Ann Clothing Brand ანუკა ხუციშვილის მიერ შექმნილი ტანსაცმლის ბრენდი

2018.11.29 14:18:09
Ann Clothing Brand ანუკა ხუციშვილის მიერ შექმნილი ტანსაცმლის ბრენდი

Ann Clothing Brand ანუკა ხუციშვილის მიერ შექმნილი ტანსაცმლის ბრენდია, რომელსაც საფუძველი სულ რამდენიმე თვის წინ, ზაფხულში ჩაეყარა. სისადავე, დახვეწილი შტრიხები და ორიგინალური ტექნოლოგია – სწორედ ასე ხასიათდება აღნიშნული ქართული ტანსაცმლის ბრენდი.

 

 

 

 საიდან გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა? 

გამომდინარე იქიდან, რომ მე და ჩემს დას ყოველთვის გვიძნელდებოდა ხარისხიანი და დახვეწილი ქალის სამოსის შერჩევა, გაგვიჩნდა იდეა, თავად გვეწარმოებინა ქალის სამოსის ხაზი, რომელიც დააკმაყოფილებდა ხარისხის და სისადავის მოყვარულთა მოთხოვნებს.

 

 რა იყო შემდეგ…

დავიწყეთ ხარისხიანი ქსოვილების მოძიება, შევიძინეთ ულტრათანამედროვე ტექნიკა, მოვიკრიბეთ პროფესიონალთა ჯგუფი და შევუდექით საქმეს. გაზაფხულზე დავიწყეთ წარმოება და ზაფხულში ჩავუშვით ონლაინ გაყიდვაში. სტარტმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც დიდი სტიმული იყო იმისთვის, რომ საქმე მეტი შემართებით და ენერგიით გაგვეგრძელებინა.

 

 

 

რა პროდუქციას ქმნით და სთავაზობთ მომხმარებლებს? 

ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ქსოვილებით და ხელით ნაქარგი დეტალებით შექმნილ ლიმიტირებულ კოლექციას. თითო მოდელი წარმოდგენილია ძალიან მცირე რაოდენობით, შეიძლება იყოს მხოლოდ ერთიც. ვცდილობთ, სამოსი არ გახდეს მასიური. აქცენტი კეთდება არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხსა და ინდივიდუალურ სტილზე.

 

 რა მასალას და ტექნოლოგიას იყენებთ პროდუქციის დასამზადებლად?

აღჭურვილები ვართ ულტრათანამედროვე ტექნიკით, გვყავს პროფესიონალთა ჯგუფი და ვიყენებთ მაღალი ხარისხის ქსოვილებს.

 

 

 

როგორ ფიქრობთ, რითი არის თქვენი პროდუქცია ბაზარზე გამორჩეული?

ვფიქრობ, ჩვენს გამორჩეულობას ამ სფეროში განაპირობებს ქალის სინაზის, სისადავის და ჰაეროვნების ხაზგასმა სამოსის შტრიხებში.

 

როგორია ბრენდის სამომავლო ხედვა? 

ჩვენი გეგმაც და მიზანიც არის თავდაუზოგავი შრომა და სწრაფვა განვითარებისაკენ. ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ყველა მაღალი სტანდარტი და გავზარდოთ ნდობა ქართული პროდუქციის მიმართ. დანარჩენს, ვფიქრობთ, დრო მოიტანს…

 

 

 

რაიმე პროექტსა ან კამპანიაში თუ ყოფილხართ ჩართული, ამაზეც გვესაუბრეთ… 

სექტემბერში მონაწილეობა მივიღეთ ფაბრიკის მიერ მოწყობილ „Market. tlv -ში“, რაც საკმაოდ ხელშემწყობი საფეხური აღმოჩნდა ჩვენი ბრენდის ცნობადობისა და სანდოობის ამაღლებისთვის.

 

ბრენდის განვითარების პერიოდში რა სირთულეებს წააწყდით? 

დასაწყისში, რა თქმა უნდა, რთული იყო გუნდის შემოკრება. ჩვენი მთავარი მოთხოვნა საქმისადმი პერფექციონისტული და ერთგული დამოკიდებულება იყო. თუმცა, ძალიან გაგვიმართლა. თანამშრომლები ზუსტად იმ სიფრთხილით და მონდომებით ეკიდებიან საქმეს, როგორც ამას ქალის სამოსის შექმნა მოითხოვს. რაც ახლა სირთულედ შეიძლება ჩაითვალოს არის ის, რომ ხანდახან ჩაფიქრებული ესკიზი სისრულეში მოყვანის დროს ჩანაფიქრს სცდება და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ჩნდება, ამ დროს ორმაგი ძალისხმევაა საჭირო, რომ პირველი მოდელი სრულფასოვანი გახადო.

 

 

 

ვისთვისაა გათვლილი თქვენი ბრენდი?

ჩვენი ბრენდი ალბათ უფრო გათვლილია სადა, ჰაეროვანი და დახვეწილი სამოსის მოყვარული ქალბატონებისათვის.

 

რა სერვისების გამოყენებით შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?

ჯერჯერობით, შემოვიფარგლებით ონლაინ გაყიდვებით. მომხმარებელს ვთავაზობთ კურიერის უფასო მომსახურებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ვუტოვებთ არჩეულ პროდუქტს მოსარგებად და გარკვეული დროის შემდეგ მყიდველი წყვეტს, დაიტოვებს მას თუ არა. სასიხარულოა, რომ, ძირითად შემთხვევებში, სამოსი უკან არ ბრუნდება. ერთგული მომხმარებლისგან არის დიდი მოთხოვნა რომ გვქონდეს ლოკაცია და ამ სურვილსაც მალე დავაკმაყოფილებთ.