ფრაზები, რომელიც არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა შვილის აღზრდისას

2018.09.22 20:33:40
ფრაზები, რომელიც არ უნდა გამოიყენონ მშობლებმა შვილის აღზრდისას

გამოცემა Psychologies იმ ფრაზების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ბავშვს არასოდეს უნდა უთხრათ: 

 

ნუ ტირი! - მშობლები ძალიან ხშირად მიმართავენ ბავშვებს ამ სიტყვებით, ბრძანების ტონით.  ჩვენ ამით ვაკნინებთ ბავშვის გრძნობებს და ვუგზავნით ქვეცნობიერ მესიჯს, რომ მშობლებისთვის ემოციის გაზიარება არ შეიძლება. 

 

შეწყვიტე! - შეწყვიტე სირბილი. შეწყვიტე ყვირილი. შეწყვიტე ნივთების აქეთ-იქეთ დაყრა. სჯობს ეს ბრძანება პოზიტიური და უფრო მისაღები ფრაზით შეცვალოთ: ნელა იარე, ცოტა წყნარად ილაპარაკე და ა.შ. იმის თქმას, რისი გაკეთება არ შეიძლება, სჯობს ბავშვს ის ვუთხრათ, რა შეიძლება გააკეთოს. მისი გონება მსგავს მიმართვებზე უფრო ნათლად რეაგირებს.

 

ბოდიში მოიხადე! - ბავშვებს ბოდიშის მოხდას იქამდე ასწავლიან, სანამ ისინი თავისი ქმედების გამო სინანულს ისწავლიან ან თავისი სიტყვების კრიტიკულ ანალიზს დაიწყებენ. უხშირესად, ასეთი ბოდიში ემპათიით არ არის ნაკარნახევი და მისთვის ეს ლიტონი სიტყვებია, რომლის თქმაც "აიძულეს".

 

შენს გარდა არავინ იქცევა ასე! - შენს გარდა არავინ ყვირის. შენს გარდა არავინ დახტის და ა.შ. მსგავსი ფრაზები ბავშვს რამე სოციალური ჯგუფის წევრად თავს ვერ აგრძნობინებს, უბრალოდ მიანიშნებს, რომ ის აუთსაიდერია.

 

აი, ხედავ? -  ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი კლასიკური გამოთქმისა: "ხომ გითხარი!" ვთქვათ, ბავშვი სავარძელზე ხტუნაობს, ჩამოვარდა და რამე იტკინა. თუ მივარდებით და ეტყვით: "ხომ გითხარი?" ამით მას შეარცხვენთ, მაგრამ ანალიზის საშუალებას მოუსპობთ, რადგან ის ეცდება მაქსიმალურად სწრაფად შეცვალოს გარემოებები და დაივიწყოს მომხდარი. სჯობს დაელოდოთ, ვიდრე დამშვიდდება და შემდეგ მშვიდად გაარჩიოთ, რა არ შეიძლება და რატომ.

 

რამდენჯერ გაგიმეორო? - თუ თქვენს პირველ მიმართვას ბავშვი უყურადღებოდ ტოვს, მან ეს ან ვერ გაიგო, ან გაიგო, მაგრამ არ სურს შეასრულოს. ამ ფრაზით ბავშვს უგზავნით არასწორ მესიჯს, რომ რაც უფრო ძლიერი სურვილი გექნებათ, გაიგოს რას ეუბნებით, მით უფრო მეტჯერ გაუმეორებთ ერთსა და იმავეს.

 

დაიცა, მოვიდეს მამაშენი... - დედები შვილებს ასე ხშირად ემუქრებიან. ეს ფრაზა ბავშვს ეუბნება, რომ თქვენ ახლა ზომების მიღებას არ გეგმავთ. ბავშვის აღზრდისას კი აუცილებელია იცოდეს, რომ თუ რამეს დააშავებს, მაშინვე დაისჯება (რასაკვირველია, არაძალადობრივად). მეორე მხრივ კი თქვენ მამისგან მტრის ხატს ქმნით და ბავშვს შიშს უნერგავთ, რაც, თავისთავად, არასწორია.