როგორ დავიცვათ შვილები ვერაგი სიმსივნისგან- სკრინინგ ცენტრის პროფესორი

2017.09.07 13:18:41
როგორ დავიცვათ შვილები ვერაგი სიმსივნისგან-  სკრინინგ ცენტრის პროფესორი

 სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რემა ღვამიჩავა საუბრობს თუ როგორ შეგვიძლია ამ ვერაგი დაავადების თავიდან არიდება.

 

- ბოლო დროს ექიმებისგან ხშირად გვსმენია, რომ კიბო აღარ არის განაჩენი... არადა აშკარად ვხედავთ, რომ ამ სენს თითქმის ვერავინ გადაურჩა. გაგვიმარტეთ, რას გულისხმობენ ექიმები ფრაზაში, "კიბო აღარ არის განაჩენი".

- ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება ნამდვილად არ არის სასიკვდილო განაჩენი. ეს გახლავთ სერიოზული დაავადება, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას სახვადასხვა მეთოდით ან უხშირესად მათი კომბინირებული გამოყენებით (ქირურგია, რადიოთერაპია და მედიკამენტოზური თერაპია). დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი კიბო სრულად განკურნებადია ისევე, როგორც უმეტესი სხვა დაავადება, ხოლო დაავადების გავრცელებულ სტადიაზე გამოვლენისას განკურნების შანსი ნებისმიერი დაავადების დროს მეტად მცირეა. სამწუხაროდ დღემდე კიბო არის ის დიაგნოზი, რომელსაც პაციენტს ოჯახის წევრები არ უმხელენ. ამ დიაგნოზს უმალავენ ახლობლებს და კოლეგებსაც. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის გარშემო ბევრი განკურნებული ონკოპაციენტი ცხოვრობს, რომელთა რეალური დიაგნოზი და მათი განკურნების ფაქტი მხოლოდ უახლოესმა გარემოცვამ იცის. ისინი კი, გასაგები მიზეზების გამო, ამ ფაქტს არ ასაჯაროებენ.

 

- ბევრი გახმაურებული შემთხვევა გვახსოვს, როცა სიმსივნით დაავადებულები თურქეთის, ისრაელის, გერმანიის კლინიკლებში გადაჰყავთ... რა უპირატესობები აქვთ ამ კლინიკებს საქართველოსთან შედარებით, ჩვენ რატომ ვერ ვეხმარებით ამ ადამიანებს, რა არის ამის კონკრეტული მიზეზი და რაში ჭირდებათ ქართველ სპეციალისტებს დახმარება?

- ბევრი ევროპული ქვეყნიდანაც მიემგზავრებიან პაციენტები სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ. საქართველოში კი ასეთი ვითარება გვაქვს: ჩვენთან სხვადასხვა მიზეზის გამო ონკოპათოლოგიის მკურნალობა ბევრ სხვადასხვა კლინიკაზე გადანაწილდა. (ჩემი მონაცემებით დღეს საქართველოში ონკოპათოლოგიის მკურნალობის ნებართვა გააჩნია 80-ზე მეტ დაწესებულებას). არადა ონკოპაციენტების მკურნალობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მულტიდისციპლინურ მიდგომას - როცა ონკოლოგიის ყველა მიმართულება თავმოყრილია ერთ დაწესებულებაში და ამ მიმართულების სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ წლების განმავლობაში. ჩვენთან იყო ასეთი მძლავრი ონკოლოგიური ეროვნული ცენტრი (პროფ. ა.ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ცენტრი), რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ყურადღების გამო დღეს დასუსტებულია. პარალელურად, საქართველოში ნელ-ნელა განვითარდა სხვა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც დაიწყო ონკოპაციენტების მკურნალობა. მათი ტექნიკური ბაზის თანამედროვე აღჭურვის მიუხედავად, თითოეული მათგანი სპეციალიზირებულია ონკოდაავადებათა მხოლოდ გარკვეული პათოლოგიების მკურნალობაზე. ჩემი მოსაზრებით კი სახელმწიფოს მხარდაჭერით ერთი მოთავე დაწესებულება უნდა გაძლიერდეს. საქართველოს ფარგლებს გარეთ არაერთი ასეთი სერიოზული სამედიცინო დაწესებულება მუშაობს, რომლებსაც ონკოპაციენტების მკურნალობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. 

 

- რით არის გამოწვეული ის გარემოება, რომ ადამიანები ძირიადად, ბოლო სტადიაში იგებენ დაავადების შესახებ. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა როგორ უნდა იყოს მოწყობილი, რომ დროულად გამოვლინდეს საშიში დიაგნოზი? 

