პოლიკლინიკები, რომელთაც 12 ათასზე მეტი დაზღვეული არ ეყოლებათ, შესაძლოა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამას გამოეთიშონ

2019.12.03 11:28:49
პოლიკლინიკები, რომელთაც 12 ათასზე მეტი დაზღვეული არ ეყოლებათ, შესაძლოა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამას გამოეთიშონ

„კლინიკების ასოციაციის“ დამფუძნებლის ვილი პაჭკორიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო ამბულატორიებთან და პოლიკლინიკებთან მიმართებით ახალ ინიციატივაზე მუშაობს.ამის შესახებ ვ.პაჭკორიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

 

კერძოდ, როგორც მან განაცხადა, შესაძლოა, ის პოლიკლინიკები და ამბულატორიები, რომელთაც 12 ათასზე მეტი დაზღვეული არ ეყოლებათ, საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან ჩაიხსნებიან.

 

„არსებობს ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, ის პოლიკლინიკები და ამბულატორიები, რომელთაც არ ჰყავთ 12 ათასზე მეტი დაზღვეული, საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან გაითიშებიან.

თუმცა, ამ შემთხვევაში ისმის შეკითხვა - თუ ასეთ პოლიკლინიკებს და ამბულატორიებს შევუწყვიტავთ სუბსიდიებს სამინისტროდან, რითი უნდა იარსებოს ამ დაწესებულებებმა, სად წავიდეს იქაური ბენეფიციარები. ეს უკვე მახინჯ სისტემას ემსგავსება, როდესაც მონოპოლიზაცია ხდება. ე.ი. ვიღაცას ვუწყობთ ხელს, რომ არსებულ ბაზარზე იყოს მონოპოლისტი და ვიღაცას ვძირავთ. რა თქმა უნდა, ამას ყურადღება უნდა მიექციოს,“- აღნიშნა ვილი პაჭკორიამ.

 

წყარო : https://commersant.ge/ge/