ANA N ANA – 20 წლის ქართველი დიზაინერის ქუდებმა მსოფლიო დაიპყრო

2018.01.17 15:58:08
ANA N ANA – 20 წლის ქართველი დიზაინერის ქუდებმა მსოფლიო დაიპყრო

ანა-ნანა ჩიკვილაძე 20 წლის დიზაინერია და ორი სახელი იმიტომ აქვს, რომ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ერთზე, თუმცა დღეს, უმეტესად, ნანუკათი მიმართავენ. 

 

 

ჯერ კიდევ მესამე კლასში დაიწყო მოდელების ხატვით ფულის შოვნა, შემდეგ კი, ოჯახში არსებულმა გარემომ უბიძგა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის საფუძვლების მიმართულებით სწავლის გაგრძელება, თუმცა მისი ახალი წამოწყების – ANA N ANA-ს გამო,  სწავლის შეწყვეტა და მთელი დროის, ძალებისა და იდეების ამ საქმეში ინვესტირება მოუწია. 

 

„ანანანა“, როგორც სიტყვა, ძალიან მომწონს, ოპტიკურადაც და მოსასმენად, ძალიან მარტივი და ლამაზია, თან პალინდრომია, წაღმა-უკუღმა ერთნაირად იკითხება.

ჩვენთან ოჯახში ყველა ქსოვს, სახლში უამრავი ძაფი გვაქვს და ყოველდღე ვუყურებდი ბრჭყვიალა კრისტალებს, ბევრ ფერებს. ბავშვობიდან ვხატავ, ძირითადად, ადამიანებს ქუდებითა და ჩანთებით. დაახლოებით, 7-8 წლის ვიყავი, ბებომ პირველი ესკიზი რომ გამიცოცხლა. მესამე კლასში დავიწყე დეიდაჩემისთვის „მუშაობა“ – წახალისების მიზნით, ხელფასი დამინიშნეს, 10 ლარი თითო მოდელში, რომელსაც დეიდა თავისებთან ერთად, საკუთარ მაღაზიაში ყიდდა. მოგვიანებით კი, 2016 წელს, როცა მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, გადმომიფორმა და გადმომაბარა კოტე აფხაზის N42-ში მდებარე მაღაზია{ ნანუკა დიზაინი} მთელი საქონლითა და ინვენტარით.

ANA N ANA ქმნის ქუდებს. ძირითადი კოლექციები იქმნება საქართველოში ჩემი, ოჯახის წევრებისა და დამხმარეების მიერ. საქართველოში წარმოებული ყველა მოდელის შესაქმნელად ვიყენებთ სხვადასხვა სახის ძაფს, როგორიცაა: 100%-იანი ბამბა, შალი, მოხერი, მირინოსი, ასევე, გაზაფხულზე ველოდები ბარსელონადან 100%-იან ალპაკას, ვიკუნიასა და ხარვერძის ძაფს, 8 თვე ველოდე რიგს, რომ 300 გრამი მეყიდა თითოეული სახეობა, იმდენად ძვირფასი და იშვიათია. დეკორაციებში ვიყენებ ქართულ გიშერსა და აბრეშუმს. კრისტალებსა და ქვებს – ინდოეთიდან. სხვადასხვა ფრინველის ბუმბულს თურქეთიდან.

ბრენდი, ძირითადად, ორიენტირებულია პარტნიორებზე, რომელთა ინტერესის წყაროსაც წარმოადგენს ხელნაკეთი, ძვირადღირებული საქონელი. ჩემი კლიენტები არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე ყველაფერი აქვთ და ეძებენ გამორჩეულსა და არაჩვეულებრივს. 2018–2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ფასები 115$-დან იწყება და 1000$-მდე ადის. ANA N ANA-ს პროდუქციის გაყიდვა ევროპაში ნოემბრიდან დაიწყო – ბერლინში, ჰამბურგსა და დუსელდორფში."