„თელიანმა ველმა“ „ქინძმარაულის მარანის“ 100- პროცენტიანი წილი შეიძინა

2019.08.06 12:47:45
„თელიანმა ველმა“ „ქინძმარაულის მარანის“ 100- პროცენტიანი წილი შეიძინა

საინვესტიციო კომპანია საქართველოს კაპიტალის (Georgia Capital) პორტფელში შემავალმა კომპანია „თელიანმა ველმა“ „ქინძმარაულის მარანის“ 100- პროცენტიანი წილი შეიძინა. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ინვესტიცია 8 მილიონ დოლარს აღემატება თუმცა, კომპანიაში თანხის ოდენობის დასახელებისგან თავს იკავებენ.

 

 

 

„თელიანი ველის“ კომერციული დირექტორის ირაკლი ბოკუჩავას განცხადებით, „ქინძმარაულის მარნის“ ყიდვის ერთ-ერთი მიზანი ვენახების გაფართოვებაა.

 

 

 

„ქინძმარაულის მარანი შევარჩიეთ იმიტომ, რომ კომპანიას 350 ჰექტარამდე ფართობზე ჰქონდა გაშენებული ვენახები - ძირითადად, საფერავის ჯიშის ვაზი, ასევე რქაწითელი, ქისი და ა.შ. ამ შენაძენის შემდეგ „თელიანი ველის“ ჯგუფის ვენახების მთლიანი ფართობი 450 ჰექტარამდე გაიზარდა. ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ წარმოება დიდ წილად ჩვენი საკუთარი ყურძნით ვუზრუნველვყოთ თუმცა კომპანია ყურძენს გლეხებისგანაც შეიძენს. რაც შეეხება ყურძნის შესასყიდ ფასს, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის და ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად ჩამოყალიბდება“,- განაცხადა ირაკლი ბოკუჩავამ.

 

 

 

„კომერსანტის“ ინფორმაციით, „თელიანი ველი“კახეთში კიდევ ერთი ღვინის კომპანიის ყიდვას გეგმავს. ინფორმაციას ადასტურებს ირაკლი ბოკუჩავაც თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე მოლაპარკებები მიმდინარეობს, კომპანიის სახელის დასახელებისგან და დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

 

 

 

 

ჩვენთვის მხოლოდ იქ გახდა ცნობილი, რომ „თელიანი ველს“, რომელიც ამ ეტაპზე 40 სახეობის ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებს, მათ შორის ჭაჭას და ცქრიალა ღვინოს, მომავალში ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.

 

 

 

ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი რა დაერქმევა კომპანიას, რომელიც კახეთის სამ მსხვილ ღვინის კომპანიას გააერთიანებს. 

ამ ეტაპზე დადასტურებულია ის, რომ „თელიანი ველის“ ჯგუფის კომპანიებს ხელმძღვანელობს გიორგი ცხადაძე, რომელიც მანამდე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი იყო.

 

 

 

 

 

„თელიანი ველის“ ძირითადი აქციონერები არიან: საქართველოს კაპიტალი და Firebird (აშშ) .

 

 

 

 

რაც შეეხება „ქინძმარაულის მარანს“ - კომპანია 2001 წელს დაარსდა და მისი მფლობელია „თელიანი ველის“ ჯგუფში შემავალი სააქციო საზოგადოება „ჰარვესთ ჯორჯია“, რომლის დირექტორი მარიამ თითბერიძეა. კომპანიის თანამედროვე საწარმო უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. ქინძმარაულის მარანაში ღვინის ოცამდე სახეობას აწარმოებენ, ამავდროულად, კომპანია აწარმოებს ქართულ ტრადიციულ სპირტიან სასმელს -ჭაჭას.

 

 

წყარო: კომერსანტი