დუბაიში ქართული რესტორანი „მოდი დუბაი“ გაიხსნა

2018.12.12 14:09:03
დუბაიში ქართული რესტორანი „მოდი დუბაი“ გაიხსნა

დუბაიში, ცენტრალურ ნაწილში სასტუმრო სოფიტელის ბოლო, 31-ე სართულზე ქართული რესტორანი „მოდი დუბაი“ გაიხსნა, რომელშიც მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

დუბაიში ერთადერთი ქართული რესტორანი 150 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. როგორც „კომერსანტს“„მოდი დუბაის“ დამფუძნებელმა გია ნაცვლიშვილმა განუცხადა, რესტორანში მხოლოდ ქართული სამზარეულოა წარმოდგენილი და იქ მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისეთი კერძები დააგემოვნონ როგორიცაა - ხინკალი, საცივი, ხაჭაპური, ბადრიჯანი ნიგვზით, ლობიო, შქმერული, აჯიკა, ტყემალი და ჩურჩხელა. კვების პროდუქტები დუბაიში საქართველოდან ჩადის, რადგან გია ნაცვლიშვილის თქმით, ქართულ პროდუქტს ადგილობრივზე განსხვავებული გემური თვისებები აქვს.

 

 

 

რესტორნის ძირითადი სტუმრები - რუსები, უკრაინელები, არაბები, ფრანგები და ქართველები არიან, ხოლო მათთვის გამორჩეული კერძი ხშირ შემთხვევაში ხინკალი და ხაჭაპურია. ალკოჰოლური სასმელებიდან კი ყველაზე დიდი პოპულარობით, საფერავი, ქინძმარაული და ხვანჭკარა სარგებლობს.

 

 

 

რაც შეეხება „მოდი დუბაის“ საფასო პოლიტიკას, ის ადგილობრივ ბაზარზე საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.

 

 

 

„კომერსანტი“ - რესტორნის დუბაიში გახსნა რატომ გადაწყვიტეთ?

 

 

 

გია ნაცვლიშვილი: ხშირად მიწევდა დუბაიში სხვადასხვა რესტორნებში ბიზნესშეხვედრების გამართვა და აღმოვაჩინე, რომ ქართული რესტორანი არსად არ იყო. დუბაი მსოლიოში ერთ-ერთი დიდი ფინანსური ცენტრია და კომერციულად ეს ადგილი საინტერესოა, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურა დუბაიში მოთხოვნადია. იქ დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ჩვენ კულტურას და სამზარეულოს კარგად იცნობს. ჩვენი რესტორანი ორი თვის თავზე პოპულარულია და უკვე ერთგული მომხმარებლებიც გვყავს. პრაქტიკულად აქ მოსულ სტუმარს საქართველოს ვახვედრებთ. „მოდი დუბაიში“ 24 ქართველია დასაქმებული და მისი შემადგენლობა სრულად ქართულია.

 

 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას, ბიზნესმენის განცხადებით, დუბაიში დაახლოებით 5 000 საუკეთესო ქვეყნის რესტორანი არსებობს და კონკურენციაც შესაბამისად დიდია.

 

„ჩვენ გარკვეული ნიშით გამორჩეულები უნდა ვიყოთ ბაზარზე და სწორედ ამიტომ, პროფესიონალი მოცეკვავე მიმტანები გვყავს. მიმაჩნია, რომ სხვებს მხოლოდ  საკვებით და ხარისხით კონკურენციას ვერ გაუწევ,“ - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

 

რაც შეეხება რესტორნის სამომავლო გეგმებს, გია ნაცვლიშვილის განცხადებით, „მოდი დუბაის“ ანალოგი 2019 წელს მონაკოში გაიხსნება და რამდენიმე თვეში, ახალი წლის პერიოდის შემდგომ, პროექტზე მუშაობის პროცესიც დაიწყება.

 

გია ნაცვლიშვილი უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში აღარ საქმიანობს. მისი საქმიანობა - დუბაიში, უკრაინასა და ეგვიპტეში გრძელდება.

 

 

 

„კომერსანტის“ კითხვაზე რა სახის საქმიანობას ეწევა ბიზნესმენი ამჟამად და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბიზნესის წარმოება ქვეყანაში შექმნილი არამდგრადი ეკონომიკური სიტუაციის გამო ხომ არ გადაწყვიტა? - ნაცვლიშვილი გვპასუხობს, რომ - „სხვადასხვა სახის ბიზნესი მაქვს, მათ შორისაა გადაზიდვების. ეკონომიკური მდგომარეობა არა, მრავალი მიზეზებია ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ.“