ზურაბ რობიტაშვილი- ექიმობა მძიმე ტვირთია

2017.09.25 13:03:33
ზურაბ რობიტაშვილი- ექიმობა მძიმე ტვირთია

რუბრიკა “ექიმები”-ს სტუმარია კლინიკა ენმედიცის ექიმი,  ენდოკრინოლოგი, ზურაბ რობიტაშვილი.

 

ექიმის პროფესია როგორ აირჩიეთ?

 

სიმართლე უნდა ითქვას. ვერ ვიტყვი, რომ ექიმის პროფესია ჩემი გატაცება იყო.  როგორც მასწავლებლები აღნიშნავდნენ, მათემატიკის  ნიჭი მქონდა.  სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ვემზადებოდი, რომ  მათემატიკურზე ჩამებარებინა.

იმ პერიოდში, 70-იან წლებში, ძალიან პოპულარული იყო ექიმობა. ჩემი დეიდაშვილები, ბიძაშვილები, ყველანი წარმატებული ექიმები იყვნენ. ცხონებულმა დედაჩემმა ძალიან მთხოვა, რომ მეც ექიმი გავმხდარიყავი. თავიდან  უარი ვთქვი. ბოლოს დავთანხმდი.

გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, მხოლოდ ერთი საგნის ჩაბარება მომეთხოვებოდა. ბიძა მყავდა პროფესორი, ფიზიკოსი, ერთი თვე მასთან ვემზადებოდი. ჩავაბარე ფიზიკის გამოცდა და სტუდენტი გავხდი.

ყოველთვის ვამბობ, რომ  ჩემი ეს გადაწყვეტილება იღბალთანაა დაკავშირებული და რომ მე ძალიან გამიმართლა.

 

რა აზრის ხართ ქართულ მედიცინაზე?

 

ქართულ მედიცინას მე საკმაოდ მაღალ დონეზე ვაფასებ.

ზოგადად, ჩვენ უკიდურესობები გვახასიათებს. იყო პერიოდი, როცა ვამბობდით, "რაც მაგრები ვრთ, ქართველები ვართ". სამოქალაქო ომის შემდეგ კი პირიქით, სრულიად უარყოფითად განვეწყვეთ. ასეთი მიდგომა არ შეიძლება.

მედიცინაშიც ჩვენ საკმაოდ ჭკვიანი და ნიჭიერი ხალხი გვყავდა და გვყავს. მე ვფიქრობ, არავისზე  ნაკლებები ვართ. ერთადერთი, რაც ადრე გვაფერხებდა, მოძველებული ტექნოლოგიები იყო. ამის გამო, ბევრი პაციენტი სამკურნალოდ, თუ ოპერაციისთვის საზღვარგარეთ მიდიოდა.

თანამედროვეობაში კი უამრავი ინოვაცია და ახალი აპარატურა გვაქვს. ახლა  საქართველოში ურთულეს ოპერაციებს სხვებზე ბევრად პროფესიონალურად ვაკეთებთ. 

ამასთანავე, დღეს უკეთესი ინფრასტრუქტურა და ეფექტური სადაზღვეო სისტემა გვაქვს. გადაუდებელი შემთხვევები სახელმწიფოსგან ფინანსდება და ექიმებმა ფულთან დაკავშირებული საკითხების გარკვევისგან, შეიძლება ითქვას, დავისვენეთ. 

 

რამე განსაკუთრებულ შემთხვევაზე ხომ არ მოგვიყვებით თქვენს საექიმო პრაქტიკაში?

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდულად გამოვიყურები,საკმაოდ დიდი პრაქტიკა მაქვს. შესაბამისად, განსაკუთრებული შემთხვევა ბევრი ყოფილა. მათგან საამაყო ერთი-ორი შემიძლია გამოვყო. 

უნივერსიტეტის წითელ დიპლომზე დამთავრების შემდეგ ბათუმში გამანაწილეს და სასწრაფოზე დავიწყე მუშაობა. საავადმყოფოსა და პოლიკლინიკაშიც ბევრი რამ ვისწავლე.

ბათუმის მეორე კლინიკურ საავადმყოფოში (ბონში) ვმუშაობდი.

მახსოვს, ზაფხულში, როცა, ჩვეულებრივ მივედი, გამოვიცვალე და მორიგეობა ჩავიბარე, სასწრაფოდ გამომიძახეს. ნევროლოგიურ განყოფილებაში ინსულტიანი პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო. ნევროლოგმა მისცა მას წნევის დამწევი წამალი და წნევა ნულზე დაუვარდა. მაშინვე პულსი გავუსინჯე მაჯაზე და ვერ დავიჭირე. შემდეგ საძილე არტერიაზეც ვცადე და ისევ უშედეგოდ. ასეთ დროს უნდა ნახო გუგები როგორ მდგომარეობაშია, თუ გაფართოებული არ არის 5 წუთი გაქვს, გულის ასამუშავებლად. სისწრაფე გადამწყვეტი იყო. მე გულის მასაჟი დავიწყე და პულსიც გამოჩნდა.

