„აბუს ჩაი“ ქართული ნედლეულითა და შეფუთვით

2018.01.17 16:05:11
„აბუს ჩაი“ ქართული ნედლეულითა და შეფუთვით

„აბუს ჩაი“ დაწყებითი კლასების პედაგოგის, ნათია აბულაძის ამჟამინდელი გამოწვევაა და ქართული დროშის, ჩოხის, ორნამენტებისა და კუთხეების დიზაინით შექმნილ ხელნაკეთ ქისაში შეფუთულ ქართულ ჩაის სთავაზობს ქვეყნის ბაზარს.

 

ნათიას მიზანია, რომ საქართველოშიც დამკვიდრდეს ჩაის ჩუქების ტრადიცია და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, საქართველოს სწორი პოზიციონირებისთვის, მოხდეს ქართული ჩაის პოპულარიზაცია.

 

"„აბუს ჩაის“ შექმნა ხალხმა მიკარნახა, რამეთუ ბევრი ნაცნობი მიკავშირდებოდა და მეკითხებოდა, იქნებ მირჩიო, რა წავიღო უცხო ქვეყანაში ისეთი, რომ გემრიელიც იყოს და საქართველოს რეკლამაც გავაკეთო, რადგან ჩვენზე, სადაც კი მივდივარ, მწირი ინფორმაცია აქვთო. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, განმეხორციელებინა იდეა, რომელიც უკავშირდებოდა ქართული ჩაის წარმოებას, რაშიც დამეხმარა მხატვარი მეგობარი ლიკა კახიძე, რომელსაც გავუზიარე, როგორი დიზაინი ექნებოდა ახალ ქართულ ჩაის.

ამჟამად, ვაწარმოებ მხოლოდ სამი სახეობის ჩაის: შავი ჩაი, მწვანე და მოცვის ჩაი, ყოველგვარი დანამატებისა და საღებავების გარეშე. ჯერ მხოლოდ დასაყენებელი ჩაი გვაქვს, თუმცა ვგეგმავ სახეობების ერთჯერადი შეფუთვების დამატებას. ნედლეულს ვიღებთ როგორც გურიიდან, ისე იმერეთიდან. "