ბრენდად ქცეული ადამიანი

2019.03.18 14:58:58
ბრენდად ქცეული ადამიანი

brandnews-ი  ბრენდად ქცეული ადამიანის, ნანი ბრეგვაძის შესახებ მოგიყვებათ. 

ქართველი საესტრადო მომღერალი და  სახალხო არტისტი ნანი  ბრეგვაძე  დაიბადა 1936 წლის 21 ივლისს.  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ნანი ბრეგვაძეს საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული კარიერა აქვს. მისი შემოქმედება განსხვავებული და საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის სასიამოვნო მოსასმენია. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ,  შემოქმედებითი მოღვაწეობა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში; 1959 წლიდან გამოვიდა პროფესიულ ესტრადაზე; 1959-1964წწ. საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის "რეროს", 1964-1980წწ. ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის "ორერას" სოლისტია; 1980 წლიდან გამოდის სოლო კონცერტებით მის რეპერტუარში წამყვანი ადგილი უჭირავს ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო ნაწარმოებებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის 60-70-იან წლებში ქართული საესტრადო ლირიული სიმღერის აღმავლობაში; მაღალი ოსტატობით ასრულებს რუსი კომპოზიტორების სიმღერებს, განსაკუთრებით ძველ რუსულ და ბოშურ რომანსებს. არაერთი ქართული მხატვრული ფილმი აქვს გახმოვანებული: "ვერის უბნის მელოდიები"(რეჟ. გ. შენგელაია, 1973), "აურზაური სალხინეთში"და სხვ.; გადაღებულია თ. აბულაძის ფილმში " სამკაული სატრფოსათვის". 

 ნანი ბრეგვაძეს 2009 წელს მიღებული აქვს ერთ-ერთი პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიალის "ქართული ბრენდის დღის" ჯილდო, ნომინაციაში ბრენდ პერსონა.

 

 

გარდა ამისა, მიღებული აქვს უამრავი პრემიები, პრიზები და ჯილდოები, მათ შორისაა:

 

1995 - თბილისის საპატიო მოქალაქე

1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

1983 - სსრკ სახალხო არტისტი

1974 - საქართველოს სახალხო არტისტი

1972 - საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალი

1957 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალი, ლაურეატი ღირსების ორდენი.

2001 წელს ფილარმონიის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

მის სიმღერებზე აღიზარდა არაერთი თაობა და ბევრისთვის გახდა შთაგონების წყარო. ის ყოველთვის გამოირჩეოდა დახვეწილობითა და ელეგანტურობით, რომელსაც დრომ  ვერაფერი დააკლო.

ქართული ესტრადის დედოფლად წოდებულ ნანი ბრეგვაძეს, უდიდესი ღვაწლი აქვს შეტანილი ქართული ესტრადის განვითარებაში. ამას მოწმობს ის სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ქართველი ხალხი განიცდის მომღერლის მიმართ.