როგორ მოვიცილოთ ნეგატიური სტატუსი და ამოვეშალოთ კრედიტ- ინფოს ბაზიდან

2018.04.11 11:50:29
როგორ მოვიცილოთ ნეგატიური სტატუსი და ამოვეშალოთ კრედიტ- ინფოს ბაზიდან

ფიზიკურ პირებს, რომლებსაც ერთხელ მაინც უსარგებლიათ საბანკო, მიკრო საფინანსოს ან ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციის პროდუქტით, საკრედიტო ისტორია აქვთ. 

 

 

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაფარეთ ესა თუ ის ვალდებულება, ხომ არ გადააცილეთ გადახდის გრაფიკს, ან პირიქით წინსმწრებით დაფარეთ და ა.შ., ეს ყველაფერი „კრედიტ-ინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში ინახება.

 

არსებობს ორი სახის კატეგორიის ისტორიები - პოზიტიური და ნეგატიური. ბუნებრივია, პოზიტიური გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელმა ისარგებლა ამა თუ იმ საბანკო პროდუქტით და წარმატებით დაფარა. ხოლო თუ ადამიანი გადახდებს აგვიანებდა, ან ახლაც მიმდინარე დავალინება ერიცხება, რომელსაც არ იხდის, ავტომატურად ხვდება ნეგატიურ ბაზაში. შესაბამისად, ყოველი მომდევნო შემთხვევის დროს, როცა მას ისევ დასჭირდება კომერციული ბანკიდან ფულის სესხება ან სწრაფი სესხის აღება რომელიმე კომპანიიდან, მისი საკრედიტო ისტორია უარყოფითად იმოქმედებს და დიდი ალბათობით, სესხს ვერ მიიღებს.

 

„კრედიტ-ინფოს“ სტატისტიკური მონაცემებით, მათ ბაზაში საკრედიტო ჩანაწერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპისთვის კი ბაზაში სულ 24 687 694 ჩანაწერია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მილიონით არის გაზრდილი. დღეის მდგომარეობით, სულ აქტიური 5 880 113 სესხია. 

 

ამასთან, ამ ეტაპზე „კრედიტ-ინფოს ბაზაში ჩანაწერი სულ 2 537 374 ფიზიკურ პირსა და 94 193 იურიდიულ პირზე არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ტიპის საკრედიტო ვალდებულება სწორედ ამდენ ადამიანს და კომპანიას გააჩნია. ბოლო აღწერით საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, გამოდის, რომ სესხით მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 68,2% სარგებლობს.

 

უახლესი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 6% და არამარტო, „ნეგატიური სტატუსის“ მატარებელია ან როდესმე ატარებდა ამ სტატუსს. 

 

თუმცა საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როცა ფიზიკური პირი ვალდებულებას გაისტუმრებს. ხშირად ჩნდება კითხვა, ადამიანები როგორ უნდა ამოვიდნენ უარყოფითი ბაზიდან და მომავალში დაუბრკოლებლად როგორ ისარგებლონ საბანკო პროდუქტით.

„ბიზნესპრესნიუსმა“ აღნიშნული კითხვით „კრედიტ-ინფო საქართველოში“-ს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ ამა თუ იმ პიროვნებას „ნეგატიური სტატუსი“ სესხის დაფარვისთანავე უუქმდება, თუმცა რჩება სტატუსი - „იყო ნეგატიური“, რაც ბაზიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ ქრება.

 

„თუ კლიენტს აქვს მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება, რომლის გადახდა დააგვიანა 30 დღეზე მეტით, მაშინ მას ენიჭება ნეგატიური სტატუსი „არის ნეგატიური“ და სანამ პირი არ გადაიხდის ვადაგადაცილებულ დავალიანებას, მანამდე ექნება აღნიშნული სტატუსი. თუ პირმა გადაიხადა ვადაგადაცილებული დავალიანება, გადახდისთანავე „არის ნეგატიური“ სტატუსის შეცვლა ხდება ახალი „იყო ნეგატიური“ სტატუსით, რომელიც მიუთითებს, რომ კლიენტს ამჟამად მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება არ აქვს, თუმცა წარსულში ის ნეგატიური სტატუსის მატარებელი იყო. სტატუსი „იყო ნეგატიური“ მუდმივად რჩება სესხზე, სანამ აღნიშნული სესხი ჩვენს ბაზაში იარსებებს. სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ, „იყო ნეგატიური“ სტატუსის მატარებელი სესხი ფიზიკურად იშლება ჩვენს ბაზიდან“, - განგვიმარტეს „კრედიტინფო საქართველოში“.

 

არის კიდევ ერთი აქტუალური საკითხი - ადამიანები, რომლებიც „ნეგატიურ სტატუსს“ ატარებენ, აცხადებენ, რომ ამის შესახებ „კრედიტინფო საქართველოში“-დან ინფორმაცია არ მისვლიათ. როგორც „კრედიტინფოში“ აღნიშნავენ, კლიენტებს თავად შეუძლიათ შეამოწმონ, ხომ არ ატარებენ „ნეგატიურ სტატუსს“.

 

„ნეგატიური სტატუსი ფიზიკურ პირს ენიჭება მაშინ, თუ ის 30 დღეზე მეტს გადააცილებს სესხის გადახდის ვადას. აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ კლიენტებს ინფორმაციას არ ეგზავნებათ სს კრედიტინფო საქართველოდან, თუმცაღა საშუალება აქვთ გაიგონ 2 გზით: ან მოვიდნენ ოფისში და ჩვენ მივაწვდით მათ თავისი საკრედიტო ვალდებულებების შესახებ სრულ ინფორმაციას, მათ შორის ნეგატიური სტატუსის მინიჭების თარიღს, ვადაგადაცილებული დღეები რაოდენობა, დაფარული და მიმდინარე ვალდებულებების სიას და ა.შ. ანდა არის მეორე გზა - შეიძინონ მომსახურება „ჩემი კრედიტ-ინფო“, რის საშუალებითაც, ნებისმიერ დროს დისტანციურად შეეძლებათ, დეტალურად იხილონ თავიანთი ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ნეგატიურ სტატუსზე“, - აცხადებენ „კრედიტინფო საქართველოში“.

 

საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია ორგანიზაცია „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში (www.creditinfo.com). მოხმარებლებს საშუალება აქვთ პირადობის მოწმობის საფუძველზე საკრედიტო ისტორიას წელიწადში ერთხელ უფასოდ გაეცნონ. ხოლო თუ მომხმარებელს სურვილი აქვს მუდმივი წვდომა ჰქონდეს ამ ინფორმაციაზე, მაშინ ეს მომსახურება ფასიანია.

 

წყარო: bpn.ge/finansebi