FENTY-ლიდერი ბრენდი

2019.06.24 14:00:53
FENTY-ლიდერი ბრენდი

პარიზში რიანას ბრენდის პრეზენტაცია შედგა.  პრეზენტაციაზე მოდის ინდუსტრიის გავლენიანი ხალხი გამოჩნდა, მათ შორის, მოდაში ყველაზე მდიდარი კაცი და LVMH-ის პრეზიდენტი- ბერნარ არნო.

რიანა მოდის ინდუსტრიაში 2010 წლიდან აქტიურად არის ჩართული, მას არაერთი კოლაბორაცია ჰქონდა ტანსაცმლის ბრენდებთან. ის იყო პუმას შემოქმედებითი ხელმძღვანელიც. თუმცა,  FENTY რიანასთვის ტანსაცმელთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.

სახელი Rihanna რიანასთვის თავის მუსიკალურ კარიერას ეკუთვნის და არ სურს ბრენდების აღრევა, ამიტომ მოდაში აირჩია გვარი – Fenty.

 რიანამ ფენტი LVMH-ის პატრონაჟით შექმნა. რიანა გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი LVMH-ში, რომელიც ბრენდს უხელმძღვანელებს,  ასევე პირველი ქალი, რომელიც LVMH-ში ბრენდს შექმნის. ფენტი  გასულ 30 წელში პირველი ახალი ბრენდია, რომელიც LVMH-ში შეიქმნა. 

ფენტი ჩვენებების და მაღაზიების გარეშე იმუშავებს. ყველაფერი ონლაინ გაიყიდება. ახალი კოლექციის ფოტოები გამოქვეყნდება და გაყიდვაშიც მალევე გამოვა, რაც ნიშნავს, რომ “See-now-buy-now” ბიზნეს მოდელით იქნება წარმოდგენილი და მყიდველი 6 თვე არ დაელოდება, როგორც მაღალი მოდის ბრენდების შემთხვევაში. რიანას ბრენდი, პირველ რიგში, გათვლილია რიანას გულშემატკივრებზე, ადამიანებზე, რომლებსაც რიანას მუსიკა და სტილი მოსწონთ.

აღსანიშნავია, რომ ლუი ვიტონის და ჟივანშის ფასების დადება ვარსკვლავის ბრენდზე წამგებიანია, რადგან რიანამ მუსიკა და სილამაზის ხაზიც უნდა გაყიდოს, მისი ფანების უმრავლესობა კი 30 წლამდეა და ყველაფერს ერთად ვერ გაწვდებიან. სწორედ ამიტომ,  LVMH-ის სხვა ბრენდებთან შედარებით  ფენტი იაფი იქნება.  მისი ღირებულება  ტანსაცმელზე და აქსესუარებზე  200-1500 დოლარამდე იქნება. 

ფენტის პირველი კოლექცია 29 მაისს დაიდო მის ოფიციალურ გვერდზე.