თბილისში ოქტომბრის ბოლოს ყავის ქარხანა გაიხსნება

2019.09.08 21:00:02
თბილისში ოქტომბრის ბოლოს ყავის ქარხანა გაიხსნება

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ყავის ქარხანა ოქტომბრის ბოლო კვირას გაიხსნება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „კაფსულოს“ ხელმძღვანელმა თორნიკე ჭელიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ქარხანაში 5 სახეობის ყავა წარმოება მოხდება, რომელსაც 30-მდე განსხვავებული გემური თვისებები ექნება.

 

ამასთან, როგორც თორნიკე ჭელიძე აღნიშნავს, საწარამოში დაახლოებით, 120 ადამიანი დასაქმდება.

 

„ყავის საწარმო ოქტომბრის ბოლო კვირას გაიხსნება. დასაქმდება დაახლოებით, 120 ადამიანი. ქარხანაში 5 სახეობის ყავას ვაწარმოებთ, აქედან 2 კაფსულის, დანარჩენი კი თუქული ყავა იქნება. ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას 30-მდე განსხვავებული გემური თვისება ექნება“,- ამბობს თორნიკე ჭელიძე.

 

აღსანიშნავია, რომ ქარხანაში წარმოებული ყავა „მეამას“ ბრენდით გაიყიდება და მომხმარებლებს მისი შეძენა მარკეტების ქსელში შეეძლებათ.

 

ცნობისთვის, აპარატის ყავის პირველი საწარმოს მშენებლობა კახეთის გზატკეცილზე 2017 წელს დაიწყო და მისი გახსნის თარიღი რამდენჯერმე გადავადდა.

 

თორნიკე ჭელიძის ინფორმაციით, ყავის საწარმოებლად კომპანია ნედლეულს აღმოსავლეთ აფრიკიდან, ასევე ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან შემოიტანს.

 

რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაახლოებით, 25 მლნ ლარია.

 

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ყავის ქარხანა პრესტიჟულ, საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში - ArchDaily & Strelka Award, სამეულში მოხვდა. კონკურსის კატეგორიას ინოვაციური და ევროპული სტანდარტის ნაგებობა წარმოადგენდა.

 

მანამდე, ყავის ქარხანა აღნიშნული კონკურსის 50 პრეტენდენტს შორის, 15 საუკეთესოში გავიდა. სამეულის გამოვლენა კი გულშემატკივართა ხმის მიცემით მოხდა. როგორც ცნობილია, გამარჯვებული პროექტი 10 სექტემბერს გამოვლინდება.

 

 

წყარო: bpn