BALENCIAGA- ლიდერი ბრენდი მოდის სამყაროში

2019.07.04 20:23:52
BALENCIAGA- ლიდერი ბრენდი მოდის სამყაროში

ბალენსიაგა (ესპ. Balenciaga) ესპანელი მოდის დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას მიერ დაარსებული მოდის სახლი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მოდის სამყაროში ერთ-ერთი წარმატებული ბრენდია. მან ქალების ტანსაცმლის სამყაროში მაღალი მოდისთვის დამახასიათებელი ფორმები შემოიტანა. კრისტიან დიორმა ბალენსიაგას „ოსტატთა ოსტატი“ უწოდა.

 კრისტობალ ბალენსიაგამ თავისი პირველი ბუტიკი გახსნა სან-სებასტიანში 1919 წელს.

 

დიორის „ახალი ლუქის“ რევოლუციის შემდეგ,კრისტობალი იყო პირველი დიზაინერი,რომელმაც საპირისპირო სილუეტი აირჩია და მოდის ინდუსტრიაში დიდი ფორმები დანერგა. ბალენსიაგა პირველი კუტიურიე იყო,რომელმაც მაღალ მოდაში ფორმები სარწმუნო გახადა. წელში გამოყვანილი ჟაკეტის მაგივრად, რომელიც მხოლოდ ვიწრო და სრულყოფილი წელის მქონე ქალბატონებს ერგებოდა, კრისტობალმა ქალებს განიერი ფორმები შესთავაზა. ის იწონებდა და აცმევდა ქალებს, რომლებსაც მუცელი ეტყობოდათ და არ იყვნენ ისეთი სრულყოფილები, როგორებიც დიორის და შანელის იმდროინდელი მუზები. 

 

ბალენსიაგა ძალიან ანონიმური და რთული პიროვნება იყო,იშვიათად თანხმდებოდა ინტერვიუებს და თითქმის არასდროს ჩნდებოდა საჯაროდ. მისი ერთადერთი ნამდვილი სიყვარული თავისი საქმე იყო,რომელსაც სიკვდილის წინ „ძაღლის სამუშაო“ უწოდა. 1972 წლის 23 მარტს WWD-ს ჰედლაინი იუწყებოდა: „მეფე გარდაიცვალა!“ კრისტობალ ბალენსიაგა პარიზში დაიღუპა და ამით ბრენდის პირველი თავი დაიხურა. მოდაში აღიარეს, რომ ბრენდი ბალენსიაგა კრისტობალ ბალენსიაგასთან ერთად მოკვდა. მაშინ როდესაც ლაგერფელდი შანელს ხელახლა ქმნიდა, სან ლორანი მონდრიანის კაბით მსოფლიოს იპყრობდა, ხოლო პრადა თავის პირველ იტ ჩანთაზე მუშაობდა, ბალენსიაგაში აღსანიშნი არაფერი ხდებოდა. 25 წელი საკმარისად დიდი დრო აღმოჩნდა საიმისოდ, რომ დიდებული მოდის სახლი დავიწყებას მისცემოდა.

კრისტობალის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ,1997 წელს ჩნდება ახალგაზრდა ფრანგი დიზაინერი, რომელიც ჰელმუტ ლენგის ასისტენტობაზე ოცნებობს. ნიკოლა ჟესქიერი 1971 წლის 9 მაისს საფრანგეთში დაიბადა. 18 წლის ნიკოლამ თავისი ესკიზები ჟან პოლ გოტიესთან მიიტანა და ინტერნობაზე განაცხადი გააკეთა. ასე მიიღო მოდაში თავისი პირველი სამსახური. 

 

2015 წლის 7 ოქტომბერს ინდუსტრია შეძრა სიახლემ, რომ ვეტმანის დამფუძნებელი, დემნა გვასალია ბალენსიაგას ახალი ხელმძღვანელია. ქუჩის სტილის დიზაინერი, რომელიც მარჯიელას სკოლას ეკუთვნის და ჩვენებებს გეი სექს კლუბში მართავს, ჩაიბარებს ერთ-ერთი ყველაზე დიდებული კუტიურიეს მოდის სახლს. 

„ვიცოდით, რომ ვრისკავდით. გვასალიას აყვანა ძალიან დიდი რისკი იყო, მაგრამ გავრისკეთ და მოვიგეთ. ჩვენ მოდაში თამაში 2015 წელს შევცვალეთ, როცა დემნა ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელად დავნიშნეთ.“ – სედრიქ შარბი. 

2016 წლის გაზაფხულზე ბალენსიაგაში დემნას დებიუტი შედგა. ჩვენება კრისტობალ ბალენსიაგას 1950-იან წლებში შექმნილი ლუქის განახლებული ვერსიით გაიხსნა, რაც ბრენდის დამფუძნებლისადმი პატივისცემას მიანიშნებდა. ჩვენების მეორე და მესამე ნაწილებში დიდი ზომის ქურთუკები, ასიმეტრიული ჯინსები და ბაზრის ჩანთები ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ დემნას ბალენსიაგა ძალიან შორს იყო ისეთი სრულყოფილებისგან, როგორსაც კრისტობალის და ნიკოლას ნამუშევრებში ვხედავდით, დემნამ გვაჩვენა პატივისცემა ბრენდის დამფუძნებლის მიმართ და გამბედაობაც. ნათელი იყო, რომ ეს ბიჭი იაზრებდა სად მოხვდა, თუმცა საკმარისად თავდაჯერებული და რისკიანია, რომ არ გაჰყვეს თავისი წინამორბედის ნაბიჯებს. მის წარმატებაში გადამწყვეტი სწორედ ეს გახდა. დემნაში დაინახეს ლიდერის ხასიათი, რომელსაც შეუძლია სხვები საკუთარი ხედვის ქვეშ მოაქციოს. გვასალიას დებიუტიდან 6 თვეში, თითქმის ყველას პოდიუმზე ბალენსიაგას სილუეტებს ვხედავდით. 2016 წელს ამერიკის მოდის საბჭომ დემნა წლის საერთაშორისო დიზაინერად დაასახელა. 2017 წელს იგივე სტატუსი ბრიტანეთშიც მიანიჭეს.

 

 

 

კრისტობალ ბალენსიაგა იყო ლიდერი, რთული, მაგრამ განსაკუთრებული ხასიათით. ნიკოლა ჟესქიერი არის ლიდერი არანაკლებ რთული პიროვნულობით. დემნა გვასალიაც ჩვენი თაობის ლიდერია, რომელმაც უარყო მოდის თითქმის ყველა წესი, მაგრამ შედეგად დიდ წარმატებას მიაღწია. ადვილი არ არის ვივარაუდოთ რა იქნება მომავალში, რამდენი ხანი გაგრძელდება ქართველი დიზაინერის ერა, მაგრამ ფაქტია, BALENCIAGA არ არის მოდის სახლი, სადაც ოქროს შუალედში მუშაობა საკმარისია. ბრენდს აქვს ლიდერის სული, რაც უპირატესობასთან ერთად დიდი გამოწვევაც არის. თუ დიორში ყველაზე წარუმატებელი დიზაინერის შემთხვევაშიც არაფერი აქვთ სანერვიულო, ბალენსიაგაში ყოველთვის არის საშიშროება, რომ შემოქმედებითი ლიდერის წასვლის შემდეგ ბრენდი ხანგრძლივ ძილს მიეცემა.