ქართული ღვინის კომპანიები გამოფენა Prowein-2019 -ში მიიღებენ მონაწილეობას

2019.03.19 12:01:27
ქართული ღვინის კომპანიები გამოფენა Prowein-2019 -ში მიიღებენ მონაწილეობას

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში „ProWein-2019“ ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს.

გამოფენა “ProWein“ წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს გამოფენას მსოფლიოს 133 ქვეყნიდან 60 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და დაინტერესებული სტუმარი ეწვია, რაც კომპანიებისთვის ახალი კონტაქტებისა და იმპორტიორების მოძიების საუკეთესო შესაძლებლობაა. გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია 60-მდე ქვეყნის მეწარმეებმა წარადგინეს.

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები გამოფენაში მონაწილეობენ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით. გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრება.

გამოფენა “ProWein“ წელს საიუბილეოა - იგი 25-ედ იმართება. საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა.

გამოფენის ფარგლებში ორ ქართულ კომპანიას „მეღვინეობა ჩელთის“ და „მეღვინეობა ვაზიანს“ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე "MUNDUS VINI"-ზე მოპოვებული ჯილდოები გადაეცათ. კერძოდ, „მეღვინეობა ჩელთის“ ღვინოებმა 4 ოქროს მედალი და 1 “გრანდ ოქრო“, ხოლო „მეღვინეობა ვაზიანის“ ღვინომ ოქროს მედალი დაიმსახურა.