სტივ ჯობსია Apple თუ Apple -ია სტივ ჯობსი?

2017.03.22 12:20:04
სტივ ჯობსია Apple თუ Apple -ია სტივ ჯობსი?

აკეთეთ ის, რაც გიყვართ, უსმინეთ და ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას, მარცხშიც დაინახეთ დადებითი, ნუ ეცდებით იყოთ მართალი, შეეცადეთ იყოთ წარმატებული და იმუშავეთ ძალიან ბევრი. ბევრი მუშაობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, - ეს ის მთავარი აზრებია, რომლებიც ჯობსმა სტენფორდში ახალგაზრდებს გაუზიარა.

სტივენ პოლ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს, სან-ფრანცისკოში დაიბადა. მის ცხოვრებაში ტრადიციული არაფერი ყოფილა: ორეგონ რიდის კოლეჯში გატარებული ერთი სემესტრის შემდეგ სწავლა მიატოვა და კალიფორნიას დაუბრუნდა. სწორედ აქ, ავტოფარეხში, კოლეჯიდან გარიცხულ მეგობართან - სტივენ ვოზნიაკთან - ერთად Apple -ის პირველი კომპიუტერი შექმნა.

წყვილის შემდეგი კომპიუტერი კომპანიის პირველ ჰიტად იქცა, რომელსაც სულ მალე „მაკინტოშიც" მოჰყვა. მას შემდეგ სტივ ჯობსს საზოგადოებისთვის რევოლუციური შეთავაზებები არ მოუკლია: ჯერ iPod, შემდეგ - iPhone, ცოტა მოგვიანებით კი - iPad. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტივ ჯობსი მსოფლიოში ყველაზე ელეგანტური და ინოვაციური ტექნოლოგიების შემქმნელია.ამ წარმატებამდე იყო მისი სამსახურიდან გაშვების საკმაოდ უცნაური ამბავი და Apple -ისთვის დაკარგული 11 წელი. ის სამსახურიდან გაათავისუფლა ადამიანმა, რომელიც თავად დაიქირავა. ამ ფაქტით დაიწყო ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი მის ცხოვრებაში. შემდეგ ხუთ წელიწადში შექმნა კომპანია Next, მერე - კომპანია Pixar.

სტივ ჯობსი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ Apple -ის მიერ შექმნილ და სხვა კომპიუტერებს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ Apple ხელოვნებისა და მეცნიერების შერწყმას ცდილობდა.

2004 წლიდან ჯობსმა ჯანმრთელობის გამო სამჯერ შეწყვიტა მუშაობა. როდესაც 2009 წელს იმავე მიზეზით მეორედ დატოვა სამსახური, ჯოან ლაპინი, "ფორბსის" ჟურნალისტი წერდა: ,,ყველამ, ვინც iPhone -სა და iPod -ს გავუსინჯეთ გემო, უნდა ვილოცოთ მისთვის. იქნებ ჩვენმა მონდომებამ დაუბრუნოს მას ჯანმრთელობა და მან კვლავ შეძლოს გაგვიზიაროს მომავლის თავისი ხედვა".

სამწუხაროდ,2011 წლის 5 ოქტომბერს სტივ ჯობსი პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. Apple -ის ერთგულ მომხმარებლებს მან კითხვა დაუტოვა: გარდაიცვალა სტივ ჯობსი თუ გარდაიცვალა Apple?

 

სრული ვერსიის ნახვა : forbes.ge