ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიაში

2018.02.19 12:39:53
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიაში

ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში.

ტოკიოში გამართულ ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ. მათ იაპონელ პროფესიონალებთან ერთად შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართულ ღვინოებს. ტოჩინოშინის სტუმრობა გამოფენის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი.

 

ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო.: დისტრიბუტორები, იმპორტიორები, სომელიეები, რესტორატორები და ა.შ. დეგუსტაციებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და იგი წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს, რომელიც ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში 2017 წლიდან ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინის კომპანიები წარმოდგენილი იქნება იაპონიის მასშტაბურ გამოფენებზე „Wine & Gourmet Show“ და ,,FOODEX JAPAN“, ასევე სპეციალიზირებულ დეგუსტაციებზე იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში.