„ყველა პაციენტი, რომელმაც შვილის სიცოცხლე მანდო, ჩემი ოჯახის წევრია“ - დავით კობეშავიძე

2018.10.16 14:03:19
„ყველა პაციენტი, რომელმაც შვილის სიცოცხლე მანდო, ჩემი ოჯახის წევრია“ - დავით კობეშავიძე

 

სამშობიარო სახლი „იმედის კლინიკა“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლინიკაა საქართველოში. მეტიც, ეს არის ადგილი, სადაც არც ერთი დედის თხოვნა აბორტის გაკეთებასთან დაკავშირებით არ კმაყოფილდება.

 

რუბრიკა „სტუმრად კლინიკაში“ სამშობიარო სახლს „იმედის კლინიკას“ ესტუმრა. გიდობა თავად დავით კობეშავიძეს ვთხოვეთ, რომელმაც ამ პროფესიას მთელი გააზრებული ცხოვრება მიუძღვნა. 

 

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა ფაქტორები განაპირობებდა „იმედის კლინიკისადმი“ განსაკუთრებული ნდობას და რატომ იყო დაუსრულებელი რიგი დავით კობეშავიძის კაბინეტთან.

 

„იმედის კლინიკაში“ დილა იმედიანად დაიწყო. დილის თათბირზე პროფესიონალებმა დეტალურად განიხილეს დღის გეგმები. აღმოჩნდა, რომ თათბირის დასრულების შემდეგ, ბატონ დავითს კიდევ ერთი სიცოცხლის დაბადებას ანდობდნენ.

 

ოპერაციის მიმდინარეობისას მინიმუმამდე იყო დაყვანილი ღელვის ფაქტორი, როგორც ექიმების, ასევე თავად პაციენტის მხიდან. დიბადა ბიჭი, რომელიც ცხოვრების პირველ წუთებს ჩვენს თვალწინ შეხვდა.  ალბათ, ბატონმა დავითმა რომ თქვა სამშობიარო სახლი „ცოცხალ ორგანიზმნიაო“, სწორედ ეს იგულისხმა.

 

კითხვა, თუ რატომ იმსახურებდა კლინიკა „იმედი“ პაციენტების ნდობას, უკვე პასუხგაცემული იყო. კლინიკას მიმზიდველს ხდის ოჯახური გარემო, რომელსაც  ექიმი ერთადერთ და მთავარ მიღწევად ასახელებს. ექიმი კლინიკას საკუთარ ოჯახს უწოდებს, თითოეულ პაციენტს კი ოჯახის წევრს. ვერ წარმოუდგენია დღე, რომელსაც პაციენტთან კომუნიკაციის გარეშე გაატარებს და ამბობს, რომ ის გენეტიკურად ექიმია. 

 

„რაც მიცხოვრია, პაციენტის გარეშე არასოდეს ვყოფილვარ.  ვთვლი, რომ თითოეული პაციენტი ჩემი ოჯახის წევრია.  ჩემთან შემოსული ყველა პაციენტი, რომელმაც მე ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი მანდო თავისი  შვილის სიცოცხლე, ნამდვილად ჩემი ოჯახის წევრია. ასაკში რაც შევედი, უკვე მამაშვილური დამოკიდებულება გამიჩნდა. ადრე იყო მეგობრული, დაძმური დამოკიდებულება. ხანდახან, თავს უფლებას ვაძლევ შენიშვნაც კი მივცე, როგორც მამამ შვილს. რაც მთავარია, არ სწყინთ მათ ეს და იციან, რომ გულწრფელი ვარ. მთავარია, მოიპოვო პაციენტის ნდობა. ნდობას მოიპოვებ მაშინ, როცა არ ხარ მსახიობი, მისი სატკივარი, გასაჭირი გტკივა და მისი სიხარული გულწრფელად გიხარია. გარდასახვა ძალიან რთული და არასასიამოვნო მომენტი გახლავთ. ძალიან გულწრფელი უნდა იყო პაციენტთან“,- ამბობს დავით კობეშავიძე.

 

იმედის კლინიკაში მშობიარობის შემდეგ დედებს საჩუქრებით ანებივრებენ. ქალბატონებს ახალშობილის ხელისა და ფეხის თიხის სუვენირებს ჩუქნიან, ასევე უღებენ სამახსოვრო ფოტოებს, რომელიც თითოეული ადამიანისათვის წარსულში დაბრუნების ტოლფასი და ბედნიერი წუთების ხელმეორედ შეგრძნების საშუალებაა.

როგორც გავარკვიეთ, იმედის კლინიკას აქვს სრულიად ახალი სერვისი, რომელიც მშობიარობამდე ვარჯიშს გულისხმობს. კლინიკაში აღნიშნეს, რომ ამ სიახლემ პაციენტები ძალიან გაახარა.

 

ნათქვამია,  „გაგონილს ნანახი სჯობსო“ და დავრწმუნდით, რომ ექიმებისთვის დასვენების დღეები არ არსებობს. 

 

„ზოგადად, ჩემთვის შაბათ-კვირა არ არსებობს. ასეთივე რეჟიმში ვარ კვირის ყველა დღეს, დილის 9-დან 11 საათმდე. სამშობარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფო ცოცხალი ორგანიზმია და მას ძალიან უყვარს ყურადღება. აქედან გამომდინარე, ყურადღებას ნამდვილად ვერ მოვაკლებ“,- ამბობს დავით კობეშავიძე.

 

 

მიუხედავად რთული და საპასუხისმგებლო პროფესიისა, ექიმს უყვარს მეგობრებთან ერთად განმარტოება, ქართული სუფრა, თუმცა, სამწუხაროდ, მოლხენის დრო არ აქვს. როგორც გავარკვიეთ, დავით კობეშავიძე მელომანია და თავადაც მღერის, გატაცებულია ნადირობითა და ცხენზე ჯირითით.

„ნადირობა და ცხენზე ჯირითი ჩემი ჰობია. ძალიან კარგი ცხენი მყავს და გარწმუნებთ, რომ ბევრ ადამიანზე ჭკვიანია, ამიტომ მასთან განმარტოება ნამდვილად სასიამოვნოა“,- ამბობს ექიმი.

 

ბატონ დავითს უჭირს გახსენება, როდის აირჩია ექიმის პროფესია, რადგან არჩევანის გაკეთებაში გენეტიკურმა კოდმა თავისი წვლილი შეიტანა. მანვე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სამედიცინო სფეროშია.

„ვერ გეტყვით, ეს პროფესია როდის ავირჩიე, რადგან გენეტიკურად ექიმი ვარ. მახსოვს, ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის პერიოდში მინდოდა ექიმობა. ექიმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, მოთმინება და ,რასაკვირველია, პაციენტის ცხოვრებით ცხოვრებაა. შენი ცხოვრებით პაციენტი ვერ იცხოვრებს. წარმოიდგინეთ, ქალს რომ მშობიარობა დაეწყოს და დამირეკოს, მე კი, ვუთხრა თამადა ვარ, მოითმინე და მერე მოვალ, ასეთი რამ ხომ წარმოუდგენელია?! ამიტომ ვცხოვრობ იმ რიტმით, რომლითაც პაციენტი ცხოვრობს, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, სხვანაირად წარმოუდგენელია“,- ამბობს დავით კობეშავიძე.

 

„სტუმრად კლინიკაში“ დაინტერესდა რას ფიქრობს ექიმი ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც ნაადრევი ქორწინებაა.

 

„ნაადრევ ქორწინებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ასეთ დროს ახალგაზრდები „ოჯახობანას“ უფრო თამაშობენ. საზღვარგარეთ, გოგოები და ვაჟები ოჯახებს გააზრებულად ქმნიან. სექსობრივი ფანტაზიები უმთავრდებათ 25-26 წლის ასაკამდე, შემდეგ უკვე ფიქრობენ ოჯახის შექმნაზე. ასეთი ოჯახი უფრო მტკიცეა. ჯანმრთელობის კუთხით, რასაკვირველია, 14 წლის გოგოსთვის, რომლის ორგანიზმსაც განვითარება არ აქვს დასრულებული და ჰორმონები ჯერ კიდევ დასალაგებელია, დაფეხმძიმება კატასტროფაა. ფსიქოლოგიურად რამდენად არის 16 წლის მოზარდი მზად მამობისთვის ან დედობისთვის, ესეც საკითხავია. 16 წლის ბიჭს, რომელსაც შვილი ჰყავს, რაღაცაში უნდა შეიზღუდოს. ვიღაცას ანგარიში უნდა გაუწიო, საკითხავია რამდენად არის მისი ტვინი, ფსიქოსომატიკა ამისთვის მომზადებული. სამწუხაროდ, ხშირად, ასეთი ოჯახები ინგრევა“,- ამბობს დავით კობეშავიძე.

 

ექიმმა დამწყებ კოლეგებსაც მისცა რჩევები და აშნიშნა, რომ ექიმი, რომელიც დღეში, თუნდაც ერთ აბზაც სიახლეს არ წაიკითხავს, ის ჩაბარდება ისტორიას.

 

„დამწყებ ექიმებს ვურჩევ, დროს ნუ ააჩქარებენ, ნაბიჯ-ნაბიჯ, რუდუნებით და მოთმინებით უნდა მიყვნენ თავის თავში ექიმის პროფესიის განვითარებას. წარმოუდგენლად მიმაჩნია, 30 წლის ასაკში იყო იმ დონის ექიმი, რომ ყველაფერს გაართვა თავი. ამიტომ, მოთმინებით უნდა აღიჭურვო და იმუშაონ თავის თავზე. ექიმი, რომელიც დღეში, თუნდაც ერთ აბზაც სიახლეს არ წაიკითხავს, ის ჩაბარდება ისტორიას. ამდენად, ჩვენი დროის კლასიკოს კონსტანტინეს რომ დავესესხოთ, „შრომა უდიდესი სიქველეა ამქვეყნად და სხვა არაფერი ამშვენებს ადამიან ისე, როგორც შრომაში გამოჩენილი სილამაზე“

 

 

საუბრის ბოლოს „იმედის კლინიკის“ დამფუძნებელს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ვკითხეთ.

 

„წელს, ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს დაწყებული პროგრამებიდან, დამთავრებული სერვისებით. მაგალითისთვის, დავიწყეთ ფოტოების გადაღება მშობიარობის შემდგომ. ნამშობიარებ ქალბატონებს ვუკეთებთ ახალშობილის ხელის და ფეხის თიხისგან დამზადებულ სუვენირებს. ასევე, გავაკეთეთ მშობიარობამდე ვარჯიშის კაბინეტი, რომელიც საკმაოდ დატვირთულია. თავში აღვნიშნე, რომ სამშობიარო სახლი ცოცხალი ორგანიზმია და აუცილებლად პულსზე უნდა გეჭირს ხელი. მე, როგორც „იმედის კლინიკის“ მამა, შვილივით ვუვლი და ვხედავ, რა უჭირს და რა ულხინს.