თბილისში ავტოდრომი ლილო-არენა მოეწყობა

2019.05.14 11:57:45
თბილისში ავტოდრომი ლილო-არენა მოეწყობა

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.

 

ამ ეტაპზე ვებგვერდზე 66 მიმდინარე, 336 დაბლოკილი, 865 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 20 იდეა განხილვის პროცესშია, სამი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

 

„ბიზნესპრესნიუსი“ ერთ-ერთ შეთანხმებულ იდეას გთავაზობთ, რომელიც საავტომობილო სპორტულ-საგანმანათლებლო კომპლექსის მოწყობას გულისხმობს.

 

„პროექტის იდეა მომდინარეობს საქართველოს გზებზე შექმნილი ვითარებიდან - ქუჩის უკანონო რბოლები (ვინაიდან არ არსებობს არცერთი მეგობრული სივრცე მოყვარული თუ პროფესიონალი ავტომობილისტებისთვის), სატრანსპორტო საშუალებების მართვის კულტურის დაბალი დონე, გახშირებული ავარიები (რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდება), მომატებული საცობები, დაუცველი მძღოლები, ქვეითები და სხვა.

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია შეიქმნას მულტიფუნქციური საწვრთნელ-გასართობი და სპორტული კომპლექსი სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაერთოს, ივარჯიშოს, იმეცადინოს ან ამეცადინოს ვინმე.

 

კომპლექსის ბაზაზე მოხდება ავტომობილის მართვის პედაგოგ-ინსტრუქტორთა მომზადება-გადამზადებაც, რომელსაც გვავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. განხორციელდება მნიშვნელოვანი რეგიონალური პროგრამები, რაც თავის მხრივ შესაბამისი ევრო დირექტივების დანერგვის წინაპირობაა. კომპლექსში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (მათ შორის საერთაშორისო მისიების) მომზადება-გადამზადება შესაბამისი ინდივიდუალური პაკეტების მიხედვით.

 

კომპლექსში შექმნილი ინფრასტრუქტურა და მაღალი უსაფრთხოების დონე, საშუალებას მოგვცემს ავტომობილის ფიზიკა და გზებზე უსაფრთხოდ მოძრაობა შევასწავლოთ საშუალო სკოლის მოსწავლეებსაც სხვადასხვა ასაკიდან. სწორ ღირებულებებზე გაზრდილი მოსწავლისგან პერსპექტივაში მივიღებთ მაღალი კულტურის მქონე მძღოლს.

 

კომპლექსის ბაზაზე მოეწყობა სპეციალური სარბოლო მონაკვეთები, ავტო-მოტო ღონისძიებების გამართვის მიზნით, რაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასთან ერთად, მოგვცემს სისწრაფის მოყვარული მძღოლების უსაფრთხო და სპეციალურად მათთვის მომზადებულ ტერიტორიაზე გადაყვანის საშუალებას. აღნიშნული კომპლექსის ბაზაზე გადამზადებული მძღოლები, ვისთვისაც ავტომობილის მართვა პროფესიაა, მიიღებენ ევროპული დონის პროფესიულ ცოდნას, რაც საშუალებას მისცემს მათ, დასაქმდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში.

 

ასევე კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩაუტარონ ტესტირება და გადამზადება საკუთარ მძღოლებს. გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური პროგრამა შშმ პირებისთვის, რაც გულისხმობს ავტომობილის მართვის მათზე მორგებული საწვრთნელი პროგრამის შემუშავებას.

 

კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება აღნიშნული ტერიტორიის ნაწილის „საბავშვო ავტოქალაქის“ ფუნქციით დატვირთვა, რაც სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის საწყისი ცოდნის და უნარ-ჩვევების შეძენას შეუწყობს ხელს.

 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭიროა დაახლოებით 6 ჰექტარი ტერიტორია, რათა მოხდეს სხვადასხვა ტიპის საწვრთნელი მოედნის ოპტიმალურად გადანაწილება, სადაც შესაძლებელი გახდება, ერთდროულად, რამდენიმე ტიპის აქტივობის მოწყობა. ჩვენ შევისწავლეთ თბილისში არსებული სხვადასხვა ტერიტორია, რომელიც პოტენციურად მიესადაგებოდა აკადემიის მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული მიწის მონაკვეთი ნომერი - 01.19.13.004.030 ნაწილი დააკმაყოფილებს ყველა პარამეტრს და გთხოვთ, განიხილოთ მოცემულ მიწის ნაკვეთზე ჩვენი იდეის განხორციელების საშუალება,“- აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.

 

იდეა მევლუდ მელაძეს ეკუთვნის და მასზე ხმის მიცემის ვადა 13 მაისამდე იყო. დაგროვებული ხმების რაოდენობა 2 508 , მაშინ როცა საჭირო ხმების რაოდენობა 2 500-ია.

 

 

წყარო: bpn