გორში თაფლის გადამამუშავებელი თანამედროვე სტანდარტების საწარმო გაიხსნება

2017.11.06 13:32:02
გორში თაფლის გადამამუშავებელი თანამედროვე სტანდარტების საწარმო გაიხსნება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.

 

 საწარმო აღჭურვილი იქნება თაფლის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება საათში 800 კგ-მდე თაფლის გადამუშავება და ერთგვაროვანი თაფლის მიღება, მოეწყობა სასაწყობე ინფრასტრუქტურა.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი კრიტერიუმებით, კოოპერატივში გაერთიანებული მეპაიე-კოოპერატივების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 35 კოოპერატივს, რომელთაც საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 7000 სკა. 

 

წარმოებული თაფლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს დაეკისრება ვალდებულება დაიცვას „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი“, დანერგოს მიკვლევადობა და HACCP-ის სისტემები. 

 

“მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა 2018 წელს განხორციელდება. პროგრამის მიზანია, მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტური და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგის განვითარება, დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება.