ექიმი უნდა თანაუგრძნობდეს პაციენტს - ვიქტორია ჯომარჯიძე

2017.12.25 12:00:59
ექიმი უნდა თანაუგრძნობდეს პაციენტს - ვიქტორია ჯომარჯიძე

რუბრიკა ექიმების მორიგი სტუმარია კლინიკა ენმედიცის ექიმი, ენდოკრინოლოგი, ქალბატონი ვიქტორია ჯომარჯიძე.

 

ექიმობა მისი მოწოდება იყო. პროფესიონალიზმმა და მრავალწლიანმა სამუშაო გამოცდილებამ კი, მრავალი მადლიერი პაციენტი შესძინა.

 

ქალბატონო ვიქტორია, ექიმის პროფესია როგორ აირჩიეთ?

 

ექიმის პროფესია მარტივად ავირჩიე, რადგან მე ექიმობა სულ მინდოდა, მაგრამ ჩემს ოჯახში ექიმი არავინ იყო. მამაჩემს კი პირიქით, არ სურდა ექიმი გავმხდარიყავი. კარგად ვსწავლობდი და გამოცდებიც ადვილად ჩავაბარე. მაშინ ჩვენს დროს ძალიან დიდი კონკურსი იყო და 1 ადგილზე 36 მსურველი მოდიოდა. წარმატებით გავართვი თავი გამოცდებს და გავხდი ექიმი.

 

ენდოკრინოლოგიის მიმართულებით განსაკუთრებულად როდის დაინტერესდით?

 

ენდოკრინოლოგიის სპეციალობით სტუდენტობის დროს დავინტერესდი და მომეწონა. ეს მიმართულება ყველაზე საინტერესო და განსაკუთრებულია, ჩემი აზრით. ამ სპეციალობაში არის ბევრი ისეთი რამ, რაც ერთგვარი სასწაული, ფოკუსის მსგავსი პროცესია. როცა ადამიანი ცუდადაა შენ შეგიძლია უცებ ისეთი რამ გააკეთო რომ კარგად გახდეს. გარდა ამისა, ენდოკრინოლოგია მუდმივად ვითარდება და უამრავი სიახლე ინერგება. სხვათა შორის,  ამ სპეციალობაზე არ იყო ადგილები და ნახევარი წელი ველოდებოდი, რომ ორდინატურაში ადგილი მქონოდა. ეს გადაწყვეტილება ძალიან გააზრებულად და მიზანდასახულად მივიღე.

 

სამუშაო პრაქტიკის პირველ პერიოდში რა იყო თქვენთვის მთავარი გამოწვევა?

 

პირველ პერიოდში, როცა მე მუშაობა დავიწყე კლინიკის ნაცვლად მაშინ აქ იყო სტაციონარი და უმძიმესი მდგომარეობით 100-150 პაციენტი გვყავდა. ჩვენ, ახალგაზრდებს, ძალიან კარგი პედაგოგები გვყავდა. ისინი ყველაფერს გვასწავლიდნენ და თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებდნენ. თავიდან, რასაკვირველია, პაციენტებთან არ გვიშვებდნენ. რაღაც დროის შემდეგ კი პირდაპირ პალატაში "შეგვაგდებდნენ" და ჩვენც ვიწყებდით მუშაობას. ძნელია, როცა ღამით მარტო მორიგეობ, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება.

 

შეგიძლიათ გაიხსენოთ განსაკუთრებული შემთხვევა თქვენს სამუშაო პრაქტიკაში?

 

ასეთი ბევრი შემთხვევა იყო და არიან პაციენტები, რომლებიც დანამდვილებით ვიცი, ჩემი გადარჩენილია. იყო ძალიან სასაცილო შემთხვევებიც. მახსენდება, რომ ერთხელ ჩემი მორიგეობისას კახელი კაცი მოიყვანეს შვილებმა. პაციენტს შაქარი ჰქონდა დაბალი. როცა მისი მაჩვენებელი ნორმაზე დაბლა ვარდება, ადამიანი არაადეკვატური ხდება და საღად აზროვნების უნარს კარგავს. ამის გამო, შვილებს ეგონათ რომ მამა გაგიჟდა. მაშინ პატარა ვიყავი და ალბათ, ფიქრობდნენ ამან რა უნდა უშველოსო. ამ დროს საკმარისია მხოლოდ ვენაში გლუკოზის ნემსის გაკეთება და პაციენტი გუნებაზე მოდის, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. შვილებს ძალიან გეხარდათ და გაკვირვებულები მადლობას მიხდიდნენ.

 

როგორ ფიქრობთ, რა აუცილებელი თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ ექიმს?

 

ჩემი აზრით, ექიმს უნდა უყვარდეს თავისი პროფესია და პაციენტი. ის აუცილებლად უნდა თანაუგრძნობდეს ადამიანს. ეს არის ის, რის გარეშეც ამ პროფესიაში ვერ იმუშავებ.

 

რას გვეტყვით კლინიკა "ენმედიცზე" ?

 

ჩვენი კლინიკა მუდმივად წინ მიდის და ვითარდება. ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. ადრე არ გვქონდა ქირურგიის განყოფილება, დღეს კი ურთულეს ოპერაციებს ვაკეთებთ. გვაქვს არაჩვეულებრივი ლაბორატორია, ყველა საჭირო აპარატურა და რაც პაციენტის ჯანმთელობაზე ზრუნვისთვისაა აუცილებელი ყველაფერი გვაქვს კლინიკაში.

 

ძნელია ქალისთვის იყოს წარმატებული ოჯახშიც და კარიერაშიც?

 

რასაკვირველია, ეს ორი ძალიან რთული შესათავსებელია. ჩემი შვილი პატარა იყო, როდესაც მე ვმორიგეობდი. ცოტა დრო მქონდა მისთვის და ეს არ მოსწონდა, მაგრამ შეჩვეული იყო. დღესაც, რა თქმა უნდა, ოჯახს ნაკლებ დროს ვუთმობ. მაინც ვფიქრობ, რომ არ მყავს ცუდი შვილი და შევძელი მისი აღზრდა.

 

დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, განტვირთვას როგორ ახერხებთ?

 

მე ძალიან მიყვარს მოგზაურობა, კითხვა და კინო. ეს არის ჩემი განტვირთვის ძირითადი საშუალება.

 

 ავტორი: ნათია ზარიძე