ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა მოიმატა

2019.07.03 15:31:34
ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე  საწვავის ფასმა მოიმატა

ნავთობპროდუქტები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ ლიტრზე 3-6 თეთრით გაძვირდა.

 

 

 

ევრო რეგულარის ახალი ფასი “გალფის“ ქსელში 2,54 ლარი ; “სოკარში“ —  2,43 ლარი ; “ვისოლში“ —  2,54 ლარი,  ხოლო “ლუკოილის“ ქსელში — 2,46 ლარია.

 

 

 

5 თეთრით გაიზარდა საწვავის ფასი “ვისოლის“ ქსელის ბენზინგასამართ სადგურზე. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებს, რომ საწვავზე ფასის მატების მიზეზი ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასის მატება და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსია. ამასთან, მისი თქმით,  შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ფასი კიდევ დაკორექტირდეს.

 

 

 

„ორი მთავარი კომპონენტია რის გამოც იზრდება ფასი, ეს არის ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასის მატება და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურს. ამ ეტაპზე 5 თეთრით გაიზარდა ფასი, ძნელია იმის თქმა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება თუ არა საწვავის ფასი. ამ ეტაპზე ჩვენ ვიქნებით ადეკვატურები  — თუ წამოვა შემცირების ტენდეცია ჩვენც შევამცირებთ, თუ წავა ზევით კიდევ გავზრდით ფასს“, - აცხადებს ვასილ ხორავა.

 

 

 

საწვავის ფასი გაიზარდა “ლუკოილის“ ქსელის ბენზინგასამართ სადგურზეც. როგორც გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე განმარტავს კომპანია ისე გაზრდის ან შეამცირებს ფასს, როგორც იმ ეტაპისთვის არსებული მდგომარეობა უკარნახებს.

 

 

 

 

 

 

„როგორც ყოველთვის ახლაც ყველაფერი ერთად მოქმედებს საწვავის ფასზე. ვალუტის კურსის დევალვაცია და ასევე თითოეული ბიზნეს სუბიექტის გადაწყვეტილება. ვისაც როგორ უნდა ისე აწევს და დაწევს, მთავარია კანონმდებლობასთან არ მოვიდეს წინააღმდეგობაში. კონკრეტულად ჩვენ დღეს დილიდან შევცვალეთ ფასები, რაც განპირობებული არის მსოფლიო ბაზრის ფასისა და ვალუტის კურის ერთობლიობით“,- აცხადებს შავლეგ მიშველაძე.

 

 

 

 

 

აღსანიშნავია ის, რომ 2019 წლის 2 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

 

 

 

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 62,40  (- 2,66)  დოლარი/ბარელზე.

 

 

 

 ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 56,25 (- 2,84)  დოლარი/ბარელზე.

 

 

 

ნავთობზე ფასების ზრდის გადამწყვეტ იმპულსად ანალიტიკოსები ამჯერად დიდი ოცეულის სამიტს ასახელებენ, სადაც მნიშვნელოვანი ნავთობმიმწოდებელი ქვეყნები - რუსეთი და საუდის არაბეთი წარმოების ლიმიტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

 

 

 

როგორც ვლადიმერ პუტინმა და საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა შაბათს განაცხადეს, ნავთობის წარმოების შეზღუდვითი პროცესი 6-დან 9 თვემდე გადაიწევს.

 

 

წყარო: commersant