სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 17 სექტემბერს ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრას გამართავს

2018.09.16 20:19:55
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 17 სექტემბერს ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრას გამართავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და USAID REAP-ის მხარდაჭერით, 17 სექტემბერს, თბილისში, ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან შეხვედრა გაიმართება. 

 

სამინისტროს ცნობით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორი და სააგენტოს წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ პრეზენტაციას ონლაინ პლატფორმის WWW.TRADEWITHGEORGIA.COM შესახებ, რომლის მეშვეობითაც ქართველი მეწარმეები და სერვისის მიმწოდებლები დარეგისტრირდებიან და შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი პროდუქცია/სერვისები უცხოურ პოტენციურ პარტნიორებს გააცნონ.

 

„საიტის მიზანია, ქართული ნაწარმითა და სერვისით დაინტერესებული პირებისათვის (უცხოელი იმპორტიორი, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები და ა.შ) ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე გამარტივდეს წვდომა.

 

სახელმწიფო აქტიურად იქნება ჩართული საიტის პოპულარიზაციის კამპანიაში, როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე, მიზნობრივ ბაზრებზე. ხელმისაწვდომი იქნება გზამკვლევი და ვიდეოგაკვეთილი, რომელიც დაეხმარება კომპანიებს პროფილის შევსების პროცესში.

 

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოება სააგენტოს საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებსაც გაეცნობიან. ადგილობრივი მეწარმეები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ“,- ნათქვამია განცხადებაში.