საქართველოში პირველი გადასატანი კოტეჯი შეიქმნა

2017.11.14 12:42:56
საქართველოში პირველი გადასატანი კოტეჯი შეიქმნა

Kote.ge–ს ერთ–ერთი დამფუძნებლის, გიორგი ესვანჯიას თქმით, გადასატანი კოტეჯის დამზადების იდეა 

პარტნიორებს შორის ურთიერთშეთანხმების შედეგად გაჩნდა,– "გადავწყვიტეთ, მოგვეწყო თბილი, მყუდრო კუთხე, ამიტომ ვიპოვნეთ ისეთი ვარიანტი, რომელიც ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი იქნებოდა და ფასიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ბიუჯეტს გაწვდებოდა," – აღნიშნავს ის.

 

გადასატანი კოტეჯის დამზადების იდეა პარტნიორებს დაახლოებით 2–3 წლის წინ გაუჩნდათ, რომლის განხორციელებაც წელს შეძლეს, – "ამის მიზეზი ჩემი და Kote.ge-ს დამფუძნებლის ლევან ტყემალაძის სხვადსხვა საქმეში ჩართულობა გახდა, თუმცა ჩვენ ამ საკითხზე კომუნიკაცია მუდმივად გვქონდა. შემდეგ, როდესაც ამ საკითხის მოგვარება დავიწყეთ, კოტეჯის დასამზადებლად სულ რაღაც ორი კვირა დაგვჭირდა, სიმართლე გითხრათ, გვქონდა მოლოდინი, თუმცა არ ვიცოდით, საბოლოოდ რას მივიღებდით. მაშინ ინტერიერის დეტალები გათვლილი არ გვქონდა, უბრალოდ ვაწყობდით, თუმცა საბოლოოდ მიღებული პროდუქტით ძალიან კმაყოფილები ვართ. აწყობის შემდეგ ინტერიერში მორგებული ნივთების მიხედვით მივხვდით, ზუსტად რა გამოდის, შემდეგ რაღაცები დავხვეწეთ. შემდეგი კოტეჯი უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე აწყობილი", – განმარტა გიორგი ესვანჯიამ.

 

გადასატანი კოტეჯს მკაცრ კლიმატურ პირობებში ამ ზამთარს გამოცდიან, Kote.ge-ს გუნდი დარწმუნებულია, რომ გადასატან კოტეჯში ცხოვრება ცივ ამინდშიც სასიამოვნო იქნება. "ტექნიკური მონაცემების თანახმად, მასალა, რომელსაც კოტეჯის დასამზადებლად ვიყენებთ, თბილია. ასევე, კოტეჯი პატარაა, ადვილად თბება, არ მოითხოვს დიდ ენერგიას და ამ მხრივ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ, თუმცა ზამთარი ჩვენი პირველი კოტეჯისთვის წელს მოდის და პრაქტიკაში გამოცდილი დეტალები ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდება", – აღნიშნავს გიორგი ესვანჯია.

 

30 ნოემბრიდან გაყიდვაში 9 კვ.მ ფართობის მქონე კოტეჯი გამოვა, თუმცა Start Up-ერები გეგმავენ, რომ 2018 წლიდან 12 კვ.მ ფართობის კოტეჯის დამზადება და რეალიზაციაც დაიწყონ, – "ამ ზომის კოტეჯები მობილურობის სტანდარტებიდან გამომდინარე ავირჩიეთ. გვინდა, რომ ადამიანების ცხოვრებაში შემოვიტანოთ რაღაც ახალი, მინი ცხოვრების სტილი, თორემ ვისაც დიდი კოტეჯების მშენებლობა სურს, არიან კომპანიები, რომლებიც ამას ახორციელებენ", –დასძენს Kote.ge-ს გუნდის წევრი. Start Up-ერებს პროდუქციის ექსპორტზეც უფიქრიათ, თუმცა გიორგი ესვანჯიას თქმით, პროექტი ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია, თავდაპირველად, თავი ქართულ ბაზარზე უნდა დაიმკვიდრონ, შემდეგ კი უცხოურს მოერგონ. როგორც კოტეჯის ავტორები ამბობენ, მათი ინოვაციური სახლების მიმართ მომხმარებლის დაინტერესება დიდია, ზოგიერთს კი შეკვეთის გაკეთება უკვე სურს.