ლეგენდარული ალექსანდროული რაჭიდან. როგორ იქმნება ხვანჭკარა

2017.04.07 11:28:58
ლეგენდარული ალექსანდროული რაჭიდან. როგორ იქმნება ხვანჭკარა

რაჭული მეღვინეობა ალექსანდროულის ჯიშის ყურძნის გარეშე ისევე წარმოუდგენელია, როგორც სამეგრელო - ოჯალეშის, იმერეთი - ცოლიკოურისა და კახეთი რქაწითელის გარეშე.

 

ალექსანდროულისაგან ყენდება „ხვანჭკარად“ სახელდებული ცნობილი ნახევრადტკბილი ღვინო, რომელიც გასულ საუკუნეში მთელს საბჭოთა კავშირში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.

ალექსანდროული განსაკუთრებით გავრცელებულია ქვემო რაჭის სოფლებში: ხვანჭკარაში, პირველ და მეორე ტოლაში, სადმელში, ჭრებალოში, ღვიარაში, ქვედა ქვაშარში და სხვა...

ალექსანდროულისგან დამზადებულ „ხვანჭკარას“ საქართველოში წლების მანძილზე „ყიფიანის ღვინოდაც“ მოიხსენებდნენ. როგორც ცნობილია, მემამულე ყიფიანმა მეფის რუსეთის დროს ალექსანდროულისაგან დაყენებული ნახევრად ტკბილი ღვინო პირველად გააცნო ღვინოს მოყვარულებს და, შესაბამისად, ღვინოსაც მისი სახელი ეწოდა.

 

ხვანჭკარა – ცნობილი რაჭული ნახევრადტკბილი ღვინო

 

ალექსანდროულისაგან ნახევრადტკბილი ღვინის გარდა, წითელი მშრალი სუფრის ღვინოც მზადდება. იმისათვის, რომ ალექსანდროული კარგად დაიწუროს, რაჭველები წურვის პროცესში ტკბილს აცლიან და დროებით ასხამენ ქვევრში. წურვის დასრულების შემდეგ კი, ტკბილს ქვევრიდან კვლავ საწნახელში აბრუნებენ. ამის მერე, ტკბილსა და ჭაჭას ერთად ურევენ და დასადუღებლად საწნეხელშივე ტოვებენ. ერთი კვირის შემდეგ, როდესაც პირველადი დუღილი დასასრულისაკენ წავა, ღვინო ქვევრებში გადააქვთ. მეღვინეები ჩვენს მიერ მრავალგზის ხსენებულ ნახვერადტკბილ „ხვანჭკარას“ ხშირად სამი რაჭული ყურძნის ჯიშის: ალექსანდროულის, მუჯურეთულისა და შავი კაბისტონის შერევით ამზადებენ.

 

ბოთლირებული სახით ალექსანდრეულს საქართველოში საკმაოდ ბევრი ღვინის კომანია აწარმოებს. გამორჩეულია შპს „ალექსანდროული“, რომელიც ვენახებს მდინარე რიონის ორივე ნაპირზე, სოფლებში – ბუგეული და ჟოჟხა ფლობს. კომპანიის მთავარი მეღვინე, კახა გორდეზიანი ამბობს, რომ დღეს რაჭაში სავენახე ფართობების თითქმის 80% ათვისებულია და ახალი ვენახების გაშენება ძირითადად მეპატრონეების მიერ მიტოვებულ კარ-მიდამოებებზეა შესაძლებელი.

 

კახა გორდეზიანი: ,,წელიწადში, საშუალოდ, 150 ათასი ბოთლ „ხვანჭკარასა“ და 40 ათას ბოთლ მშრალ ღვინოს ვაწარმოებთ. სულ ახალგაზრდა, 10 წლის ვენახები გვაქვს. ასევე გაგვაჩნია დაახლოებით 5 ჰექტარი ცარიელი ტერიტორია და მომავალში ამ ტერიტორიაზეც ვაპირებთ ვენახის გაშენებას. რაჭაში სავენახე ფართობების 80% ათვისებულია და ახალი ვენახების გაშენება ძირითადად მეპატრონეების მიერ მიტოვებულ კარ-მიდამოებზეა შესაძლებელი".

 

წყარო : allwine.ge