- ამ კუთხით გადამწყვეტი როლო ეკუთვნის სახელმწიფოს. ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესის ფართო პროპაგანდა. სადღეისოდ ეს მიმართულება მეტად სუსტად ვითარდება. სახელმწიფოს ხელეწიფება ის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი გახდეს პრესტიჟული და ადამიანებისათვის პრაგმატული კუთხით მეტად მომგებიანი. ამ მიმართულებით არ არის საჭირო რაიმე სიახლის გამოგონება. ეს პროცესი მეტად განვითარებული და დახვეწილია ბევრ ქვეყანაში და საჭიროა უკვე არსებული გამოცდილების საქართველოში გადმოტანა შესაბამისი დაფინანსების პირობებში. ამავე მიმართულებით მეორე მძლავრ ბერკეტს კიბოს სკრინინგის პროგრამა წარმოადგენს. ეს პროგრამა საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა საჭიროებს კიდევ უფრო გაფართოებას.

 

- გვესმის, რომ კიბოს პრევენცია თითქმის შეუძლებელია... მაგრამ ალბათ არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც ამ დაავადებისგან თავის დაცვაში დაგვეხმარება. რა რეკომენდაციების ესენი... 

- თქვენი გამოცემისადმი დიდი პტივისცემის მიუხედავად, ვერ დაგეთანხმებით, რომ კიბოს პრევენცია შეუძლებელია. სწორედ კიბოს პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა წარმოადგენს კიბოსთან ბრძოლის ყველაზე მძლავრ იარაღს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში

 

- შეგიძლიათ დაგვისახელოთ დაავადებები ან ორგანიზმის მდგომარეობა, რომლებიც ყველაზე ხშირად გადაიზრდებიან ხოლმე კიბოში?

- ზოგადად კიბოს განვითრება შესაძლებელია სხვადასხვა ქრონიკული ანთებითი დაავადებების ფონზე. გამოყოფენ კიბოსწინა დაავადებების ორ ჯგუფს ა) ფაკულტატურ კიბოსწინა დაავადებებს, რომლის დროს პათოლოგიის ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების რისკი არსებობს და 2) ობლიგატური კიბოსწინა დაავადებები, რომელთა დროს გადაგვარების რისკი უკიდურესად მაღალია. ობლიგატური კიბოსწიდა დაავადების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის დიფუზური ოჯახური პოლიპოზი, რომელიც პრაქტიკულად 100%-ში მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებით სრულდება

 

-  რა სიმპტომების შემთხვევში არის საჭირო სიღრმისეული გამოკვლევები, რომელი სიმპტომები მიანიშნებს, რომ ორგანიზმში საშიში პროცესები ვითარდება?

- კიბოს "ვერაგობა" მდგომარეობს იმაში, რომ ამ დაავადებას არ გააჩნია ადრეული სიმპტომები. ე.ი კიბოს განვითარების ადრეულ ეტაპზე ადამიანს არაფერი არ აწუხებს. სწორედ ამიტომ მიმართავს თანამედროვე მედიცინა კიბოს სკრინინგის პროგრამებს, რომელთა დროს იკვლევენ არა იმ მოქალაქეებს, რომელთაც რაიმე აწუხებს, არამედ ჯანსაღ მოქალაქეებს. ზოგადი რჩევა, რაც შესაძლოა მივცეთ მოსახლეობას, ჩაერთეთ სკრინინგის პროგრამებში და ასევე ყურადღებით "უსმინეთ" საკუთარ ორგანიზმს და ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ცვლილების შემჩნევის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ოჯახის ექიმს

 

- რა უნდა გააკეთონ დედებმა, რომ მათი შვილები მეტად იყვნენ დაცულნი ამ ვერაგი დაავადებისგან?

- მშობლებმა მაქსიმამალურად უნდა ეცადოთ, რომ ბავშვი პატარობიდანვე ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობდეს: ჯანსაღი კვება, მეტი ფიზიკური აქტივობა ჯანსაღ გარემოში, წონის კონტროლი და მუდმივი კავშირი პედიატრთან. სახელმწიფოს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი ონკოდაავადებების განვითარების რისკების შემცირებაში: ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობის და წონის კონტროლის პროპაგანდა, კიბოს სკრინინგის პროგრამების გაფართოება და რაც მთავარია, მოსახლეობისათვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ჯანსაღი გარემოს შექმნა.