ქართული ჩირი უცხოეთის ბაზარზე წარმატებით იყიდება

2018.02.12 12:15:39
ქართული ჩირი უცხოეთის ბაზარზე წარმატებით იყიდება

ქარელის ხილის საწარმო ორი წლის წინ აშენდა სახელმწიფოს დახმარებით.

ამისკენ მეწარმეებს რამდენიმე ფაქტორმა­ უბიძგა: უპატრონობით დამპალმა ქართ­ულმა ხილმა, მით უფრო, რომ მეწარმე­ებსაც ჰქონდათ ხილის ბაღები, ჩირზე ევრ­ოკავშირის ბაზრის მოთხოვნამ და, რასაკვირველია, საკუთარი თავის რწმენამ. საწარმოს აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ­ დემურიშვილი ამბობს, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია. - ამის ხეობაში, სოფელ სამწევრისში ხეხილის ბაღები გვქონდა 15 ჰექტარზე. ძირითადად, ქლიავისა და ვაშლის. კარგი მოსავალი მოგვდიოდა, მაგრამ გასაღება გვიჭირდა. თუმცა, ქარელის ქარხნისთვის მხოლოდ 15 ჰექტარზე მოწეული ხილი ზღვაში წვეთია და ცხადია, ხილს საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ვიღებთ, ძირითადად, გლეხებისგან. სოფლები ფეხით შემოვიარეთ და გლეხობას ხილის შესყიდვა­ შევთავაზეთ. ჩვენი ფასი მაქსიმალური არ არის, მაგრამ არცთუ ცოტაა, ასე რომ, მომწოდებელი გვყავს.

 

ჩვენ ამ მოსავალს დაახლოებით 36 დღის განმავლობაში ვაშრობთ და ჩირად ვაქცევთ, მერე კი უცხოეთში გაგვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენი ჩირი ჩინეთში, ჰოლანდიასა და გერმანიაში იყიდება. თან სხვა ბაზრებსაც ვეძებთ. - ასე მალე უცხოეთის ბაზარზე გზის გაკაფვა დაუჯერებელიც კია. - არსებობს საერთაშორისო ფესტივალები, სადაც შეიძლება შენი პროდუქცია­ სხვადასხვა ქვეყანას შესთავაზო. მით უფრო, რომ ჩვენ ჩირის სტანდარტის ლიცენზია გვაქვს და ჩვენი პროდუქციის მიმართ ეჭვი არ ჩნდება. ბაზარი პირადი კონტაქტებით მოვიპოვეთ. მთავარია, მომხმარებელს გემო მოეწონოს და მოთხოვნაც გაიზრდება. ქარელის ქარხნის პროდუქცია ჰონკონგის 300 მაღაზიაში იყიდება, რომელთა მომხმარებლების აზრი ჩვენს ჩირზე "ფეისბუკის" გვერდებით ვიცით - წერენ, ეს ეგზოტიკური გემოს "უცნაურობა" იმდენად კარგია, რომ ყველას გირჩევთ, იყიდოთო. - ბებიების დამზადებულ ჩირზე უკეთესია? - ბებიების ჩირი მეც მიყვარს, მაგრამ მას ერთი ნაკლი აქვს, - სამ თვეზე მეტხანს არ ინახება და დამზადებაც არ არის იოლი, ჩვენ კი საწარმოში ვაშრობთ და მაქსიმუმ 36 საათია საჭირო, რომ საუკეთესო ხარისხის ჩირი მივიღოთ შაქრიანობისა და გემური თვისებების შენარჩუნებით. - გამოსაშრობად ყველაზე მეტი დრო რომელ ხილს სჭირდება? - ხილს - არა, ბაღჩეულს. საზამთროს გამოსაშრობად 36 საათია საჭირო. - საზამთროს ჩირი?! საინტერესოა... - უგემრიელესია! ბევრი სხვა ხილი ვერ დაიკვეხნის ასეთ გემოს. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ჩვენი საწარმოს წყალობით კახეთს საზამთროს გასაღების ბაზარი აქვს, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.