზრუნველყონ. დაზღვეული არავინ არაფრისგან არის, რა ვიცით რა ხდება, ეს უნიკალური უჯრედები კი მომავალი საფრთხეებისგან თავდაცვის საუკეთესო საშულებაა -  დარწმუნებით აცხადებენ თანამედროვე სწავლულები, რადგან ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებით, ძვლის ტვინის მსგავსად, უკვე არაერთი უმძიმესი დაავადების დამარცხებაა შესაძლებელი. მათ შორისაა ლეიკემია, ლიმფომა და სხვა ონკოლოგიური დაავადებები. მეტიც, ამბობენ, რომ  უჯრედული თერაპიისთვის დონორის ძვლის ტვინზე უფრო ეფექტური და  უსაფრთხო ალტერნატივა ჭიპლარის სისხლია. ალბათ, ამიტომაც, დღეს მთელ მსოფლიოში ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შენახვის  ბუმია – ნმშობლები  ახალდაბადებული ჩვილების  ჭიპლარის სისხლს ინახავენ, რათა  მომავალში შვილები სხვადასხვა დაავადებებისგან დააზღვიონ. ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ში ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები უკვე 20 000-ზე მეტ ადამიანს წარმატებით გადაუნერგეს. 

 

საქართველოში ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შენახვა ბანკ „ჯეოქორდში“ (სამედიცინო დირექტორი გოჩა შათირიშვილი) მსოფლიო სტანდარტებით ხდება. ბანკში უკვე ათასობით ახალშობილის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედი ინახება. „ჯეოქორდი“ კერძო ბანკია (საქართველოში ღეროვანი უჯრედების საზოგადოებრივი ბანკი არ არსებობს- რედ.) და იქ შენახული ჭიპლარის სისხლი გამოიყენება როგორც თავად მფლობელისთვის, ისე მისი დედმამიშვილისთვის  და მშობლისთვისაც, იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია და დონორი ვერ მოიძებნა. აღდგენით მედიცინაში ძირითადად საკუთარი ჭიპლარის სისხლი გამოიყენება, ტრანსპლანტაციურ მედიცინაში კი - საკუთარი ან დედმამიშვილის. 

 

ჭიპლარის სისხლი მშობიარობის შემდგომ პლაცენტიდან (მომყოლი) სპეციალურ პაკეტებში გროვდება. ჩვეულებრივ, შეგროვებული სისხლის რაოდენობა 40 -140 მლ შორის მერყეობს. აღნიშნული პროცედურა სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ისე  ახალშობილისთვის. ჭიპლარის სისხლი მდიდარია ორგანიზმის მუდმივი განახლებისათვის საჭირო ღეროვანი უჯრედებით და  სწორად შენახვის შემთხვევაში (ინახება თხევადი აზოტის სპეციალურ რეზერვუარებში, მინუს 196 გრადუს ტემპერატურაზე) ღეროვანი უჯრედები არ ზიანდება. ვარგისიანობის ვადა, პრაქტიკულად, განუსაზღვრელია. 

 

საქართველოში იმ მშობელთა რიცხვი, ვინც საკუთარი შვილის ჭიპლარიდან აღებულ სისხლს ბანკში ინახავს, ყოველწლიურად იზრდება.  ფასი გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მაგალითად, ევროპაში დაახლოებით 3.000 ევრო ჯდება, ამერიკაში - 5.000 დოლარი, ჩვენთან კი -  780 ევრო (შესაბამისად ლარში) პირველ წელიწადს, ყოველ მომდევნო წელიწადს კი ღეროვანი უჯრედების შენახვა 100 ევროა. 

 

აღსანიშნავია, რომ „ჯეოქორდი“ ჭიპლარის სისხლის მსოფლიო ასოციაციის წევრია.  ასოციაციის  პრეზიდენტი ჯოან კურცბერგი გახლავთ. იგი პიონერია ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენებაში - 1988 წელს მსოფლიოში პირველი ჭიპლარის სისხლის გადანერგვა მისი მონაწილეობით განხორციელდა. ამჟამად კურცბერგი აქტიურად იკვლევს  როგორც საკუთარი, ასევე დედმამიშვილების და არამონათესავე დონორების ჭიპლარის სისხლით მკურნალობის ეფექტურობას ცერებრული დამბლის და აუტიზმის დროს. შედეგი ძალზედ მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია. სხვათა შორის, ჩვილების ჭიპლარიდან აღებული სისხლის და მისგან დამზადებული ღეროვანი უჯრედების სამკურნალოდ გამოყენების ფაქტი საქართველოში უკვე ორჯერ დაფიქსირდა. და ორივე შემთხვევა აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ეხება. შეიძლება ითქვას, რომ კურცბერგის კვლევებს „ქართული გამოცდილებაც“ მაქსიმალურად ამყარებს, რადგან მეთოდი სრულიად უსაფრთხო და ეფექტური აღმოჩნდა, შედეგი - დადებითი და იმდენად თვალსაჩინო, რომ,  როგორც შევიტყვეთ, მშობლების თანხმობის შემთხვევაში მოხდება ვიდეოჩანაწერების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.  

 

აშშ-ში, დიუკის უნივერსიტეტის კლინიკაში ამერიკელმა ექიმებმა დაიწყეს საკუთარი ჭიპლარის სისხლის გამოყენება გულის თანდაყოლილი მანკების სამკურნალოდ. ასევე   წარმატებით გამოიყენება:  ინსულტის, ინფარქტის, დიაბეტის, ღვიძლის უკმარისობის სამკურნალოდ.... მომავალში დაგეგმილია ისეთი დაავადებების სამკურნალო მეთოდების შემუშავება, როგორებიცაა: ავთვისებიანი სიმსივნეები, პარკინსონის დაავადება, ზურგის ტვინის დაზიანებები, ჭიპლარის სისხლით თავის ტვინის ტრავმების მკურნალობა..

 

ქართული ანდაზის არ იყოს, „ავადმყოფობა ბევრია, ჯანმრთელობა კი - ერთი“. და ეს ჯანმრთელობა, თურმე, დიდწილად  ჩვენივე ჭიპლარის „ხელშია“....

 

 

 

ავტორი: თამარ ოთიაშვილი