ჩემი შემფასებლები პაციენტები არიან- ციური ბობოხიძე

2017.10.30 13:20:02
ჩემი შემფასებლები პაციენტები არიან- ციური ბობოხიძე

რუბრიკა ექიმების მორიგი სტუმარია კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ექიმი და დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიური კათედრის სრული პროფესორი, ქალბატონი ციური ბობოხიძე.

ექიმის პროფესია მშობლების მაგალითითა და საკუთარი სურვილით აირჩია. სამედიცინო სფეროში უკვე მრავალი წელია მოღვაწეობს და პაციენტების ჯანმთელობაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ზრუნავს. 

 

 

- ქალბატონო ციური, რამ განაპირობა თქვენი ინტერესი მედიცინის მიმართ, ეს იყო ოჯახური ტრადიცია თუ თქვენი გადაწყვეტილება?

ბავშვობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე, რადგან დედა პედიატრი იყო, მამა-ქირურგი და ოჯახში ტრადიცია გააგრძელა ჩემმა სამმა ქალიშვილმა და ორმა შვილიშვილმა.

 

- რატომ მაინცდამაინც ენდოკრინოლოგია?

 იმ წლებში, როცა მე ვამთავრებდი ინსტიტუტს,პროფესორ ვაჟა ივერიელის ხელმძღვანელობით დაიწყო ენდოკრინოლოგიის განვითარება საქართველოში.  ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში(ხელმძღვანელი-ლ.ანჯაფარიძე)გამოიყო 30 საწოლი ენდოკრინული ავადმყოფებისათვის, სადაც მე დავიწყე მუშაობა ორდინატორად.

 

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ იყო წარმატებული ექიმი?

წარმატებული ექიმი რომ იყო, საჭიროა გიყვარდეს შენი სპეციალობა,მუდმივად ზრუნავდე შენი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. რაც მთავარია, დიდი პასუხისმგებლობით და პატიოსნად ასრულებდე შენს მოვალეობას.

 

- რას გვეტყვით კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაზე?

  ვაჟა ივერიელის მიერ ჩამოყალიბებულ განყოფილებაში, მისივე ხელმძღვანელობით მომზადდა უმაღლესი კატეგორიის კადრები.განყოფილების შემდგომი განვითარება გახდა ენმედიცის შექმნის საფუძველი. ენმედიცი თანამედროვე მაღალი დონის სამედიცინო მომსახურეობის კლინიკაა. მისი ენდოკრინული სამსახური, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა საქართველოში. მეზობელი სახელმწიფოებიდანაც მრავალი ავადმყოფი გადის მკურნალობას ჩვენს კლინიკაში.

 

- თქვენი გამოცდილებიდან, რამდენად ეფექტურია სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის ამჟამინდელი სისტემა?

 საერთო სახელმწიფო დაზღვევამ გადაარჩინა ერი. ის ჯერ ახალია და განვითარების სტადიაშია.

 

- როგორია თქვენებური მიდგომა პაციენტებთან?

ჩემი მიდგომა პაციენტების მიმართ ისეთია,როგორიც ამას ჰიპოკრატეს ფიცი მოითხოვს.

 

- თქვენი აზრით, რა არის საჭირო კვალიფიციური სამედიცინო კადრების აღსაზრდელად?

 მაღალი კვალიფიციური სამედიცინო კადრების აღზრდისათვის საჭიროა ექიმების მიერ საზღვარგარეთის წამყვანი კლინიკების მკურნალობის გამოცდილების(ცოდნის) შესწავლის ხელმისაწვდომობა (შესაძლებლობა).

 

- როგორ შეაფასებთ თქვენს გამოცდილებას პროფესორულ საქმიანობაში?

ჩემი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შემფასებელი ჩემი პაციენტები არიან.

 

- ძნელია ქალისთვის იყოს წარმატებული ოჯახშიც და კარიერაშიც?

ოჯახშიც და კარიერაშიც წარმატებული რომ იყო, უნდა გიყვარდეს ოჯახიც და შენი სპეციალობაც.

 

- დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, განტვირთვას როგორ ახერხებთ?

ვახერხებ შეძლებისდაგვარად, ისე, როგორც ჩემი გადატვირთული გრაფიკი მაძლევს საშუალებას.