„ნინიმო“ – ხელნაკეთი ფეხსაცმელების ახალი ქართული ბრენდი

2018.02.20 14:01:42
„ნინიმო“ – ხელნაკეთი ფეხსაცმელების ახალი ქართული ბრენდი

„მესამე-მეოთხე კლასში ბლოკნოტი მქონდა, რომელსაც ერქვა „ნინიმო“ და ეს იყო ბლოკნოტ-მაღაზია.

 

მეხატა ფეხსაცმელები, ჩანთები, კაბები, მაისურები და ჩემი კლასელი გოგოები ყიდულობდნენ „ნინიმოს“ არარსებული ფულით“, – ნინო მოსულიშვილი ხელნაკეთი ფეხსაცმელების მწარმოებელი კომპანია ,,ნინიმოს“ დამაარსებელია და უკვე წელიწად-ნახევარია, ბლოკნოტში დახატული ტყავის თარგებიდან ნამდვილ, ხელნაკეთ ფეხსაცმელებს ქმნის.

 

ნინო მოსულიშვილი- პროფესიით იურისტი ვარ, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მოდელირება ყოველთვის მიყვარდა. სტუდენტობის პერიოდში, ჩემი დიზაინით, ძალიან ხშირად ვიკერავდი ფეხსაცმელსა და სხვადასხვა ტანისამოსს. მორიგი ფეხსაცმლის შეკერვის დროს თითქმის მთელი ორი დღე ვიყავი ერთ-ერთ სახელოსნოში და მითითებებს ვაძლევდი ჩემს მკერავს. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ვიყავი ძალიან  ბედნიერი და კმაყოფილი. სწორედ ამ დღიდან გადავწყვიტე, მეკეთებინა ის საქმე, რომელიც მთელი ცხოვრება ასე ძალიან მიყვარდა და მომწონდა.

 

,,ნინიმოს” ფეხსაცმელზე მუშაობს ხუთი ადამიანი: დიზაინერი, მკერავი, კურიერი და ორი ხელოსანი. ფეხსაცმელი იკერება თბილისში, ჩემს სახლთან ახლოს ვქირაობთ ფართს, სადაც შეგვიძლია, დავდგათ საკერავი მანქანა, სახელოსნო ინვენტარი – შევქმნათ ყველა პირობა, რომ მასალა არ დაზიანდეს და მივიღოთ ის პროდუქცია, რაც შეესაბამება ,,ნინიმოს” ხარისხს. ფეხსაცმელი კეთდება მთლიანად ნატურალური მასალისგან და არის ხელნაკეთი, ხშირ შემთხვევაში, ფეხსაცმლის ძირიც ნატურალური ტყავია.