მკლავზე მანჟეტი გავუკეთე და ექთანს ვუთხარი, ვენაში წამალი გაეკეთებინა. გამიმართლა, რომ კარგი ექთანი აღმოჩნდა, ყველაფერს სწრაფად და ზედმიწევნით აკეთებდა, რასაც ვთხოვდი. იცოდა, სად, რომელი და რა რაოდენობით წამლის მარაგი იყო. მე და მანანა ექთანმა მაშინ ადამიანი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ.

ამის შემდეგ შემოვლაზე უნდა გავსულიყავი და ფონეიდოსკოპი დამჭირდა. აღმოჩნდა, რომ სიჩქარეში მანჟეტის მაგივრად, იმ პაციენტისთვის ფონეიდოსკოპი გამიკეთებია. 

მეორე ასეთივე მძიმე მდგომარეობაშიც სასწრაფო გადაწყვეტილება იყო მისაღები.

პაციენტს პრედნიზოლონის 2 დოზა ერთდროულად გავუკეთე. ექთანმა მითხრა, მე ვერ გავუკეთებო. შემდეგ ბევრს საუბრობდნენ, რომ მე ძალიან გავრისკე, მაგრამ ფაქტია, სიცოცხლე გადავარჩინეთ.

 

კლინიკა ენმედიცზე რას გვეტყოდით?

 

კლინიკა ენმედიცზე ბევრი მისაუბრია. მე მეამაყება, რომ როგორც ენდოკრინოლოგი, აქ გავიზარდე.  ბატონი ვაჟა ივერიელის მიერ დაარსებულ კლინიკაში მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. მისი გაზრდილი ექიმები დღესაც აქ არიან. ახალგაზრდებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩვენ ჩვენი ნიშა და ღირსეული წარსული გვაქვს.

მიხარია, რომ ბატონი ვაჟას გარდაცვალების შემდეგ ჩვენი კლინიკა არ გაჩერდა. პირიქით, ენმედიცში მომსახურების ხარისხსა და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ.

 

რა სიახლეებია კლინიკაში?

ჩვენს სტაციონარში ურთულესი ოპერაციები ტარდება, ფარისებრი ჯირკვლის, გინეკოლოგიური, მამოლოგიური, მუცლის ღრუს და რაც ყველაზე აღსანიშნავია, ღვიძლის ამბლაცია.

ჩვენ კავშირი გვაქვს ლონდონის სამეფო კლინიკასთან. მძიმე შემთხვევებისას ვუკავშირდებით იქაურ სპეციალისტებს და ვიზიარებთ მათს მოსაზრებებს ოპერაციის აუცილებლობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

კლინიკაში გვაქვს ლაბორატორია, რომლის შედეგებიც გადის კონტროლს როგორც შიდა, ისე გარე, ISO სტანდარტებით. თუ ექიმს ანალიზის სისწორეში ეჭვი ეპარება, ჩვენ მას განმეორებით ვაკეთებთ კლინიკის და არა პაციენტის ხარჯზე.  ასეთი  მიდგომით ენმედიცში შეცდომების რიცხვი მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი.

 

ახლა რომ ირჩევდეთ პროფესიას...

 

ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ბედისა თუ იღბლის, რომ მე დღეს ექიმი ვარ. ახლა რომ ვაკეთებდე  არჩევანს, აუცილებლად, ისევ ექიმის პროფესიას შევიძენდი. 

და კიდევ, მინდა ვთქვა, რომ მე მეორე პროფესიად თამადობა მაქვს.

 

იყო ექიმი, რას ნიშნავს თქვენთვის?

იყო ექიმი ეს არის ძალიან დიდი ტვირთი, როგორც მორალური, ისე სამართლებრივი. ყველა ჩვენ მიერ შევსებული ფურცელი, პროკურატურისთვის დოკუმენტია. როცა საქმე ყველაზე ძვირფასს, ჯანმთელობას ეხება, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია.

მეორე მხრივ კი, ექიმისთვის პაციენტების მადლიერებაა მთავარი.ბევრი პაციენტი მყავს თბილისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, კახეთიდან და ა.შ. სადმე რომ შემხვდებიან და მადლობას მიხდიან , ან ვინმესთან კარგად მახსენებენ, ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.