„ხელოვნური საშვილოსნო“ დღენაკლული ჩვილებისთვის

2017.09.05 16:52:17
„ხელოვნური საშვილოსნო“ დღენაკლული ჩვილებისთვის

მეცნიერებმა დღენაკლული ჩვილებისთვის „ხელოვნური საშვილოსნო“ შექმნეს.

 

აპარატი ნაადრევად დაბადებული ჩვილისთვის უსაფრთხო გარემოს ქმნის.

 

ეს არის მეორე შემთხვევა, როცა მეცნიერებმა ხელოვნურ საშვილოსნოში პატარა ბატკანი ჩააწვინეს. შეგახსენებთ, პირველად ეს ხერხი გამოიყენეს ფილადელფიაში მოღვაწე მკვლევარებმა.

 

რამდენიმე თვის წინ ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს მეცნიერებმა შექმნეს ამნიოტური სითხის შემცველი მოწყობილობა, სადაც სიცოცხლისთვის ყველა საჭირო პირობაა დაცული. ხელსაწყო ნაყოფს ჟანგბადს აწვდის. სისტემა ბუნებრივ საშვილოსნოსთან სრულ თანხვედრაშია. ჩვილი აპარატში ჭიპლარის დახმარებით ისუნთქებს, ისევე როგორც დედის საშვილოსნოში. ამ მოწყობილობის უპირატესობა ის არის, რომ პატარებს ფილტვის ინფექციებისგან იცავს. „ხელოვნური საშვილოსნო“ სტერილურია.

 

ამჯერად აპარატზე გამეორებითი ცდა ჩაატარეს ავსტრალიაში. ამ შემთხვევაში ხელოვნურ საშვილოსნოში ბატკნები 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ავსტრალიაში მოღვაწე მეცნიერებს აინტერესებდათ გაერკვიათ თუ როგორ რეაგირებენ და ვითარდებიან ისინი მსგავს გარემოში. ბატკნები ჯანმრთელები დაიბადნენ და ტვინის დაზიანების ნიშნები არ აღენიშნდებოდათ.

 

ნაშრომზე მუშაობდნენ დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის, ავსტრალიის ქალთა და ჩვილთა კვლევითი ფონდისა და იაპონიაში მდებარე ტოჰოკუს უნივერსიტეტის მკვლევარები. მეცნიერების თქმით, რამდენიმე ბატკანი კვირის განმავლობაში ხელოვნურ საშვილოსნოში გაიზარდა. ახალ მეთოდს მკვლევარებმა უწოდეს „ექს–ორგანიზმის საშვილოსნოს გარემო“.

 

ორივე კვლევაში ჩართული იყვნენ 105–დან 115 დღემდე ასაკის ბატკნები, რაც ბავშვის შემთხვევაში 23 კვირას უდრის. მეცნიერთა კვლევას წილად ხვდა კრიტიკაც. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს მეთოდი შესაძლოა სახიფათო იყოს, რადგან ბატკნებსა და ჩვილებს შორის დიდი სხვაობაა. ერთ–ერთ მაგალითად მოჰყავთ ის, რომ ბატკანი საშვილოსნოში მხოლოდ 5 თვეს ატარებს, ბავშვი კი 9–ს. ამასთან, ჩვილთან შედარებით ახალშობილი ბატკნის ზომა გაცილებით დიდია. ხელოვნურ საშვილოსნოზე მუშაობა გრძელდება და ყველა მეცნიერი თანხმდება, რომ მეთოდის დახვეწაა საჭირო, შესაბამისად, დიდი ხნის მანძილზე ექსპერიმენტში ბავშვების ჩართვა არ იგეგმება.