17 წლის გვანცა ჯგუშიას ნახატებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო

2018.02.05 15:30:35
17 წლის გვანცა ჯგუშიას ნახატებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო

„მგონია, რომ ჩვენს თაობას (-18 თაობას) დროის ფლანგვის ძალიან დიდი შიში გვაქვს, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც მხოლოდ ბრენდის ხიბლი აქვთ, თუნდაც, ხელოვნებაში. 

 

ამ დროს დამეთანხმებით, ალბათ, რომ ხელოვნება ზუსტად ის სფეროა, სადაც საკუთარ თავზე მუშაობა, ნიჭი და ორიგინალური ხედვა ბევრად მეტს გაძლევს, ვიდრე რაიმე სტატუსი ან კომპანია, რომლისთვისაც მუშაობ. ვფიქრობ, რომ საქართველოში -18 არტისტებს ძალიან დიდი ზეწოლა აქვთ, დაეწიონ პროფესიონალ არტისტებს ტექნიკურ დონეზე, მაგრამ მაინც ვერ მიიპყრობენ ქართველი აუდიტორიის ყურადღებას მანამ, სანამ უმაღლესი განათლების საბუთს არ დადებენ ან პრესტიჟული კომპანიის თანამშრომლები არ აღმოჩნდებიან“, – გვანცა ჯგუშია, იგივე Artist Merm 17 წლის ზეტ თაობის წარმომადგენელი ქართველი არტისტია, რომელმაც ხატვა ღრმა ბავშვობიდან დაიწყო, ძირითადად, ზღაპრების ჩანახატებს ხატავდა მათი აღწერილობიდან გამომდინარე.

 

შემდეგ გადაწყვიტა, რომ სამოსის დიზაინერი გამოსულიყო და მოდელების ესკიზების ხატვა გახდა მისი ჰობი. ამბობს, რომ თითქმის თვითნასწავლია, ხატვაზე პირველად 16 წლის ასაკში მიიყვანეს, სადაც 6 თვე ემზადებოდა ფერწერაში. შემდეგ სასწავლებელი პროგრამით აშშ–ში გაემგზავრა და სკოლის სამხატვრო სტუდიის წევრი გახდა. ArtBreak 2017-ის გამარჯვებულია აკვარელის საუკეთესო ნამუშევრისთვის, ხატავს ტილოზე, თიხაზე ბავშვობაშიც უმუშავია, თუმცა მორგვზე მუშაობა წელს აითვისა Northwestern State University-ს ლექტორისგან. მისი ნამუშევრებს პოვნა სტრიტ არტშიც – თბილისის ქუჩებშიც ვიპოვნით.

 

 

"Artist Merm-ის სახელით სულ 3 წელია, რაც ვსაქმიანობ. ეს სახელი მაშინ გაჩნდა, როცა გრაფიტითა და სტრიტ არტით დავინტერესდი და დამჭირდა ე.წ. Tag მქონოდა. Merm არის Mermaid-ის შემოკლებული ფორმა. ქალთევზას მანამდე მეგობრები მეძახდნენ ჩემი ცურვის სიყვარულიდან გამომდინარე.

 

ჯერ ისევ ჩემი თავისი ძიებაში ვარ და არ მგონია, რაიმე კონკრეტული აკვიატება გამაჩნდეს თემატიკის, მედიის ან სტილის თვალსაზრისით. თუმცა ძალიან მხიბლავს ქართული კულტურა და ვცდილობ, ჩემს ნამუშევრებს ეტყობოდეს ჩემი პირადი და ასევე, ეროვნული იდენტობა, ისევე როგორც, ვთქვათ, ამას ფრიდა კალო ახერხებდა. ინსპირაციას წყარო ყველაზე ხშირად მუსიკა ხდება.

 

ჩემი პირველი ნამუშევარი დიდ ფორმატზე იყო „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ძალიან დაბალი დონისაა, მაინც ჩანს ჩემთვის დამახასიათებელი ურბანული ვაიბი."

 

 

"პირველი ნამუშევარი ტილოზე არის ავტოპორტრეტი წვიმიან თბილისში – ქალაქი, რომელიც მხოლოდ წვიმის დროს ფერადდება."

 

 

პირველი კერამიკული ნამუშევარი – ქალთევზას ფინჯანი

 

 

"განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე როი ლიხტენშტეინმა მოახდინა. არასდროს წარმომედგინა ჩემი თავი პოპ–არტში და საკმაოდ რთულ მიმდინარეობად მიმაჩნდა. თუმცა წელს გავბედე და ტილოზე გადმოვიტანე შოთა რუსთაველი როის სტილში. გავლენას რაც შეეხება, ყველანი ვართ ვიღაცის/რაღაცის გავლენის ქვეშ ქვეცნობიერად, თუმცა დაზუსტებით ვერ გეტყვით, ვისი გავლენის ქვეშ ვიმყოფები, ამჟამად."