დაავადებები, რომლებსაც ძილის ნაკლებობა იწვევს

2018.09.27 12:38:57
დაავადებები, რომლებსაც ძილის ნაკლებობა იწვევს

ძილის დეფიციტი რომ სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზია ყველამ იცის. მედიკოსებმა გამოყვეს 4 ყველაზე საშიში დაავადება, რომელიც ძილის ნაკლებობას მოსდევს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინტერესო კვლევებით აჩვენეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც მუდმივად აკლიათ ძილი, უვითარდებათ გაცხიმოვნება და დიაბეტისწინა მდგომარეობა (ე. წ. პრედიაბეტი). კერძოდ, ადამიანებს, რომლებსაც დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათს ეძინათ, სისხლში ეზრდებოდათ ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაცია. აღნიშნული ნივთიერებები კი, როგორც ცნობილია, აქვეითებს ორგანიზმის უნარს დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე. 

 

 გარდა ამისა, ძილის დეფიციტმა შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების პროვოცირებაც მოახდინოს. მამაკაცებს, რომლებსაც ცუდად სძინავთ, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი 2,6-ჯერ აქვთ გაზრდილი, ინსულტის განვითარების რისკი კი - 1,5-ჯერ.

 

 სისტემატურად გამოუძინებლობას უკავშირდება ასევე ალცჰაიმერის აღმოცენების რისკიც. ამაზე მეტყველებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევები. ადამიანებს, რომლებიც ძილის პრობლემებს უჩივიან, თავის ტვინში ბეტა-ამილოიდური ჩანართების მომატება აღენიშნებათ.

 

 სადღეისოდ არსებული კვლევები მიუთითებს უძილობისა და წყლულოვანი კოლიტის (ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადების) კავშირზე. დადგენილია, რომ ამ დაავადების რისკი მატულობს თუ ადამიანს სისტემატურად 6 საათზე ნაკლებხანს სძინავს.