„საინი“ – ქართული ასო-ნიშნები ჭურჭლის, ინტერიერისა თუ ექსტერიერის დიზაინში

2018.02.20 13:46:55
„საინი“ – ქართული ასო-ნიშნები ჭურჭლის, ინტერიერისა თუ ექსტერიერის დიზაინში

„საინი“ – ქართული ასო-ნიშნები ორნამენტებად: ჭურჭლის, ინტერიერისა თუ ექსტერიერის დიზაინში.

 

 

„საინი“ ნინო სლეპჩენკოსა და მისი მეუღლის, ლევან ვათეიშვილის ოჯახური სტარტაპია, რომელთა საერთო გამოცდილებაც, ინტერიერის დიზაინში, უკვე წლებს ითვლის. სახელოსნოს ფუნქციონირების შთაგონების წყარო ქართული ანბანი გახდა, რადგან სწორედ ქართული მხედრული ანბანის მეშვეობითა და სათანადო გეომეტრიულ სისტემაზე დაყრდნობით შექმნეს უნიკალური ორნამენტები და მათი სხვადასხვა ნივთზე გადატანით, ჭურჭელსა თუ ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინში, ქართული ანბანისა და კულტურის პოპულარიზებაშიც შეიტანეს წვლილი. დღესდღეობით, სულ 1200-ზე მეტი ორნამენტია შექმნილი და მომხმარებელს შეუძლია, სასურველი ასო-ნიშნის ორნამენტების ვარიაციებიდან შეარჩიოს ის, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს.

 

 

„საინის“ დამფუძნებელი, ნინო სლეპჩენკო- ჯერ კიდევ აკადემიაში ვსწავლობდი შრიფტის მხატვრობას ინა დივნოგორცევა-გრიგოლიასთან, რომელიც გამოჩენილი ქართველი მხატვრის, თანამედროვე ქართული გრაფიკის ფუძემდებლის, პროფესორ ვლადიმერ (ლადო) გრიგოლიას მეუღლე გახლდათ. ეს საგანი ყოველთვის მაინტერესებდა და მიყვარდა. ქართული ასოების სრულყოფილებამ დამაფიქრა იმაზე, რომ ისინი გამომეყენებინა ორნამენტის შესაქმნელად. ეს რთული მეთოდია, რომელშიც გეომეტრია და მათემატიკაა ჩართული და მხოლოდ რაიმე პროგრამის გამოყენება არ არის საკმარისი, რომ ასოების „ბრუნვის“ შედაგად, კომპოზიციურად სრულყოფილი ორნამენტი მივიღოთ. ორნამენტებზე მხოლოდ მე ვმუშაობ. შემდეგ, ლევანთან ერთად, ვქმნი დიზაინის ობიექტებს.